დორტმუნდი VS მონაკო – პირველად…

103

“იუვენტუსი”–”ბარსელონას” ფონზე ეს შეხვედრა დაჩრდილულია, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ასევე ძალზე საინტერესოა – მით უმეტეს, რომ “დორტმუნდი” და “მონაკო” ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

“მონაკოსთვის” ბოლო 3 წელიწადში მეორე მეოთხედფინალია, “დორტმუნდი” კი ამ ეტაპზე ბოლოს 2013/14 წლების სეზონში იყო. 1/4 ფინალურ ეტაპზე სახლში ჩატარებული ბოლო 4 შეხვედრიდან “ბორუსიამ” ყველა თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ტომას ტუხელის გუნდის სტატისტიკა ფრანგების წინააღმდეგ ასეთია: 6 მოგება, 5 ფრე და ამდენივე წაგება. “მონაკომ” კი ბუნდესლიგის წარმომადგენლები 7–ჯერ დაამარცხა, 5–ჯერ ფრედ ითამაშა და 4–ჯერ დამარცხდა.

მონეგასკებს სხვადასხვა მიზეზით სიდიბე, ბოშილია, კარილო და ბაკაიოკო დააკლდებათ. ტუხელი კი მარიო გიოტცეს, ანდრე შიურლესა და ერიკ დურმს ვერ გამოიყენებს. საეჭვოა გუნდის უდავო ლიდერ მარკო როისის ასპარეზობაც.

მატჩისწინა კომენტარები

ტომას ტუხელი (დორტმუნდის თავკაცი): “მინდა გითხრათ, რომ “ბაიერნთან” გასულ უიქ–ენდზე (1:4) განადგურების გამო ცუდ გუნებაზე ნამდვილად არ ვართ. ბიჭებს გასახდელში ვუთხარი, რომ ეს წაგება გვერდზე გადაედოთ, რადგან წინ ასეთი მნიშვნელოვანი ეტაპია. “მონაკოს” შემადგენლობიდან ბევრმა ფეხბურთელმა ჩვენში აღფრთოვანება გამოიწვია. გარდა ამისა, ფრანგებს ერთ მუშტად შეკრული და ათლეტური კოლექტივი ჰყავთ. შანსები 50/50–ზეა. მზად ვართ ამ ჩინებული შეხვედრისთვის, რათა ჩვენი სიძლიერე ვანახოთ და გავიმარჯვოთ”.

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკოს თავკაცი):
“გარკვეული საკადრო პრობლემების მიუხედავად, რადამელ ფალკაოს დაბრუნება ჩვენთვის ავტომატურად გაძლიერებას ნიშნავს. ძალზე დაძაბული შეხვედრა იქნება გუნდთან, რომელსაც უმაღლესი დონის შემსრულებლები ჰყავს და თან, ჩვენზე მეტი ევროგამოცდილება აქვთ, რაც ნამდვილად უპირატესობაა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ვანახოთ ყველას, რა შეგვიძლია, მაგრამ კონტრშეტევების დროს დაცვაც არ უნდა დავივიწყოთ”.

დორტმუნდი–მონაკო 22:45

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4–1–4–1): ბიურკი – პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ბარტრა, შმელცერი – ვაიგლი – დემბელე, კაგავა, პულიშიჩი, გერერო – ობამეიანგი.

მონაკო (4–3–3): სუბაშიჩი – ფაბინიო, რაგი, გლიკი, მენდი – მოუტინიო, ბერნარდო სილვა, ლემარი – მბაპე, ფალკაო, ჟერმეინი.

არბიტრი: დანიელე ორსატო (იტალია)