ალტრადი ქართული რაგბის განვითარებისთვის

324

‘მონპელიეს’ მფლობელმა და პრეზიდენტმა მოედ ალტრადმა საქართველოს რაგბის კავშირთან და რაგბის კლუბ ქუთაისის ‘აიასთან’ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ერთი წლის წინ გააფორმა, ახლა კი, მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ალტრადი კომპანია ‘ალტრად ჯგუფის’ მფლობელია და მისი კომპანიის წლიური ბრუნვა დაახლოებით 2 მილიარდ ევროს შეადგენს. ის რაგბის დიდი ქომაგი და ტოპ 14-ის ‘მონპელიეს’ მესაკუთრეა, რომელიც ბოლო წლებში რეგულარულად თამაშობს საჩემპიონო პლეი ოფში.

‘მონპელიეს’ შემადგენლობაში ბორჯღალოსნები მიხეილ ნარიაშვილი, დუდუ ქუბრიაშვილი და კოტე მიქაუტაძე, ასევე გაგი ბაზაძე თამაშობენ; ახლო წარსულში ამ გუნდის ღირსებას იცავდნენ მამუკა გორგოძე, შალვა მამუკაშვილი, ლაშა ლომიძე, გიორგი ჩხაიძე და გიორგი ჟღენტი; ესპუარებში ირიცხებიან გიორგი გოგოლაძე, უშანგი ჭეიშვილი და ლუკა აზარაშვილი. ამ ბიჭებმა ალტრადს საქართველოზე კარგი შთაბეჭდილება შეუქმნეს, თუმცა ჯერ მემორანდუმის და ახლა უკვე ხელშეკრულების გაფორმება დიდწილად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და კომპანია EY-ს (ey.com) ქართული წარმომადგენლობის დამსახურებაა. EY ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საკონსულტაციო მომსახურებების დარგში. 150 ქვეყანაში EY-ს 700-ზე მეტ ოფისში 230,000 ადამიანზე მეტი მუშაობს და მისი წლიური ბრუნვა 30 მილიარდ აშშ. დოლარს უახლოვდება.

ბედუინის წარმატების დაუჯერებელი ისტორია

მოედ ალტრადი EY-ს მსოფლიო წლის მეწარმის 2015 წლის კონკურსის გამარჯვებულია. 2015 წელს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და EY საქართველოს ძალისხმევით მსოფლიო წლის მეწარმის კონკურსში საქართველოც ჩაერთო და სწორედ მონაკოში მოხდა პირველი შეხვედრა მოედ ალტრადსა და საქართველოს დელეგაციას შორის. ალტრადთან და მის კომპანიასთან გადადგმული პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვება რუსლან ხოროშვილი, EY საქართველოს მმართველი პარტნიორი:

„ალტრად ჯგუფის ბიზნესის ძირითადი მიმართულებებია სამშენებლო ხარაჩოების წარმოება და მომსახურება, ხელის ბეტონსარევების და სამშენებლო ურიკების წარმოება. როდესაც გამოცხადდა გამარჯვებულის ვინაობა დარბაზში შეიმჩნეოდა გაკვირვება, რადგან ეს ბიზნესი არ წარმოადგენს იმ სფეროს, სადაც მოსალოდნელია მსოფლიო წლის მეწარმის საქმიანობა ოცდამეერთე საუკუნეში. თუმცა მისი სამადლობელო სიტყვის დასრულების შემდეგ, არავის გასჩენია ეჭვი ჟიურის გადაწყვეტილებაში. მოედ ალტრადის ცხოვრების ისტორია ფენომენალურია, როგორ შეიძლება სირიის უდაბნოში დაბადებული ობოლი ბედუინი, მიბარებული ბებიას, რომელსაც სწავლა უსაქმურობის ტოლფასად მიაჩნია და აიძულებს მას მეცხვარე გამოვიდეს, საკუთარი მიზანმიმართულობის და ბედთან შეუგუებლობის მეშვეობით გახდეს საფრანგეთის წამყვანი ბიზნესმენი და ღირსების ლეგიონის ორდენოსანი. ამ ისტორიას რომ ყვებოდა, გადავწყვიტე მეცადა მისი საქართველოში ჩამოყვანა. ქართველებს გვახასიათებს ზედმეტი პესიმიზმი და ადვილად იმედგაცრუება, ამიტომ ვიფიქრე, რომ მოედ ალტრადის ისტორიის გაცნობა საქართველოსთვის სასარგებლო იქნებოდა. ამ მიზნით ქართულად ვთარგმნეთ და გამოვეცით მისი ბიოგრაფიული წიგნი (ISBN : 9789941085222). მიუხედავად იმისა, რომ მოედი ძალიან დაკავებული პიროვნებაა, დაგვთანხმდა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით შევძელით 2016 წლის მარტში ის საქართველოში გვწვეოდა“

