გაიცანი გულშემატკივარი: საბა საბანაძე

57

ჩვენი რუბრიკის “გაიცანი გულშემატკივარი” მორიგი სტუმარია საბა საბანაძე…

– საბა, გამარჯობა. გაეცანი ჩვენს მკითხველს…
– საბა საბანაძე, 21 წლის. მიუხედავად იმისა, რომ ვსწავლობ ბიზნეს–ადმინისტრირებაზე, როგორც საქართველოში ხდება, ვმუშაობ არა ჩემი პროფესიით – ვარ სპორტულ ჟურნალისტიკაში, ვწერ Geosports.ge–ზე და ჯერჯერობით ერთ–ერთი აუხდენელი ოცნებაა კომენტატორობა.

 

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი?
– ფეხბურთის ყურება 2004 წელს დავიწყე. მახსოვს “მონაკო”-“პორტუს” ფინალი, შემდეგ ევროპის ჩემპიონატი, რომელიც საბერძნეთმა მოიგო. შემდეგ უკვე უფრო და უფრო შემიყვადა ფეხბურთი და დღემდე მიყვარდება.
– რატომ “მანჩესტერი”?
– 2006-07 წლების სეზონიდან ვარ ამ გუნდის გულშემატკივარი. კარგად მახსოვს მაშინ ახალგაზრდა რონალდუ და რუნი, ლეგენდარული სქოულზი, გიგზი, ვან დერ საარი; ვიდიჩის და ფერდინანდის შესანიშნავი დუეტი და კიდევ სხვა ფეხბურთელები, რომლებიც ფერგის ჰყავდა. მახსოვს “მილანთან”  ორრაუნდიანი დაპირისპირება. ამ დუელის შემდეგ მივხვდი, რომ სწორედ ეს გუნდი მიყვარდა და აგერ უკვე 10 წელია მიყვარს.
– განვლილ სეზონს დადებითად შეაფასებდი?
– დიახ. ეს ჟოზე მოურინიოს პირველი სეზონი იყო. ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავდა გუნდს, რომელთანაც ადაპტაცია სჭირდებოდათ და ეს, რა თქმა უნდა, არაა მარტივი. ასევე სეზონის მეორე ნახევარში ბევრმა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა მიიღო ტრამვა და ამან ძალიან გაართულა საქმე. ამ ყველაფრის ფონზე 3 ტიტულის მოგება, რასაკვირველია, დადებითი შედეგია.
– ვისი ტრანსფერი გსურს ყველაზე მეტად?
– როგორც იწერება, “იუნაიტედს” მალე შეუერთდება ხამესი, რომელიც ძალიან წაადგება გუნდს. ისე კი, ჩემი ყველაზე სასურველი ტრანსფერი ტონი კროოსს უკავშირდება.
– ყველაზე მაგარი გოლი და პასი შენთვის…
– უამრავი ლამაზი გოლი მაქვს ნანახი და აქედან სამს გამოვარჩევ: რონალდუს შორეული გასროლა “პორტუსთან”. მესის გოლი “ხეტაფესთან” და რუნის მაკრატელა “სიტის” კარში. რაც შეეხება პასს, პოლ სქოულზის გადაცემა “მილანთან” 2007 წელს რუნის მისამართით.
– როგორც მანჩესტერის ფანს: ვან დერ საარი თუ დე ხეა?
– ვან დერ საარი ბრწყინვალე მეკარე იყო. რაც შეეხება დე ხეას, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ის ჯერ არაა ჰოლანდიელის დონის, თუმცა აქვს შანსი, რომ გახდეს.
– როგორ ფიქრობ, ოდესღაც დადგება ის მშვენიერი დღე, როცა კრიშტიანუ რონალდუ კვლავ “ოლდ ტრაფორდს” დაუბრუნდება?
– არ ვიცი, არაფერია გამორცხული… თუ ოდესმე რონალდუ “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნდება ძალიან ბედნიერი ვიქნები!
– რა რეაქცია გქონდა, როცა 2013 წელს ორივე შეხვედრაში “გაგიტანა”?
– როცა ცხრილები ვნახე და რეალი მე-2 ადგილზე იყო, ჯგუფში ძალიან მსურდა, რომ ერთმანეთს “მანჩესტერი” და “რეალი” შეხვედროდნენ და ამიხდა კიდეც ეს სურვილი. რაც შეეხება მის გოლებს, “მანჩესტერისა” და რონალდუს გულშემატკვივრისთვის მართლაც ძალიან ემოციური იყო. მახსოვს, როგორ არ აღნიშნა არც ერთი გოლი – კრიშტიანუს ეს არ შეეშლებოდა.
– ტოპ 3 დასამახსოვრებელი მატჩი “იუნაიტედის” შესრულებით…
– პირველი ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2008 წელს. ძალიან გახარებული ვიყავი, როცა “იუნაიტედმა” ლიგა მოიგო. მეორე თამაში 2009 წელს “მანჩესტერ სიტისთან”, რომელიც დრამატული გამოდგა და რომელიც 4:3 დასრულდა. როგორც ვიცი, ეს თამაში პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო მატჩად დაასახელეს რამდენიმე წლის წინ. მესამე თამაში ასევე “ჩელსისთან”, ამჯერად უკვე 2011 წელს. 36-ე ტურის თამაში იყო და 3 ქულით უსწრებდა “ჩელსის” “იუნაიტედი”. მახსოვს, ჩიჩარიტომ უკვე 36-ე წამზე გაიტანა გოლი. ამ გოლმა არანორმალური სიხარული მომიტანა!

– სანაკრებო დონეზე როგორია შენი სიმპათიები? 
– მე ზოგადად ინგლისური ფეხბურთი მიყვარს და ინგლისის ნაკრებს ვგულშემატკივრობ, თუმცა არ მგონია უახლოეს პერიოდში რაიმე განსაკუთრებულ შედეგს მიაღწიოს. რაც შეეხება პორტუგალიელთა ტრიუმფს, კრიშტიანუს გამო მინდოდა წარმატებისთვის მიეღწიათ. საბოლოო ჯამში რა და როგორ გამოვიდა ყველამ ვნახეთ და ამ ინტერვიუს ავტორმა საკუთარი თვალით ნახა ჩემი ემოციები (იცინის).


– და ბოლოს: შეადგინე შენი გემოვნებით ყველა დროის სიმბოლური ნაკრები…
– რაც მინახავს ყველა დროის სიმბოლური: ბუფონი. უდაოდ საუკეთესო. ამ ასაკშიც კი ასეთ დონეზე თამაში მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ჯიჯია. მარჯვენა მცველი ლამი. საოცრად სტაბილური. ძალიან კარგი როგორც წინ, ასევე უკან. ლამს რამდენიმე პოზიციაზე შეეძლო თამაში და ეს დიდი პლიუსი იყო. ცენტრალური მცველი რამოსი. იგი დღეს საუკეთესო მცველად მიმაჩნია. მეორე მცველი ნესტა. უბრალოდ ძალიან მაგარი იყო. მისი ვარდნებისთვის თვალის დევნება ერთ რამედ ღირდა. დასაფასებელია ისიც, რომ მთელი კარიერა წელის ტრამვით ითამაშა და რომ არა ეს ტრამვა ყველა დროის საუკეთესოც კი იქნებოდაო, როგორც ამბობენ. მარცხენა მცველი მალდინი. მალდინი იყო ეტალონი მცველობის, თანაგუნდელობის, ლიდერობის, კაპიტნობის. საუკეთესო მცველი, ვინც მინახავს. ნახევარდაცვა: სქოულზი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი. ერთ-ერთი მათგანი, ვისი თამაშიც ძალიან მომენატრა. ინიესტა. ამ ადამიანმა ფეხბურთი ხელოვნების დონეზე აიყვანა. შეიძლება, ძალიან ცოტა გოლი გაიტანოს და ძალიან ცოტა საგოლე გადაცემა გააკეთოს, მაგრამ ფორმაში მყოფი ინიესტას ყურება დიდი სიამოვნებაა. ზიდანი: ზიდანი იყო გენიოსი სრული ამ სიტყვის მნიშნვლეობით. საოცარი ტექნიკის მქონე ფეხბურთელი, რომელიც თითოეული მოძრაობით საფეხბურთო ზეიმს გვთავაზობდა. ადამიანი, რომელიც “ვალსს” ცეკვავდა. შემტევი ტრიო: რონალდინიო. რონალდინიომ მხოლოდ რამდენიმე წელი ითამაშა უმაღლეს დონეზე. მაგრამ ამ დროში შეძლო და მილიონობით ადამიანის გული მოიგო. არც ერთი ფეხბურთელის თამაშის ყურებისგან არ მიმიღია ისეთი ესთეტიური სიამოვნება, როგორსაც მისი თამაშის ცქერისგან ვიღებდი. მესი. მესიზე რაღა უნდა ვთქვა?! ის უბრალოდ სხვა განზომილებაა. მისი დრიბლინგები, პასები და კიდე ბევრი სხვა რამ უბრალოდ ფეხბურთის ზეიმია. და კრიშტიანუ. ჩემთვის N1 ფეხბურთელი, ვისი თამაშიც მინახავს. უზომოდ შრომისმოყვარე, მიზანდასახული, ნამდვილი სპორტსმენი. ამ ასაკშიც კი ასეთ მაღალ დონეზეა. მართალია, ესთეტიურად ისეთი კარგი ვეღარ არის, როგორც წინათ, მაგრამ მაინც საოცრად მაგარია. საშუალება რომ მქონდეს, მასზე დილამდე ვისაუბრებდი. მწვრთნელი, რა თქმა უნდა, სერ ალექს ფერგიუსონი.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი