2 ოქრო და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან

118

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა, უნგრეთის ქალაქ სომბატჰეიში დღეს დაწყებულ ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა. ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ ივერიკო ჯულაყიძემ (65 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ავთანდილ კენჭაძემ ფინალის გზაზე ფინელი ჰენრი ალექსი სელენიუსი (13:8), თურქი ნური ტემური (7:4) და ბულგარელი ენგინ რაშიდ ისმაილი (14:1) ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი საფრანგეთის ნაკრების წევრ ზელიმხან ხაჯიევთან, შეხვედრის ბოლო წუთზე 0:2 აგებდა და საფინალო გონგამდე ათიოდ წამით ადრე შესრულებული 4-ქულიანი გდებით მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

გივი მაჭარაშვილმა ევროპირველობა უკრაინის სახელით მოჭიდავე მურაზ მჭედლიძესთან დაპირისპირებით გახსნა და 8:6 მოიგო. შემდეგ მეტოქეებს: რუმინალ ვასილე ვლად კარასსა (10:4) და თურქ იუნუშ ემრე დედეს (14:4) გაცილებით ადვილად სძლია. ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ გიორგი გოგაევს დაეჭიდა და საოცრად დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლის ბოლო წუთზე მოწინააღმდეგე ბეჭებზე გააკრა.

ივერიკო ჯულაყიძემ (65 კგ) ძირითად ბადეში სამი შეხვედრა ჩაატარა. ებრაელი ემრაჩ გასანოვისა (10:0) და მოლდოველი მაქსიმ საკულტანის (7:4) ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში თურქ ჰაიდარ იავუზთან დამარცხდა (1:13) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც საფრანგეთის ნაკრების წევრ ილმან მუხტაროვს აჯობა.

დღესვე, საქართველოს სახელით ევროხალიჩაზე 57 კილოგრამში მოჭიდავე რამაზ თურმანიძეც გავიდა, მაგრამ მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, აზერბაიჯანელ ფარვიზ იბრაჰიმოვთან წაგებით (7:17). ამ შეხვედრამდე საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა პოლონელი დავიდ პიოტრ რომანოვიჩის ძლევა (7:1) მოასწრო.

ხვალ, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მედლების დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საპრიზო სამეულები 61, 70, 86 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსება. საქართველოს სახელით კი ევროკონკურენციაში ჩაებმებიან: შოთა ფარტენაძე (61 კგ), მირზა სხულუხია (70 კგ), ირაკლი მწითური (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ).