საქართველოს რკინიგზა რაგბის კლუბ “ლოკომოტივის” სპონსორია

123

4 აპრილს შევარდენის რაგბის ბაზაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სს „საქართველოს რკინიგზასა” და სარაგბო კლუბ „ლოკომოტივი 2008″-ს შორის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს რაგბის კლუბ „ლოკომოტივი 2008″-ის დამფუძნებელმა – თემურ ბენდიანიშვილმა და სს „საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ. მემორანდუმის გაფორმებას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

„რაგბი საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ძალზე მნიშვნელოვანია რომ საქართველოს რკინიგზას რაგბის და ზოგადად სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ასეთი მხარდაჭერა ნამდვილად სამაგალითოა და მისაბაძია ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის.

ვფიქრობ, საკლუბო რაგბის ხელშეწყობა დამატებითი სტიმული იქნება ჩვენი ახალგაზრდა სპორტმენებისათვის. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მივესალმები „საქართველოს რკინიგზის” ამ ინიციატივას და იმ ფაქტს, რომ კომპანიამ ქართულ სპორტში 2013 წლიდან მოყოლებული რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა.” -განაცხადა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა უკვე წლებია აქტიურად ახორციელებს საკლუბო გუნდების ფინანსურ მხარდაჭერას, რომელთა შორისაა რაგბის კლუბი „ლოკომოტივი-2008″, კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, საკალათბურთო კლუბი „სოხუმი” და ასევე წყალბურთელთა გუნდი „ლოკომოტივი”.

ჯამში, 2013-2017 წლებში სს „საქართველოს რკინიგზამ” სხვადასხვა სპორტული სახეობების დაფინანსებისათვის კომპანიის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გაიღო. სამომავლოდ, სს „საქართველოს რკინიგზა” რაგბის კლუბებისთვის და მთლიანად ქართული სპორტისთვის ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს.