მოვუწოდებ ექვსი ერის წარმომადგენლებს, სხვა ქვეყნებსაც მისცენ შანსი

58

მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტის, აგუსტინ პიჩოტის სურვილია, რომ საქართველოს და მეორე დონის სხვა სარაგბო ქვეყნებს ექვს ერში თამაშის შანსი მიეცეთ.

არგენტინის ნაკრების ყოფილი ლეგენდარული კაპიტანი ამ ინტერვიუს მეშვეობით გადაწყვეტილების მიმღებებს მოუწოდებს, რომ ექვსი ერის კარი გახსნან და ამით თამაშის ზრდაში საკუთარი წვლილი შეიტანონ:

“დარწმუნებული ვარ, ჩემი სიტყვები ბევრი ადამიანის გაღიზიანებას გამოიწვევს, თუმცა მოვუწოდებ ექვსი ერის წარმომადგენლებს, სხვა ქვეყნებსაც მისცენ შანსი. ახლა მეორე დონის ქვეყნების განვითარებისთვის ბევრად უკეთესი საშუალება გვაქვს, მაგრამ ეს საკმარისი არაა. კარგი იქნება, ექვს ერში ასვლა-ჩასვლის პლეი-ოფი თუ დაინერგება. თუ არსებულ სტატუს კვოს არ დავარღვევთ, რაგბი ერთ ადგილზე გაიყინება და დარჩება „ანგლოსაქსურ“ სპორტად.

“ვურჩევ ჯონ ფიენს, ეწვიოს საქართველოს, მაგრამ არა მოვალეობის მოხდის მიზნით, რა თქმა უნდა. მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონყიც, რასაკვირველია, ამას მხარს დაუჭერს. შესაძლოა, სამი წლის შემდეგ ამ თანამდებობას აღარ ვიკავებდე, მაგრამ ექვსი ერის გაფართოებისთვის ბრძოლას გავაგრძელებ”.

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მსოფლიიო თასს მიღმა საქართველომ მხოლოდ სამჯერ ითამაშა პირველი დონის გუნდის წინააღმდეგ: არგენტინასთან (2013), ირლანდიასთან (2014) და შოტლანდიასთან (2016). ფაქტია, რომ ექვსი ერი მსოფლიო რაგბისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ეს პიჩოტს რთულ სიტუაციაში აყენებს, რადგან ის მსოფლიო თასსა და ექვსი ერის მიღმა თამაშის განვითარებისთვის იბრძვის.

“არ ვიცი, როგორ შექმნეს საკუთარი სივრცე მსოფლიო რაგბს მიღმა… მაგრამ აუცილებელია ერთობლივი მუშაობა, რათა თამაშის გლობალურობაზე ვიზრუნოთ. მსოფლიოში მხოლოდ 10 ქვეყანა როდია – ექვსი ერი და რაგბი ჩემპიონშიპი. ეს არასწორია. რაგბისთვის კარგი იქნება, თუ საქართველოს მსგავს ქვეყნებს ექნებათ შანსი. მსოფლიო რაგბი მათ მუდამ დაუჭერს მხარს. ექვსი ერი ძალიან კონსერვატიული ორგანიზაციაა და საქართველოს სიტუაცია ძალიან წააგავს არგენტინის უწინდელ მდგომარეობას. ერებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ თამაშის გაზრდა გვევალება“, – ამბობს პიჩოტი.