გიორგი მეგრელიშვილი: “ჯანსაღი თაობა გვჭირდება”!

103

გიორგი მეგრელიშვილი ცნობილი მსახიობი და ამავე დროს რეჟისორია. გარდა ამისა, აქტიურადაა დაკავებული სპორტით, კერძოდ ფიტნესით და მუდამ ინარჩუნებს სპორტულ ფორმას. ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესს და ყველას, დაწყებული ბავშვებიდან, დამთავრებული უფროსებით, მოუწოდებს ამისკენ.

ჩვენ მას დავუკავშირდით და საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ…

– როგორ დაიწყო შენი სპორტისადმი სიყვარული? ბავშვობაში რომელიმე სახეობაზე თუ დადიოდი?

– ბავშვობაში 5–6 წლისას ფეხბურთის თამაში დავიწყე და 14 წლამდე ვთამაშობდი. დიდი ფეხბურთი არ მითამაშია, მაგრამ ალბათ, ახლოს ვიყავი – “ბრუციანი სიგარეტები” რომ არ მომეწია; ცოტა სხვა დრო ყოფილიყო და უფრო მეტი ჭკუა რომ მქონოდა, სავარაუდოდ, ვითამაშებდი დიდ ფეხბურთს. სადღაც 25 წლისამ დავანებე სიგარეტს თავი, დავიწყე ვარჯიში და დღემდე ვვარჯიშობ – იგი ჩემი ცხოვრების ნაწილია. ვარჯიშის მანიაკი ვარ და მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, თუმცა ნამდვილად ძვირი სიამოვნებაა – სწორი კვება, დანამატები და ა.შ. ძალზე შრომატევადი ამბავია და თან, უდიდეს ნებისყოფას მოითხოვს.

 

– როგორ ფიქრობ, ის ფასები, რაც საქართველოში სპორტულ დარბაზებს ადევთ, სწორია?

– რასაკვირველია, ასე არ უნდა იყოს. ბოლოს საფრანგეთში “ექვთიმეს” გადაღებებზე ყოფნისას გაოცებული დავრჩი, რადგან ჩემი სასტუმროს გვერდით ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დარბაზი იყო, მაგრამ შევაღე სადარბაზოს კარი და ჩემ წინ უზარმაზარი ტერიტორია გაიშალა. ზოგადადაც, დახვეწილი, ლამაზი და ეფექტური დარბაზები აქვთ, მაგრამ გაცილებით იაფი. ისე, მარტო დარბაზიც არაა – არის კატეგორია მოვარჯიშეებისა, რომელთაც გარკვეული დონის სხეული სახლის პირობებში ვარჯიშით აქვთ დაყენებული. ჯვარი წერია ყველას და, ხალხი “ოთხ კედელში” ვარჯიშობს და ჯანმრთელია – გააჩნია, შენი გონება რისთვის არის მომზადებული. ჩვენთან საშინელი ფასებია. მაგალითად, ამერიკასა და რუსეთში საკმაოდ მისაღებ ფასში შეგიძლია ერთწლიანი აბონემენტი შეიძინო. შეიძლება, ადამიანს მაღალი ხელფასი გქონდეს და იმ თანხის გადახდა შენთვის არაფერი იყოს, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ძვირია.

– შენი აზრით, დარბაზის ფასში დანამატებიც უნდა შედიოდეს?

– იდეალური იქნებოდა, მაგრამ ამას თავად მწვრთნელი უნდა გირჩევდეს გამომდინარე იქედან, თუ რა სჭირდება იმ კონკრეტულ ეტაპზე შენ სხეულს, თუმცა ძალიან რთულია, რადგან დღეში 200 კაცს უნდა “მოემსახუროს” და ისიც ადამიანია. ამ ყველაფერს ცალკე ადამიანი სჭირდება, რომელიც ზის და თეორიულად გიხსნის, რა როგორ უნდა მიიღო. სიმართლე გითხრათ, პირადად მე წელიწადში სამჯერ ან ოთხჯერ ვეტანები, რადგან მაინც ნატურალურ ვარჯიშს ვანიჭებ უპირატესობას.

– შენი ხედვით, რა სიტუაციაა დღეს ვარჯიშის მხრივ საქართველოში და პატარა თაობა რამდენადაა მიდრეკილი სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ?

– ზოგადად, თუნდაც ვიზუალურად საკმაოდ კარგი თაობა მოდის როგორც ბიჭებში, ისე გოგოებში. ჩვენც, მშობლებმა იმდენად სწორი გზა და მაგალითი ვანახეთ, რომ უფრო მაინც ჯანსაღი ცხოვრებისკენ მიდიან. არ შეიძლება, წელში მოხრილი, გადაფსკვანსული და გადაგრეხილი უფრო მაგარი “როჟა” იყოს, ვიდრე ჯანმრთელი, სპორტული და განათლებული. იმ გადაგრეხილსაც ეს უფრო მოსწონს – ჯანმრთელი, გახსნილი, პერსპექტიული. ამ შემთხვევაში ბევრად დადებითი აურა ტრიალებს შენ თავს. მოწევა, დალევა, ნარკოტიკი – აი, ამ ყველაფერს რომ მოვუკლოთ, მართლა ძალიან მაგარი ერი ვიქნებით. ფინანსურად გაჭირვებული, მაგრამ სამაგიეროდ, უფრო მაგარი ერი და უფრო გონებახსნილნი.

– შენი შვილი სანდრო მეგრელიშვილი წყალბურთელია. გარდა სპორტის ამ სახეობის სპეციალური ვარჯიშებისა, თუ აძლევ სხვადასხვა სახის რჩევას?

– თუკი ჰიტლერს თავის დროზე თავისი საწამებელი ბაზა ჰქონდა ოსვენციმში, ასე მყავს სანდროც (იღიმის). გარდა იმისა, რომ წყალბურთშიც სათანადოდ იტვირთება, დამატებით მეც ვეხმარები, რომ აზიდვები გააკეთოს, ჟგუტი გამოიყენოს და ა.შ. რასაკვირველია, დასვენება საჭიროა, თუმცა სხეულს დამატებითი დატვირთვა არა აწყენს, არამედ უფრო წაადგება. ზოგადადაც, ისეა, რომ როცა ერთი და იმავეს აკეთებ, სხეული წინსვლას ვეღარ გრძნობს. როგორც კი ახალს შეამატებ, უმალ ეტყობა პროგრესი. ზოგჯერ სიზარმაცეზეც კამათი გვაქვს ხოლმე, მაგრამ რაც ყველაზე სასიხარულოა, ამ ყველაფერში მომყვება და იმედია, ასე გაგრძელდება. გარდა ამისა, შენს გარშემო არსებული ადამიანების წრესაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება, წყალბურთში ციდან ვარსკვლავები ვერ მოწყვიტოს, მაგრამ რაც მთავარია, ჯანმრთელი და სპორტული გაიზრდება.

– ვინ არის შენთვის მთავარი მოტივატორი?

– პირველ რიგში, ჩემი თავი. შიგნით პატარა ძრავა ავამოქმედე, რომელიც მეუბნებოდა, რომ უმოქმედობა კლავს! არ შეიძლება თუნდა ლუარსაბ თათქარიძესავით იცხოვრო – ეს ნაწარმოები ტყუილად არ დაწერილა. თავად ილია ჭავჭავაძეც ამბობს, რომ ვარჯიში არამარტო გონებას, არამედ სხეულსაც სჭირდება. კომპლექსურად ორივეს სათანადოდ ვარჯიში შენ გარშემო სულ სხვაგვარ აურას ჰქმნის და თავადვე ბევრ რამეში გეხმარება. თუ ეს ვინმეს არ ესმის, მხოლოდ მათი პრობლემაა. ის ხალხი კი, ვინც ამას ვაკეთებთ, კონკრეტულად ვიცით რატომ, როდის, რისთვის. კარგი გაგებით ვამბობ: 10–დან თუნდაც 4 გოგოს მაინც შენი ვიზუალი რომ მოეწონოს, უკვე შენი წარმატებაა. უკვე ფაქტია, რომ ლუარსაბივით არ ცხოვრობ და ცდილობ, შენ ცხოვრებაში სიახლეები და თავგადასვლები იყოს და არ ფიქრობ მხოლოდ ჭამა–სმაზე და სადღეგრძელოზე. რასაკვირველია, არ ვარ ომის მომხრე, მაგრამ ჩვენი წინაპრები სწორედ ბრძოლებში მუდმივი მონაწილეობის გამო იყვნენ ტანწერწეტა და მებრძოლი სულის მატარებლები. დღევანდელი სოციალური მდგომარეობის გამო ზოგი ამბობს კიდეც: “აუ, საქმე არ მაქვს და რა გავაკეთო”?! რა და უნდა წაიკითხო, ივარჯიშო, გაიარო და ყველა მხრივ განვითარდე, თუმცა აქაც ნებისყოფის არსებობის აუცილებლობასთან მივდივართ. საზღვარგარეთ რომ შეხედო ბევრ წარმატებულ ადამიანს, შეიძლება, ციფრებით “დააბერო”, მაგრამ რომ შეხედო, რეალურად არ ჰგავს იმ ასაკს, რადგან თავს უვლიან. ვიღაც იტყვის, საშუალება აქვს და მაგიტომო, მაგრამ ამისათვის რამდენი რამ გაიღო, ამას ბევრი არ უკვირდება. ამ ბოლო დროს უმოქმედო ტიპები მაღიზიანებენ, რომლებიც ნიჰილიზმში არიან გავარდნილნი.

