6 რამ, რაც ლივერპულს გასაძლიერებლად სჭირდება

211

როგორც იქნა, მომავალი სეზონიდან “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება, ხოლო შარშან გუნდმა ევროპალიგის ფინალი ითამაშა, მაგრამ ყველა ერთხმად თანხმდება, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება.

წარმოგიდგენთ 6 მიზეზს, როგორ შეუძლია მერსისაიდელთა გაძლიერება იურგენ კლოპს…

6. მარცხენა მცველის შეძენა
თუკი “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ტრანსფერებზე სოლიდურ თანხებს ხარჯავენ, “ლივერპულს” კიდევ უფრო მეტის გაღება მოუწევს, რადგან გუნდში მხოლოდ ალბერტო მორენოა, რომელიც არადამაჯერებლობით გამოირჩევა. ჯეიმს მილნერს კი შეუძლია მარცხენა ფლანგზე თამაში, მაგრამ ნომინალურად მარცხენა მცველი არ არის. როგორც ინგლისური პრესა იუწყება, მერსისაიდელებს “ჰალ სიტიდან” ენდრიუ რობერტსონის შეძენა სურთ და ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ასევე საუბარია გაელ კლიშისა და რაიან ბერტრანდის ტრანსფერზე.

5. ნახევარდაცვის დალაგება
ემრე ჩანს, ადამ ლალანასა და ჟიორჟინიო ვეინალდუმს გასული სეზონი წარმატებულად უნდა ჩავუთვალოთ, რასაც ვერ ვიტყვით გუნდის კაპიტან ჯორდან ჰენდერსონზე. პლიუს ამას, დავუმატოთ მისი ხშირი ტრავმები. მძლავრი ნახევარდაცვის გარეშე კი “წითლებს” ფონს გასვლა გაუჭირდებათ. მერსისაიდელებს “ლაიპციგიდან” ნაბი კეიტას ყიდვა სურდათ, მაგრამ გვინეელმა ბუნდესლიგაში დარჩენის სურვილი გამოთქვა. ასევე განიხილება კიდევ 2 კანდიდატი – “მონაკოდან” ფაბინიო და “საუთჰემპტონიდან” ორიოლ რომეუ.

4. შემტევი პოტენციალის გაზრდა
“ლივერპულს”, გარდა შემტევი პოტენციალის გაზრდისა, უფრო მეტი კრეატიულობა და ფანტაზია სჭირდება და ამიტომაც, ერთ–ერთი რეალური კანდიდატი “რომას” მუჰამედ სალაჰია, რომელიც, ინგლისური პრესის აზრით, ფელიპე კოუტინიოსთან და სადიო მანესთან ერთად საგრძნობლად გააძლიერებდა მერსისაიდელთა შეტევას.

3. მცველის ლიდერობა და ქარიზმა
“ლივერპულს” ჯეიმი კარაგერისა და სემი ჰიიპიას მსგავსი მცველები აკლია და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად იდეალური “საუთჰემპტონის” კაპიტნის ვირჟილ ვან დაიკის შეძენა იქნება. ფიზიკურად ძლიერი, ქარიზმატული მცველი, რომელიც შესანიშნავია მეორე სართულზე.

2. 9 ნომერი
დანიელ სტარიჯი გუნდში ერთ–ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია, თუმცა ბრიტანული პრესის აზრით, იგი გუნდის წარმატებისთვის არ კმარა და საჭიროა დიეგო კოშტას, სერხიო აგუეროს და ჰარი კეინის დონის ფორვარდების შეძენა. გარდა ამისა, განიხილებიან “ლიონის” ლაკაზეტი, “ინტერის” მაურო იკარდი და “სელტიკის” მუსა დემბელე. საუბარია ასევე “სანდერლენდის” ჟერმეინ დეფოზე, რომელსაც უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს.

1. ტაქტიკური მოქნილობა
იურგენ კლოპი გასულ სეზონში თავის საყვარელ 4–3–3–ს იყენებდა, რაც განსაკუთრებით გრანდებთან კონტრშეტევებზე სათამაშოდაა კარგი, თუმცა ამიერიდან “ლივერპულს” 4 ტურნირზე მოუწევს ასპარეზობა და გერმანელს აუცილებლად დასჭირდება რამდენიმე ვარიაციის გამოცდა – ყველა გუნდთან 4–3–3 არ გამოდგება.