ვიყოთ აქტიურნი საქართველოში!!!

135

საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ეგიდით, 20 მაისს სპორტული მარკეტინგის კონფერენცია გაიმართება. კონკრეტულად კონფერენციის და ზოგადად, ფედერაციის გეგმების შესახებ ჩვენთან ორგანიზაციის პრეზიდენტმა პაატა ცივაძემ და გენერალურმა მდივანმა ზურაბ ბოქოლიშვილმა ისაუბრეს.

– რას ემსახურება 20 მაისს გასამართი კონფერენცია?

პაატა ცივაძე: “კონფერენციის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო გამოცდილების, პრაქტიკის, ტრენდების გამოცდა და გაზიარება. იმ ამოცანების და გამოწვევების უფრო სწორად აღქმა, რაც პროფესიულ, სამოყვარულო სპორტს იმ პროდუქტად ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს, რაც მიმზიდველია გულშემატკივრის, პოტენციური სპონსორისა თუ პარტნიორისთვის. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით”.

– სპიკერების შესახებ…

ზურაბ ბოქოლიშვილი: “რამდენიმე სპიკერზე მოგახსენებთ. ვლადიმერ ვოლოშინი – კომპანიების Newman Sports და Ironstar დამფუძნებელი, მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი სპეციალისტი სპორტის მარკეტინგში და ბრენდირებული სპორტული ტურნირების შექმნა-ორგანიზებაში. ევგენი კოვალი – Games Of Heroes დამფუძნებელი; ანა ჟუკოვა– საგამომცემლო სახლის B2B Sports დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ლუის სილვა – კომპანიის Blue Rock გენერალური დირექტორი, მსოფლიოს ერთ–ერთი მთავარი ექსპერტი სპორტული ობიექტების მართვაში.

– გარდა კონფერენციისა, რა ღონისძიებებია დაგეგმილი?

პაატა ცივაძე: “კორპორატიული სპორტის ფედერაცია მუშაობს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე: Tafisa–ს ეგიდით გაიმართება World Challenge Day da Walking Day. დაგეგმილია Games Of Heroes პირველი გლობალური ჩემპიონატი. მიდის მზადება Ironstar–ის ტრიატლონის ტურნირისთვის. ასევე გაიმართება Euroasia Cup შერეულ ორთაბრძოლებში. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად მიმდინარეობს მზადება საერთაშორისო კორპორტიული თამაშებისთვის, სადაც დაახლოებით 30 ქვეყნის ბიზნეს გაერთიანებები მიიღებენ მონაწილეობას. გაიმართება კიდევ ერთი კონფერენცია, რომელიც მთლიანად სპორტულ ტურიზმს მიეძღვნება, ხოლო წელიწადი დამთავრდება სპორტის ბიზნესის ჯილდოების გადაცემით.

– ზოგადად, საქართველოში რა მდგომარეობაა ჯანსაღი ცხოვრების კუთხით?

ზურაბ ბოქოლიშვილი: “საკმაოდ რთული. მე ვიტყოდი, რომ საგანგაშო! ჩვენ მყარად ვიკავებთ ბოლო ადგილებს ფიზიკურ აქტივობაში ჩართული მოსახლეობის პროცენტის მიხედვით, რაც სავალალოა. ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული კუთხით, ეს არის ალბათ, უმთავრესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. არაჯანსაღ ქვეყანას ვერ ექნება ვერც ეკონომიკური, ვერც ინტელექტუალური მაგალითები. ვნახოთ საერთაშორისო გამოცდილება და ამით ახალს არაფერს ვამბობ – ფინეთის, შვეიცარიის და კიდევ ბევრის მაგალითი. ეს უნდა იყოს ჩვენი, მთავრობის და კერძო სექტორის საერთო მიზანი. ფედერაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან და დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად შექმნა კომპანიებში ფიზიკური განვითარების პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში შედგება. აგრეთვე, ფედერაცია მუშაობს საგანმანათლებლო პროგრამაზე მოზარდთათვის ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების შესახებ.

– რატომ Beactiveingeorgia?

პაატა ცივაძე: “ეს ნიშნავს იყო აქტიური არამხოლოდ თბილისში, არამედ მთლიანად ქვეყანაში. რეგიონების ჩართვა, ბუნებრივია, ჩვენი უმთავრეს ამოცანაა. ამჯერად წყალტუბოა პირველი, შემდეგ ბათუმი და ა.შ.

ზურაბ ბოქოლიშვილი: “#beactiveingeorgia არის ერთგვარი ქოლგა. პროექტი, სადაც გაერთიანდება ფედერაციის ეგიდით გამართული ღონისძიებები. რა გვსურს ჩვენ? ის, რომ ჯანსაღი ერი გვყავდეს! გვსურს, რომ მეტი ტურისტი შემოვიდეს. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ეს პროგრამა – ვიყოთ აქტიურნი საქართველოში!!!