 

– ოდესმე თუ გქონია მომენტი, როცა ვარჯიშზე გული აგცრუებია?

– არა. მე უფრო მქონდა პერიოდი, როცა მართლა უნდა დაისვენოს ორგანიზმმა (იღიმის). ეს უკვე ზედმეტი იყო. პირობითად, ვერც 120კგ–ს წევ, 80–ის აწევასაც აზრი ეკარგება, რადგან უბრალოდ დასვენებაა საჭირო, მაგრამ ვიღაცამ რომ მითხრას, მოდი, 1 თვე დაისვენე და კუს ტბასაც 5–6 წრე არ დაარტყა, ეს ჩემთვის ნამდვილად დიდი შოკი იქნება. როცა უშუალოდ რომელიმე ფილმში ვმონაწილეობ ან მე ვიღებ, მაშინაც ვცდილობ, რომ მუდამ ფორმაში ვიყო და ყველაზე მეტად მაგ დროს ვისვენებ. საკუთარ მესთან შინაგანი მონოლოგი მაქვს და ასე უფრო ნაყოფიერი ხდება ჩემი განტვირთვა, ვიდრე უმოქმედობა. რომაელებს აქვთ ნათქვამი: “ადამიანი ყველაზე კარგად ძუნძულის დროს ფიქრობს”.

– კვლავ დანამატებს რაც შეეხება… შენი აზრით, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს სპორტსმენმა მიღება?

– მაინც ვფიქრობ, რომ 25 წლის მერე, რადგან მანამდე ორგანიზმი თავისით იზრდება და ყველაფრის თავად გაკეთება შეუძლია.

– სტეროიდებზე რა აზრის ხარ?

– ყოველთვის მქონდა გასინჯვის სურვილი და ვიცი, რომ ძალიან მაგარი შედეგი აქვს, თუმცა ამავე დროს, აქვს უკუჩვენებაც. დარწმუნებული ვარ, არსებობს მეთოდი, თუ როგორ არ უნდა გვქონდეს უკუჩვენება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. მაგალითად, პროფესიონალი სპორტსმენები წლების მანძილზე იღებენ ანაბოლურ სტეროიდებს, მაგრამ უკუჩვენებების გარეშე და როგორ? ამ შემთხვევაში მწვრთნელზე მეტად ექიმი უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენთან კი მწვრთნელისა და ექიმის მოვალეობები ერევათ.

– არსებობს პროფესიონალი სპორტსმენი, რომელიც ანაბოლურ სტეროიდებს იღებს და არსებობს უბრალოდ ადამიანი, რომელსაც სურს ჯანსაღი, სპორტული ფორმა. შენი აზრით, აი, ამ უბრალო ადამიანმა უნდა მიიღოს თუ არა დანამატები, თუკი მას მაღალი სპორტული მიზნები არ აქვს?

– ჩემი აზრით, ჩემნაირმა ადამიანმა არ უნდა მიიღოს, მაგრამ თუ ადამიანს აქვს მაღალი სპორტული ამბიციები და დღე–დღეზე შეჯიბრზე გადის, მან უნდა მოიხმაროს.

– შენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია: ძალა, გამძლეობა თუ თვალისთვის უბრალოდ სასიამოვნო სხეული?

– პირველ რიგში, ჯანმრთელობა და გამძლეობა. მე პირადად ტემპით, Cross Fit–ის სტილში ვარჯიში უფრო მიზიდავს. ვყოფილვარ დარბაზში 2 საათით და ნაყოფიერადაც მივარჯიშია, მაგრამ Cross Fit–ის 20 წუთი კიდევ უფრო სასიამოვნოდ დამღლელია.

– ეპოქალური კითხვა: შენი აზრით, კარიერის პიკში რომ შეხვედროდნენ, რომელი მოუგებდა – მუჰამედ ალი თუ მაიკ ტაისონი?

– ცეკვაში ალი (იღიმის). ზოგადად, ორივე გენიალური მოკრივე იყო და ძნელია ამის თქმა. მიუხედავად “ხულიგნობისა”, მე მაინც ტაისონი უფრო მიზიდავს, რადგან უფრო სწრაფი და დინამიური იყო.

– საუკეთესო სხეული, რაც ოდესმე გინახავს…

– ძალიან მომწონს გრეგ პლიტი, რომელიც უეცრად, ტრაგიკულად გარდაიცვალა. გარდა ფიტნეს–მოდელობისა, ჯარისკაციც იყო. ვფიქრობ, რომ ყველა მხრივ იდეალური სხეული ჰქონდა. ასევე მომწონს ჰიუ ჯეკმანის, სკოტ ედკინსის, ჯეისონ სტეტჰემის სხეულებიც. რაც შეეხებათ ბოდიბილდერებს… ორი აზრი არაა, რომ არნოლდ შვარცნეგერს განუმეორებელი ტანი ჰქონდა, მაგრამ რომ დააკვირდე მის თაობას და ახლანდელს, ადრე აქცენტი უფრო დიდ წონებზე იყო, ახლა მეტ გამეორებაზე. მით უმეტეს, რომ იმათ დროს სტეროიდები და ამდენი დანამატი არ იყო, თუმცა მაინც დიდ ენერგიაზე იყვნენ.

– საყვარელი სპორტის სახეობები…

– ფეხბურთი იყო, არის და იქნება ნომერ პირველი სახეობა! გარდა ამისა, კარგი კალათბურთიც მომწონს. სანდროს ხელში წყალბურთიც შემიყვარდა და მგონია, რომ ფიზიკურად დაღლის მხრივ ერთ–ერთი ყველაზე რთული სპორტია. ჩემთვის 1 წუთი უბრალოდ ცურვაც დამღლელია და წარმოიდგინეთ, 8 წუთის განმავლობაში აქეთ–იქეთ ბურთიანად გაცურვა, დარტყმა, პასი, ჩაჭრა და ჭიდაობა გიწევს. საბრძოლო სახეობებიდან საყურებლად კრივი მიყვარს, რომელიც კლასიკაა. კარგი კრივის ყურებას ვადარებ როკ–მუსიკის მოსმენას, როცა ჩართავ და სხვა პლანეტაზე აღმოჩნდები. სნუკერი მიყვარდა ადრე – მწვანე ფონზე მიგორებული ბურთი ძალიან გაწყნარებს.

– შენი გემოვნებით, ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი…

– დიეგო არმანდო მარადონა! ვფიქრობ, რომ ასეთი მაგარი ფეხბურთელი და მსახიობი არ მინახავს. მისი ყოველი თამაში ერთი დიდი სპექტაკლი იყო.

– კიდევ ერთი აქტუალური კითხვა: მესი თუ რონალდუ?

– მესი. რონალდუ უდავოდ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მშვენიერი სხეული აქვს და ყოველთვის ულამაზესი მანდილოსნები უმშვენებენ გვერდს, მაგრამ ჩემთვის მაინც მაწაკია (იცინის). ელემენტარულად მისი მხრიდან არ მახსოვს მოედანზე დაგდებული ფეხბურთელის წამოყენება. არც მისი გოლის აღნიშვნა მომწონს, რომელიც მაგალითად, გუშინ გააკეთა და ეს მარსელოც მაკაკასავით აჰყვა (იცინის). ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ თითქოს, სტადიონზე მაღალი ტიპია და ყველას ზემოდან უყურებს. თავის მხრივ, მესის მსგავსი თავდაჯერება და ქარიზმა აკლია. იყვნენ ქარიზმატული და უხეში ფეხბურთელები როი კინისა და შტეფან ეფენბერგის სახით, თუმცა ამ ყველაფრის შერწყმით ისეთ რამეს იზამდნენ, რომ იტყოდი, ნამდვილად ვაჟკაცი ფეხბურთელები არიანო, მაგრამ ეს სუფთა მაწაკია (იცინის). პოლ გასქოინი როგორი უხეში მოთამაშე იყო, მაგრამ ჰქონდა ის თვისებები, რომლის წყალობითაც ბევრს ისწავლიდი, მაგრამ საინტერესო რა არის, იცით? აქ რომ იყო ჩამოსული, არ დაეტყო, რომ ასეთი ქედმაღალია – შედარებით ღირსეული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მომწონს, ეს მსოფლიოში ბევრ ადამიანს იზიდავს, ამ საქციელით რონალდუ გიწვევს და მისი ერთ–ერთი ხიბლიც სწორედ ამაშია, თორემ გოლის ალღო რომ აქვს საოცარი და საჭირო დროს შეუძლია გოლების გატანა, “ბაიერნთანაც” დაგვიმტკიცა.

– შენთვის ყველა დროის საუკეთესო გუნდი, რაც გინახავს…

– ბუფონი – კაფუ, ბარეზი, მალდინი, კარლოსი – ყიფიანი, ზიდანი, ელკიაერი – მარადონა, მესი, ქინქლაძე. მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი. მე თავად “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “მილანის” გულშემატკივარი ვარ – ორი განსხვავებული ფსიქოლოგიის მატარებელი გუნდი, მაგრამ როცა ორივე ზენიტში იყო, ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებდნენ. ვთვლი, რომ “ყიფო” და “ზიზუ” ძალიან მაგრად გაუგებდნენ ერთმანეთს. პრებენ ელკიაერი ბევრს ეუცნაურება, მაგრამ რატომღაც ძალიან მომწონდა ეს ფეხბურთელი. წინ კი საოცარი ტრიოა – სამივე ცაცია და თან, ერთი ქართველი. დრიბლინგისას მარცხენა ფეხი ყოველთვის უფრო ეფექტურია და მით უმეტეს მაშინ, როცა მარჯვენასაც კარგად იყენებ. ბოლო პერიოდში მესიმაც დაიწყო მარჯვენათი ხშირად გატანა, რაც ძალიან მომწონს.

– ყველაზე ლამაზად მოთამაშე ქართველი…

– ჩემი ღრმა რწმენით, ქინქლაძე ყველაზე ესთეტიურ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა. ისე, ვთვლი, რომ თემურ ქეცბაიაზე შრომისმოყვარე და მებრძოლი ფეხბურთელი მხოლოდ თენგიზ სულაქველიძე იყო. ასევე ძალიან კარგები იყვნენ ძმები არველაძეები, კახი კალაძე, ლევან კობიაშვილი.

– და ბოლოს: რას ურჩევდით დამწყებ სპორტსმენებს?

– პირველ რიგში, ჯანმრთელობას, გამძლეობას, ნებისყოფას, დიდ შრომას და ცოტა იღბალს – სწორედ ასე მიიღწევა წარმატება. გარდა ამისა, მოუფრთხილდნენ საკუთარ თავებს და ეცადონ, არ მიიღონ ტრავმები. შარშან ზუსტად ამ პერიოდში სერიალ “ჰეროკრატიას” გადაღებების პერიოდში ფეხბურთის თამაშისას დავიზიანე ფეხი და კიდევ კარგი, რომ სასამართლო სცენებში მხოლოდ ჯდომა მიწევდა. ცოტ–ცოტა აი, ამ ყველაფრის შერწყმა წარმატებისკენ გასასვლელ გზას ამარტივებს.

24 აპრილს გიორგი მეგრელიშვილის მიერ გადაღებული შექსპირის “ჰამლეტის” დახურული ჩვენება შედგება. თანამედროვე “ჰამლეტი”, ქართული ვერსია.

Sportpress.ge ფილმის მთავარ რეჟისორსა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს წარმატებებს უსურვებს!!!

ესაუბრა გიორგი ფულარიანი