გაიცანი გულშემატკივარი: თორნიკე პაპავა

260

Sportpress.ge იწყებს ახალ რუბრიკას “გაიცანი გულშემატკივარი”, სადაც თქვენთვის უცნობი ქომაგები ისაუბრებენ. ჩვენი პირველი სტუმარი თორნიკე პაპავა იქნება…

– თორნიკე, გამარჯობა. გაეცანი ჩვენ მკითხველს…
–  გამარჯობა. მე ვარ თორნიკე პაპავა, ილიაუნის პირველი კურსის სტუდენტი თეატრალურზე და სუხიშვილების წევრი, თუ გადაჭარბებულად არ გამომივა (იცინის).

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი?
– ფეხბურთი ღრმა ბავშვობიდან შემიყვარდა. ჯერ კიდევ ბაღის ასაკიდან. რო”ლ”ანდინიომდეც მქონდა რამდენჯერმე ნაყურები ფეხბურთი, მაგრამ სწორედ ბრაზილიელმა მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება.

– რატომ “ბარსელონა”?
– “ბარსელონასთან” არის დაკავშირებული ჩემი ცხოვრების ინტერესების ნახევარი. მეტია, ვიდრე საფეხბურთო კლუბი – 2003-04 წლიდან ერთად ვართ.

– როგორ გგონია, ერნესტო ვალვერდე გაამართლებს?
– წინასწარ ზუსტი ვარაუდი ძნელია ნებისმიერ მწვრთნელზე, მაგრამ “ბარსელონაში” ამ ასაკის მწვრთნელები ისტორიულად ვერ ამართლებენ ხოლმე და არამგონია ეს გამონაკლისი იყოს. მე პირადად სხვა კანდიდატურიდან მერჩივნა რამდენიმე, მაგრამ ვნახოთ. მალე გამოჩნდება რა ხელეწიფება მას.

– “ბარსაში” შენი საყვარელი გადაცემა და გოლი…
– იმდენი რამე მაქვს ნანახი, კონკრეტულად ერთი გადაცემის და გოლის გამორჩევა ძნელია, მაგრამ ალბათ უფრო რონალდინიოს გოლი “ბერნაბეუზე” – მაინც ბავშვობის ტკბილი მოგონება და სიყვარულია. რაც შეეხება პასს, ჩავის ნებისმიერი საგოლე გადაცემა იყო შედევრი.

– შენი ტოპ 5 ბარსელონელი…
– “ბარსა” იმხელა გუნდია, იმდენი, იმდენი მსოფლიო ლეგენდა ჰყავს ამ კლუბს, ძნელია ტოპ 5–ის შედგენა, მაგრამ ხუთეულში აუცილებლად შევიყვანდი კუბალას, კრუიფს, პუიოლს, ჩავის და მესის.

– სანაკრებო ამბავში როგორია შენი სიმპათიები?
– სანაკრებო ამბავშიც რონალდინიომ იქონია გავლენა. ასევე კაკამ და ზოგადად ბრაზილიის იმ სასწაულმა შემადგენლობამ, რომლებმაც გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატზე დასამახსოვრებელი ვერაფერი გვანახეს, მაგრამ იმ გუნდზე ვარსკვლავური შემადგენლობა არასდროს არცერთ ნაკრებს არ ჰყოლია. ზოგადად, ისტორიულად ბრაზილია და “ბარსელონა” კავშირში არიან ერთმანეთთან. ევროპის გუნდებიდან ყველაზე მეტი, 31 ბრაზილიელი ჰყოლია “ბარსელონას”.

– ყველაზე მაგარი მატჩი, რომელიც უშუალოდ სტადიონიდან გინახავს…
– რა თქმა უნდა, “ბარსელონა” – “სევილიას” მატჩი. ენით აღუწერელი რამ იყო. პირველი ის, რომ ჩემი საყვარელი კლუბი ჩემს ქალაქში ჩამოვიდა სათამაშოდ. მერე ის, რომ 9 გოლი გავიდა თამაშში და ალბათ, სუპერთასების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მატჩი იყო და მესამე ის, რომ დამატებით ტაიმებში შეაგდეს მე-5 გოლი და ასეთი დაძაბული თამაში მოიგეს. თან, პირველი იარუსის პირველ სექტორში ვიჯექი, მესი ჩემგან 10 მეტრში ატარებდა ბურთს და საოცარი გრძნობა იყო.

– ფეხბურთის გარდა, სპორტის სხვა სახეობები თუ გიზიდავს?
– ახლა მაინცდამაინც არა. კალათბურთი მიყვარდა აივერსონის დროს. რონალდინიოსთან ვაიგივებდი. კალათბურთის “გაუჩო” იყო. რაც ეგ კაცი წავიდა კალათბურთიდან, მას შემდეგ იშვიათად თუ ვუყურებ ხოლმე.

– შეადგინე შენი გემოვნებით ყველა დროის საუკეთსო თერთმეტეული თავისი მწვრთნელით…
– ბუფონი – პატივისცემა; ბეკენბაუერი – ინტელექტი; ნესტა – არტისტიზმი; შირეა – კედელი; რედონდო – პრინცი; ჩავი – ელეგანტურობა; ზიდანი – გავოტი; კრუიფი – რევოლუცია; მესი – ეკლერი; მარადონა – რენესანსი; პელე – მეფე და ბოლოს ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ცალკე. რონალდინიო – ზარმაცი ღმერთი, რომელიც ნაადრევად გადმოაგდეს ოლიმპოდან. მწვრთნელი პეპ გუარდიოლა.