ბონუჩი: ნამდვილი იუვეა საჭირო!

136

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი ლეონარდო ბონუჩი მიიჩნევს, რომ “რომასთან” (1:3) გუშინ გამართულ დაპირისპირებაში მისი თანაგუნდელები იტალიის თასის მოახლოებულ ფინალზე ზედმეტად ფიქრობდნენ.

კვირას “იუვეს” ოფიციალურად შეეძლო ჩემპიონობის გაფორმება, მაგრამ “ჯალოროსიმ” 3:1 დაამარცხა და ზეიმი გადაუდო.

“პირველი გოლი გავიტანეთ და ბიჭებმა ეგრევე იტალიის თასის ფინალისკენ მიმართეს ფიქრები, მეორე ტაიმიდან მოყოლებული კი უბრალოდ თამაშიდან გამოვეთიშეთ – აცხადებს ბონუჩი და იქვე ამატებს – ეს “ლაციოსთან” მატჩამდე ძალიან კარგი გაკვეთილია. ჩვენ სამი ტიტულის მოგების შანსი გვაქვს, მაგრამ ამისათვის ნამდვილი “იუვენტუსია” საჭირო, რომელიც მხოლოდ გამარჯვებისადმია მიდრეკილი”!

სერია A–ს დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლიდერი “იუვენტუსი” მეორეადგილოსან “რომას” 4, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ “ნაპოლის” 5 ქულით უსწრებს.

“იუვე” თასის ფინალში “ლაციოსთან” 17 მაისს ითამაშებს, 3 ივნისს კი კარდიფში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის მადრიდის “რეალთან”.