“ჩამოსვლამდე ალტრადს გაუჩნდა კითხვა – რით შეიძლებოდა დახმარებოდა საქართველოს. რადგან ის ‘მონპელიეს’ მფლობელი და პრეზიდენტია, მე კი რაგბის გულშემატკივარი, ვიფიქრე კარგი იქნებოდა თუ რაგბში დაგვეხმარებოდა. ეს იდეა საქართველოს რაგბის კავშირმაც მოიწონა და ალტრადმაც. მოვამზადეთ მემორანდუმი, რომელიც შარშან მოედის სტუმრობისას გაფორმდა. მას ხელი ალტრადმა, საქართველოს რაგბის კავშირმა და ქუთაისის ‘აიამ’ მოაწერეს. მემორანდუმი ზოგადი ხასიათის იყო, ის ადასტურებდა მხარეების სურვილს ითანამშრომლონ და მიზნად ისახავდა ღონისძიებების გატარებას თანამშრომლობის ზუსტ პირობებზე ჩამოსაყალიბებლად.”

“ალტრადთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მთავრობის ჩართულობამ მისი მოწვევისა და სქართველოში მასპინძლობისას. განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ქალბატონ ქეთევან ბოჭორიშვილს ეკუთვნის, რომელმაც მნიშვნელოვანი დრო დაუთმო მოედ ალტრადის მასპინძლობას. ის იუსტიციის სახლშიც იმყოფებოდა, სადაც სამახსოვროდ, სუვენირის სახით, ქართული პასპორტიც მიიღო საჩუქრად. მნიშვნელოვანი იყოს შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო უცხოელ ინვესტორებს და რაგბის განვითარებას.“

მემორანდუმიდან ხელშეკრულებამდე

ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რაგბის კავშირი, რაგბის კლუბი ‘აია’, EY საქართველო და ‘ალტრად ჯგუფი’ აქტიურად თანამშრომლობდნენ და მემორანდუმი ხელშეკრულებამ შეცვალა, სადაც დეტალები ზუსტადაა გაწერილი.

“ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდით ‘ალტრად გრუპთან’, რათა კონკრეტული ქმედებები განგვეხორციელებინა. შარშან შემოდგომაზე ქუთაისში ჩამოსული იყო დელეგაცია. მათ მოინახულეს ‘აიას’ ბაზა, გაეცნენ მის საჭიროებებს და დავიწყეთ მუშაობა ხელშეკრულების შინაარსზე, რომელსაც ამა წლის მარტში მონპელიეში ხელი მოეწერა” – ამბობს ხოროშვილი.

ხელშეკრულების ფარგლებში ‘ალტრად ჯგუფი’ ხდება საქართველოს რაგბის კავშირის და ‘აიას’ სპონსორი, ხოლო ‘მონპელიე’ და ქუთაისის ‘აია’ დამეგობრებული კლუბები. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოხდება დასავლეთ საქართველოს აკადემიაში მომუშავე მწვრთნელების გადამზადება, ვიდეო-ანალიზის პროგრამების მოწოდება და სხვა სახის ტექნიკური მხარდაჭერა. ‘აია’ და საქართველოს რაგბის ფედერაცია ‘ალტრად ჯგუფიდან’ გარკვეული სახის ფინანსურ დახმარებასაც მიიღებს.

‘აიას’ პრეზიდენტი გიორგი გორგასლიძე ამბობს, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებით მისი დიდი ხნის ნატვრა ახდა:

“აიაში მისვლის დღიდან მქონდა სურვილი, რომ რომელიმე ძლიერ ევროპულ კლუბთან მსგავსი კავშირი დაგვემყარებინა და მათგან ისეთი რამ გვესწავლა, რაც ჩვენ არ ვიცოდით – კლუბური ცხოვრება, მენეჯმენტი, ასევე სპორტული მხარე. გვქონდა ‘ტულუზასთან’ დამეგობრების მცდელობა, მაგრამ გი ნოვესი საფრანგეთის ნაკრებში წავიდა და მოლაპარაკება არ შედგა. მერე იყო ‘მონპელიეს’ ვარიანტი, რომელთანაც შარშან მემორანდუმი გავაფორმეთ და წელს ის ხელშეკრულებამ შეცვალა.

“მონპელიეში მე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და რუსლან ხოროშვილი გავემგზავრეთ, რომლის დახმარებითაც ეს ურთიერთობა დამყარდა. ალტრადმა საუცხოო მასპინძლობა გაგვიწია. ცუდი ის იყო, რომ ‘რასინგის’ მოთამაშეების გაფიცვის გამო ‘მონპელიესა’ და ‘რასინგს’ შორის გასამართი მატჩი ჩაიშალა, სადაც ჩვენ ალტრადის სტუმრებად ვიყავით მიწვეული და მოლაპარაკებებიც იქ უნდა გამართულიყო. შეხვედრა მეორე დღეს არაფორმალურ გარემოში შედგა და როდესაც ალტრადს ვკითხეთ, რატომ სურდა ჩვენთან ურთიერთობა, რას ითხოვდა ის სანაცვლოდ, ერთადერთი პასუხი მივიღეთ – მე მინდა რომ თქვენ განვითარდეთ”

“აია 1 წლის განმავლობაში სპონსორის სახით ‘ალტრადის’ ლოგოს დაიტანს კვართებზე, სანაცვლოდ კი ‘ალტრად ჯგუფისგან’ ფინანსურ და სხვა სახის ტექნიკურ დახმარებას მიიღებს.

“საუბარია ვიდეო ანალიზის პროგრამის შეძენაზე, რომლის სპეციალისტებს ‘მონპელიე’ თავად მოგვიმზადებს, მოხდება უფროსი ასაკის მორაგბეების და ბავშვთა მწვრთნელების მივლინება და გადამზადება ‘მონპელიეში’, ზაფხულში ‘მონპელიეს’ აკადემია შეკრებას გაივლის ‘აიას’ ბაზაზე და მასში ჩართული იქნებიან ქართველი მწვრთნელები, ჩატარდება შეკრება რაგბის აკადემიის დასავლეთ საქართველოს ფილიალის ახალგაზრდებისთვის, ჩატარდება სხვადასხვა სახის სემინარები და ა.შ.

საერთაშორისო ბიზნესი ქართული რაგბის განვითარებისთვის

ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს საქართველოს რაგბის კავშირი წარმოადგენს და მის ფარგლებში ქართულმა რაგბმა პირველი სიკეთე უკვე მიიღო. 13-იდან 24 მარტამდე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები შეკრებაზე მონპელიეში იმყოფებოდა და ეს სწორედ ამ შეთანხმების ნაწილია – უმცროსი ბორჯღალოსნების მასპინძელი ‘მონპელიე’ იყო და შეკრებაზე ყოფნის ხარჯი ამ ხელშეკრულების ფარგლებში ალტრადმა დაფარა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გოჩა სვანიძეს ფინანსურზე მეტად ის ყურადღება ახარებს, რომელსაც საერთაშორისო ბიზნესი ქართული რაგბის მიმართ იჩენს:

“ქართული რაგბის მიმართ ინტერესი იზრდება და ეს ყურადღება ძალიან სასიამოვნოა. ალტრადთან პირადი საუბრისას გაირკვა, რომ მას საქართველო მოსწონს და სურს ქართულ რაგბს განვითარებაში დაეხმაროს. ის ჩვენს მიმართ დადებითაა განწყობილი და ‘ალტრად ჯგუფი’ საქართველოს რაგბის კავშირისა და ქუთაისის ‘აიას’ ერთ-ერთი სპონსორი გახდა. 18-წლამდელები მონპელიეში შეკრებაზე სწორედ მისი ხარჯით იმყოფებოდნენ და მოედი ქართული რაგბის განვითარების მიზნით სხვა დახმარებასაც დაგვპირდა.

“ხელშეკრულება გარკვეულ ფინანსურ უზრუნველყოფას მოიცავს, რაც დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში დაგვეხმარება, თუმცა ფინანსურზე მეტად მნიშვნელოვანია ის ყურადღება, რომელსაც ქართული რაგბი საერთაშორისი ბიზნესისგან იღებს. საერთაშორისო ბიზნესი ქართული რაგბის განვითარებით დაინტერესდა და იმედია ამ კარგ წამოწყებას მხარს ქართველი ბიზნესმენებიც აუბამენ.

“მონპელიეს პირველ და ესპუართა გუნდებში უკვე თამაშობენ ქართველი მორაგბეები და ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ახლა ‘მონპელიეს’ კარი კიდევ უფრო გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ კლუბის ესპუართა გუნდში ჩვენი 20-წლამდელთა ორი მორაგბე ირიცხება და ალტრადისგან მივიღეთ პირობა, რომ ნაცვლად 23 მაისისა ისინი 18 აპრილს გათავისუფლდებიან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან და მწვრთნელებს მოთამაშეები თვალთახედვის არეში დიდი ხნის განმავლობაში ეყოლებათ”

რუსლან ხოროშვილი ვარაუდობს, რომ ‘ალტრად ჯგუფსა’ და ქართულ მხარეს შორის დაწყებული თანამშრომლობა ხანგრძლივი პერიოდით გაგრძელდება და ეს სხვა წამყვანი ევროპული კლუბებისთვის მაგალითი იქნება.

“ხელშეკრულების გახანგრძლივების პერსპექტივაზე ალტრადს დამშვიდობებისას ვკითხე და მან მიპასუხა, რომ ამ ხელშეკრულებას უყურებს როგორც საშუალო და გრძელვადიან თანამშრომლობას. პირველი ნაბიჯი გადადგმულია, ამ ერთი წლის განმავლობაში მხარეები ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ, გამოიკვეთება საჭიროებები და ვფიქრობ, თანამშრომლობა გაფართოვდება და მომავალშიც გაგრძელდება”

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური