რევანშის წყურვილით…

112

კიდევ ერთი წყვილი, რომელიც “ნაადრევ ნახევარფინალთა” კატეგორიას მიეკუთვნება – “ალიანს არენაზე” მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაში მყოფი მიუნხენის “ბაიერნი” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება.

რეკორდმაისტერს მხოლოდ გამარჯვება არ სწყურია – მიუნხენელ გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ სამი წლის წინანდელი დაპირისპირება, სადაც კარლო ანჩელოტის “რეალმა” 4:0 სძლია ბავარიელებს, ახლა კი “კარლიტო” “ბაიერნს” წვრთნის და შეეცდება, მოსწავლე ზინედინ ზიდანი დაამარცხოს.

გუნდები ჯამში 23–ედ ხვდებიან ერთმანეთს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, კონკრეტულად ფლეი–ოფში კი მეთერთმეტედ დაუპირისპირდებიან. სულ “ბაიერნს” “რეალის” წინააღმდეგ 11 მოგება, 9 მარცხი და 2 ფრე აქვს.

მიუნხენელებს საკადრო პრობლემები ნამდვილად აქვთ: მუხლის გამო ვერ ითამაშებს ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი, ანალოგიური დაზიანების გამო კი საეჭვოა თომას მიულერის ასპარეზობაც. გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაში ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართ საპასუხო დუელს ჟერომ ბოატენგი გამოტოვებს. მადრიდელთა მხრიდან ანალოგიური საფრთხის წინაშე ლუკა მოდრიჩი და სერხიო რამოსი არიან, ხოლო რაც შეეხება საკადრო პრობლემებს, ცენტრალური მცველები, რაფაელ ვარანი და პეპე გამოაკლდებათ.

მატჩისწინა კომენტარები

კარლო ანჩელოტი (ბაიერნის თავკაცი): “ეს ჩემთვის განსაკუთრებული შეხვედრა იქნება. მე და ზიზუ უბრალოდ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ის ფაქტი, რომ მე “რეალს” და ზიდანს კარგად ვიცნობ, უპირატესობა ნამდვილად არაა. ჩვენ ფოკუსირებულნი მხოლოდ საკუთარ გეგმებზე ვართ – ძალიან კარგი ტონუსი გვაქვს აკრეფილი და უნდა გამოვიყენოთ”.

ზინედინ ზიდანი (რეალის თავკაცი):
“კარლოს კარგად ვიცნობ და პირიქით. გარდა ამისა, ვართ ძალიან კარგი მეგობრები, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ ორი გიგანტი გამოვა და არა ზიდანი ანჩელოტის პირისპირ. ჩემი აზრით, 2014 წლის გუნდზე უკეთესი ფორმაცია ვართ, მაგრამ გაუმჯობესება გვჭირდება. ის, რაც 3 წლის წინ მოხდა, ბრწყინვალე იყო, მაგრამ ახლა ორ განსხვავებულ გუნდს შორის სულ სხვა შეხვედრა იქნება”.

ბაიერნი–რეალი 22:45

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4–3–3): ნოიერი – ლამი, ხავი მარტინესი, ბოატენგი, ალაბა – ვიდალი, ალონსო, ტიაგო – რობენი, რიბერი, ლევანდოვსკი.

რეალი (4–3–3): ნავასი – კარვახალი, რამოსი, ნაჩო, მარსელო – კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი – ბეილი, ბენზემა, რონალდუ.

არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)