ზირაქაშვილი და ქუბრიაშვილი მორიგ ტურს გამოტოვებენ

147

საფრანგეთის მორაგბეთა ჩემპიონატი ფინიშის სწორზეა გასული და დარჩენილი მატჩების შედეგებს უაღრესად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ამდენად, მნიშვნელოვანი ისიცაა, თუ რა მდგომარეობაში ხვდებიან გუნდები პირველობის დასკვნით ნაწილს.

დავით ზირაქაშვილს მარცხენა ფეხის კოჭი აქვს ნაღრძობი და „კლერმონის“ ექიმების გადაწყვეტილებით, 33 წლის მარჯვენა ბურჯი შაბათს, ტოპ 14-ის 23-ე ტურის მატჩს გამოტოვებს. „ბრივთან“ საშინაო თამაშს „კლერმონი“ დიდი დანაკლისით ხვდება: ზირაქაშვილის გარდა ვერ ითამაშებენ გუნდის წამყვანი 8 ნომერი დამიენ შული, ასევე საუკეთესო კვაჭი ბენჟამენ კაიზერი, მეორეხაზელი სებასტიენ ვაამაინა, გარემარბი ნოა ნაკაიტასი და შერკინების ნახევარმცველი და ამასთანავე საუკეთესო ბომბარდირი კამილ ლოპესი. საფრანგეთის ნაკრების ამ მორაგბეებს ორ ქართველს – ზირაქაშვილსა და დიდი ხნის წინ ტრავმირებულ ვიტო კოლელიშვილს თუ დავუმატებთ, ნათელი ხდება, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალში ავტომატურად გასვლისთვის მებრძოლ „კლერმონს“ საკმაოდ გაუჭირდება თამაში „ბრივთან“, რომელიც ექვსეულში და, შესაბამისად, პლეი-ოფში მოხვედრისთვის იბრძვის.

უახლოეს ტურში თამაშს ვერც დავით ქუბრიაშვილი შეძლებს, რომელიც უკვე კარგა ხანია იშუშებს ტრავმას. მისი „მონპელიე“ ასევე შაბათს თამაშობს – „გრენობლს“ მასპინძლობს, და კლერმონელების არ იყოს, მონპელიელთა ლაზარეთიც გადავსებულია. დუდუს გარდა ტრავმირებულნი არიან ფრანგი ცენტრი ალექსანდრ დიუმულენი (სეზონის ბოლომდე), კიდევ ერთი ფრანგი – ფულბეკი ვენსან მარტენი, სამხრეთაფრიკელი ფლანკერი ვიან ლიბენბერგი… სამაგიეროდ, გუნდს უბრუნდება ერთ-ერთი ლიდერი, 34 წლის სამხრეთაფრიკელი ბურჯი იანი დუ პლესი, ასე რომ, „მონპელიეში“ კადრების მხრივ უფრო მშვიდობიანი სიტუაციაა, ვიდრე „კლერმონში“.