ხურციძის ოჯახმა დაკავების შესახებ არაფერი იცის

335

ავთანდილ ხურციძის ოჯახს ამერიკაში მის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

ამის შესახებ ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სპორტსმენის დედა ამბობს, რომ ამერიკის საელჩოდან დაურეკეს, მისი შვილის ნომერი სთხოვეს, რის შემდეგაც საელჩოში ავთანდილ ხურციძე დაიბარეს.

“მას ვიზა ჩაურტყეს, უთხრეს, რომ უნდა წასულიყო ამერიკაში. მოუვიდა ბილეთი და წავიდა გუშინ 4 საათზე გამთენიისას. მეტი ინფორმაცია არ მაქვს. არავის ინფორმაცია არ მოუწოდებია ჩემთვის,” – განაცხადა მაყვალა ხურციძემ.

ოჯახის წევრებს მოგვიანებით სიძე დაუკავშირდა და განმარტა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ის რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა ავთანდილ ხურციძეს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ ქართველებს შორის სავარაუდოდ, სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან. ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

ამერიკის პროკურატურის ინფორმაციის თანახმად,  დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდნენ.

ამერიკის პროკურატურის ინფორმაციით, ხურციძესა და მაყაშვილს რეკეტი და თაღლითურ შეთანხმებებში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

ნიუ-იორკში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს, რომლებსაც რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ ბრალი, მათ შორის 15 ქართველია. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იუწყება. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, სათამაშო ბიზნესს აკონტროლებდნენ. მათი საქმიანობა უკანონო სატვირთო გადაზიდვებს და უაქციზო სიგარეტით ვაჭრობას მოიცავდა.