ნანა ჩოკორაია: “ჩემზე მხოლოდ “ფანის” თქმა რბილი შეფასებაა”!

337

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი რადიო JAKO FM–ის სპორტული წამყვანი ნანა ჩოკორაიაა, რომელიც ტოტალური ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია…

– პირველი შთაბეჭდილებები ფეხბურთთან…

– ჩემი შეხება ფეხბურთთან 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ დაიწყო. მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა ბავშვი ვიყავი და როცა დავინახე, რომ მამაჩემი თავის მეგობრებთან ერთად ჰოლანდიისა და საბჭოთა კავშირის ფინალს უყურებდა, ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რუუდ გულიტმა მოახდინა – ეგზოტიკური პერსონა. აქედან გადავწყვიტე, რომ მე ჰოლანდიის ნაკრების გულშემატკივარი უნდა ვყოფილიყავი. როცა წამოვიზარდე და საკლუბო ფეხბურთშიც ჩავერთე, ჰოლანდიური ფეხბურთისადმი სიყვარულმა მიმიყვანა “ბარსელონამდე”, სადაც ამ ქვეყნის გავლენა ძალიან დიდი იყო – ბოლოს და ბოლოს იოჰან კრუიფის ხსენებაც საკმარისია.

– რატომ “ბარსელონა” და არა “აიაქსი”?

– აქაც მამაჩემის ფაქტორმა იმუშავა, რომელსაც ძალიან უყვარს ფეხბურთი და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სხვადასხვა ევროპული თამაშების ტრანსლირებით განებივრებულნი არ ვიყავით, ყველანაირად ცდილობდა ნებისმიერი ინფორმაცია მოეპოვებინა. 92–ის ფინალის შემდეგ უკვე გავხდი “ბარსელონელი” – თან, იმ ფინალში გადამწყვეტი ბურთი სწორედ ჰოლანდიელმა რონალდ კუმანმა გაიტანა. ჩემზე იმის თქმა, რომ “ბარსელონას გულშემატკივარია”, რბილი შეფასებაა – ჩემს გარშემომყოფთა აზრით, მე ნამდვილი ავადმყოფი ვარ (იცინის) და არ შემიძლია არ დავეთანხმო, რადგან ეს მართლაც გულშემატკივრობაზე მეტია და “ბარსელონა” არის მეტი, ვიდრე კლუბი.

– განვლილი სეზონი და ერნესტო ვალვერდე…

–ბუნებრივია, რომ თუნდაც ისეთი დონის გუნდი, როგორიც არის “ბარსელონა”, ყოველ წელს ყველაფერს ვერ მოიგებს – ეს გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაბარსელონური სეზონი იყო, მაინც ნორმალურად უნდა შეფასდეს, რადგან გუნდმა “კოპა დელ რეი” მოიგო, ხოლო პრიმერაში დაკავებული მეორე ადგილი ისევ და ისევ კატალონიელთა “დამსახურებაა”. 50/50–ზე “ბარსამ” ყველა თამაშში დადებითი შედეგი დააფიქსირა და ქულები დაკარგა აუტსაიდერებთან, რის გამოც საბოლოოდ, სწორედ “რეალი” აღმოჩნდა წინ, თორემ თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა “ბარსელონასკენ” იქნებოდა. რაც შეეხება ვალვერდეს, ერთადერთი, რისიც მეშინია არის ის, რომ ეყოფა თუ არა მას ავტორიტეტი ამ კლუბში სამუშაოდ, მაგრამ ბოლო წლებში ერთ–ერთი ყველაზე განსწავლული სპეციალისტია.

– რაში ხედავ “ბარსას” მთავარ პრობლემას?

– ვალვერდეს დიდი სამუშაო ელის წინ, რადგან კორექტივების შეტანა აუცილებლად მოუწევს. გუნდი თითქოს გამოფიტულია. ჩემი აზრით, შარშან მთავარი პრობლემა სატრანსფერო კუთხით იყო. ამით არ ვაკნინებ თუნდაც ანდრე გომეშს, მაგრამ ზოგადად, როცა ესა თუ ის ფეხბურთელი “ბარსაში” გადადის, კლუბის სკაუტები მას სწავლობენ არა მისი საშემსრულებლო ოსტატობის კუთხით, არამედ რამდენადაა მენტალურად კლუბთან ახლოს, რამდენადაა მზად, რომ მოერგოს იმ ატმოსფეროს, რაც კლუბშია… ყველას ძალიან კარგად გვახსოვს თანამედროვე ფეხბურთის ერთ–ერთი გამორჩეული ვარსკვლავის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი და თითქოს, არანაირი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ შვედი ამ ყველაფერს ვერ მოერგო. ვალვერდეს ადგილას შემტევ ტრიოს ხელს არ ვახლებდი და ვიზრუნებდი შუა ხაზზე – რაც არ უნდა იყოს, “ბლაუგრანა” მაინც შუა ხაზის ფეხბურთელებზე დაყრდნობილი გუნდია. სხვათა შორის, ვალვერდემ თქვა, ყველა დროის საუკეთესო “ბარსელონას” გაკეთება მსურსო და ღმერთმა ხელი მოუმართოს (იღიმის).

– “ბარსას” ბევრი გულშემატკივარი ითხოვს კლუბში მარკო ვერატის მიყვანას…

– ისევ და ისევ იმ საკითხთან გვაქვს საქმე: არ ვიცი, რამდენად არის ვერატი მზად მენტალურად, რომ “ბარსელონაში” წარმატებით ითამაშოს; არ ვიცი მისი დამოკიდებულება კლუბის მიმართ. შეიძლება, იყიდო ნებისმიერი პოზიციის ძალიან კარგი მოთამაშე, მაგრამ კატალონიაში კარიერა ვერ აიწყოს. ვნახოთ… ზაფხული გვიჩვენებს, თუ როგორ ტრანსფერებს განახორციელებენ კლუბის სკაუტები და დასკვნების გამოტანაც შემდეგ უფრო უპრიანი იქნება.

– რაიკაარდის თუ გუარდიოლას “ბარსელონა”?

– უდავოდ გუარდიოლასი. რაიკაარდმა უდიდესი საქმე დაიწყო და მის წვლილს არასდროს დავკარგავ, მაგრამ გუარდიოლასგან მივიღეთ ის პროდუქტი, რომლის სიტყვებით დახასიათებაც ძალიან მიჭირს – ეს იყო სასწაული!

– “რეალის” სახით ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებას დამსახურებული გამარჯვებული ჰყავს?

– არ შეიძლება, ჩემპიონთა ლიგას დაუმსახურებელი ჩემპიონი ჰყავდეს. ეს არ არის ერთი კონკრეტული შეხვედრა, ეს მთელი პროცესია და ის, ვინც ამ პროცესს გაუძლებს, ხდება გამარჯვებული. ზინედინ ზიდანს ფანტასტიკურად მისდის საქმე და გუნდიც არაჩვეულებრივ ფორმაშია, მაგრამ მე არ მესმის ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგების გამო ასეთი აღფრთოვანება. თუკი ჩვენ ჩემპიონთა ლიგას 1992 წლიდან ვითვლით, მაშინ “რეალს” ჩემპიონთა ლიგა 6–ჯერ აქვს მოგებული და არა 12–ჯერ; თუკი ამ ტურნირს დაარსების დღიდან, სხვა სახელთან ერთად ვითვლით, მაშინ გამოდის, რომ “რეალს” ზედიზედ 5–ჯერ აქვს მოგებული. მოდი, შევთანხმდეთ, “სამეფო კლუბს” 6 ტიტული აქვს თუ 12 და შემდეგ მივეცემი ეიფორიას.

– სწორედ ზედიზედ ორჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დაიწყო გუარდიოლას “ბარსასა” და ზიდანის “რეალის” შედარებები…

– ჩემთვის უაზრობაა, რადგან “რეალი” ესთეტიურად ვერ აჩვენებს იმ ფეხბურთს, რომელიც თუნდაც ახლოს იქნება გუარდიოლას ფორმაციასთან. იმ “ბარსელონას” ჰქონდა ესთეტიკა, სილამაზე, სიმსუბუქე – ყველაფერი აბსოლუტურად! შედეგებზე ხომ საერთოდ საუბარიც ზედმეტია…

– საქართველოს ნაკრები: შენი აზრით, უნდა გაეშვათ კახა ცხადაძე?

– ბუნებრივია, ვლადიმერ ვაისი მაღალი დონის სპეციალისტია, თუმცა არა ჩვენთვის და შესაბამისად, ამ ცვლილების აზრს დიდად ვერ ვხედავ. მე მომწონდა ცხადაძის მიდგომა და ნაკრების თამაში სტილი. ვფიქრობ, ცხადაძე უნდა დარჩენილიყო, თუმცა ამით ვაისის კვალიფიკაციას ეჭვქვეშ არ ვაყენებ.

– რა არის მთავარი პრობლემა იმაში, რომ ამდენი წელი ვერ ვახერხებთ რომელიმე დიდ საფეხბურთო ფორუმზე მოხვედრას?

– ყველაფერი ერთად – ალბათ, სადღაც მონდომება დაგვაკლდა, სადღაც კლასი. ძალიან რთულია იმ პირობებში მიაღწიო სასურველ შედეგს, როცა ყველა ევროპულ ნაკრებში 2–3 ფეხბურთელი მაინც არის უმაღლესი დონის კლუბიდან, რის გამოც კონკურენციის გაწევა გვიჭირს. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მხრივ ჩვენთან დიდი პრობლემებია. მაგალითისთვის: შევადაროთ დღევანდელი ნაკრები კლაუს ტოპმიოლერის ფორმაციის გუნდს – ცა და დედამიწა! მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბოლომდე ჩემ ნაკრებს მაინც ვერ ვწირავ ხოლმე, რადგან მიყვარს; მიყვარს ყველა ის ფეხბურთელი, ვისაც ოდესმე მაინც უთამაშია ნაკრებში და აწი ითამაშებს, რადგან ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და იდეალური იქნებოდა, თუკი თითოეული მოთამაშე გაისიგრძეგანებდა იმ პასუხისმგებლობას, რასაც ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება ჰქვია.

– ალექსანდრე ჩივაძის ნაკრებს მეტი შეეძლო?

– რა თქმა უნდა, ბევრად მეტი შეეძლო, მაგრამ იმ პირობების ფონზე ჩივაძის ფორმაციის მიერ დადებული შედეგიც დადებითად უნდა ჩაითვალოს.

– ჰოლანდიას რა სჭირს?

– ჰოლანდიას სჭირს ის, რაც სჭირს “აიაქსს”. ან თაობებშია გარღვევა ან რაღაც მიდგომა შეიცვალა და ეს უკვე პირდაპირ აისახება ეროვნულ ნაკრებზე. 2008 წელს მეგონა, რომ გუნდი საოცრებებს ჩაიდენდა, მაგრამ მოულოდნელად გამოვარდა რუსეთთან, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩემთვის მარკო ვან ბასტენის ფორმაციის ეროვნული ნაკრები ყველაზე დასამახსოვრებელი გუნდია. ვფიქრობ, სწორედ ვან ბასტენის ტიპაჟის მწვრთნელია საჭირო. მაგალითად, გუუს ჰიდინკსა და ლუი ვან გაალს პროფესიულ საქმიანობაში ახალი არაფერი შემოაქვთ და მათ ცოტა სხვა სეგმენტი უნდა მიაბარო. თუნდაც ტალანტების აღმოჩენა, რაშიც ვან გაალი ყოველთვის ძლიერი იყო. ფეხბურთი ვითარდება და მწვრთნელიც სწორედ ამ განვითარებას უნდა გაჰყვეს. ჰოლანდიას ახალი, ახალგაზრდული სისხლი და მოტივაცია სჭირდება – ამ გუნდს გამარჯვებულის ფსიქოლოგია აკლია, რაც თუნდაც, ბოლო 2 მუნდიალზე დამტკიცდა.

– ტოპ 5 ჰოლანდიელი…

– ვან ბასტენი, კრუიფი… ცოტა უცნაურია, მაგრამ შევიყვანდი კლუივერტს; ასევე რაიკაარდი და კუმანი.

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი…

– თუ ჰოლანდიის ნაკრებზე ვისაუბრებთ, მაშინ ვან ბასტენის ცნობილი გოლი სსრკ–ს კარში და ასევე ვან პერსის თავური ესპანეთის წინააღმდეგ. ძალიან რთულად შესასრულებელი იყო ვან ბასტენის გოლი, მაგრამ ვან პერსის ბურთი ახალ ემოციებს აღმიძრავს. რაც შეეხება “ბარსელონას”, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა არის ლეო მესი და ვიტყვი მის პირველ გოლს კარიერაში, როცა მასწავლებელმა რონალდინიომ მოსწავლეს საგოლე პასი მისცა. პასებიდან გამოვყოფდი ნეიმარის გადაცემას სერხი რობერტოს გოლზე პსჟ–ს კარში.

– შენი გემოვნებით ყველა დროის სიმბოლური გუნდი…

– ბუფონი – დანი ალვეში, მალდინი, ნესტა, კარლოსი – ჩავი, ინიესტა, მესი – ანრი, სუარესი, რონალდუ და მწვრთნელი იოჰან კრუიფი.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი