გაიცანი გულშემატკივარი: ტატო მახაშვილი

507

ჩვენი რუბრიკის “გაიცანი გულშემატკივარი” მორიგი სტუმარია ტატო მახაშვილი.

– გამარჯობა, ტატო. გაეცანი ჩვენ მკითხველს…

– გამარჯობა. ტატო მახაშვილი, 35 წლის. პროფესიით რეჟისორი, ჟურნალისტი და ვებ–დიზაინერი. მედია ჰოლდინგ “სოლომედიას” და “სოლოსტუდიოს” დამფუძნებელი.

– საიდან დაიწყო ფეხბურთისადმი სიყვარული?

– პირველი მატჩი, რომელსაც ვუყურე, იყო 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გერმანია–არგენტინა, რომელიც გერმანიამ მოიგო და თან, იმ წელს გერმანულ სკოლაში შევედი. მაშინ ყველაფერი გერმანული მომწონდა და სწორედ ამ ფინალის შემდეგ მყარად ჩამოვყალიბდი, რომ გერმანიისთვის უნდა მექომაგა.

– რატომ “დორტმუნდი” და არა “ბაიერნი”?
– რაც შეეხება “დორტმუნდს” რა თქმა უნდა გადამწყვეტი როლი ამაში 1997 წლის ლიგის ფინალმა შეასრულა, სადაც ტურინის “იუვენტუსს” 3:1 სძლია, სხვათა შორის, მაშინაც არანაკლებ პოპულარული გუნდი იყო და ასევე ტექნიკურ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა… მაშინ გავხდი “დორტმუნდის” გულშემატკივარი და მას შემდეგაც, როცა “დორტმუნდს” კრიზისი დაეწყო, წამით არ შემნელებია სიყვარული.

– რა რეაქცია გქონდა, როცა გაიგე, რომ მათიას ზამერი “ბაიერნში” პეპ გუარდიოლას სამწვრთნელო შტაბში იმუშავებდა?

– ახლა მტკივნეული დარტყმა მომაყენეთ (იცინის). გიოტცეს, ლევანდოვსკის, ჰუმელსის “ბაიერნში” გადასვლა დღემდე ვერ მომინელებია და ზამერის კიდევ მესმის – მან 2002 წელს “დორტმუნდს” ბუნდესლიგა მოაგებინა, უეფას თასის ფინალში გაიყვანა და წლების შემდეგ წავიდა და თან, წავიდა არა როგორც ფეხბურთელი, არამედ უბრალოდ სამწვრთნელო შტაბის წევრი. ლევანდოვსკი უფრო მოვინელე, რადგან კლუბის აღზრდილი არ იყო, მაგრამ აი, ჰუმელსი თუ კიდევ “ბაიერნში” გადავიდოდა არ მეგონა – კი მიუნხენელია, მაგრამ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა “დორტმუნდში”.

– როგორც “დორტმუნდის” ფანი როგორ აღწერ იურგენ კლოპის პერიოდს?

– იმ პერიოდში “დორტმუნდს” “პოპულარობის მეორე სუნთქვა” გაეხსნა, როცა კლოპმა რომანტიული და არაგერმანული ფეხბურთი ათამაშა გუნდს და ბევრს მოაწონა თავი. მახსოვს, 2008 წელს მას დაუსვეს კითხვა, თუ რატომ არ ატარებდა დილის ვარჯიშებს და მან ასეთი პასუხი გასცა: “რა აზრი აქვს, როცა ნახევარი გუნდი დამტვრეულია, ნახევარი კი  – სკოლაში”. თან, ეს მაშინ რეალობა იყო, რადგან 2008 წელს მოსული ფეხბურთელები მართლაც 17–18 წლის იყვნენ და ბოლოს და ბოლოს ისეთი “ხე” ფეხბურთელი, როგორიც კევინ გროსკროიცია, ჩამოაყალიბა გუნდისთვის სასარგებლო ფიგურად. ეს იყო კლოპის გუნდი და კლოპის მიერ შეკრული კოლექტივი. რატომ მოხდა, რომ ლევანდოვსკის გარდა, “დორტმუნდის” იქეთ ვერავინ ვერ “გაქაჩა”?! ეს სწორედ კლოპის მომენტია.

– რა დააკლდათ 2013 წლის ფინალში “ბაიერნთან”?

– გამოცდილება. “ბაიერნს” დიდი საერთაშორისო გამოცდილება და წინა წელს წაგებული ფინალი უმაგრებდა ზურგს, მაგრამ შემადგენლობით “დორტმუნდი” არაფრით ჩამოუვარდებოდა.

– შენი რეაქცია, როცა იმ სეზონში “მალაგასთან” საოცარი “ქამბექი” შემოგვთავაზეს…

– ეს მართლა ფანტასტიკური მომენტი იყო და ადამიანი, რომელიც 2 წელიწადი ტყუილად იჯდა სკამზე, გააკეთა ისეთი რაღაც, რომ “დორტმუნდის” ისტორიაში დღემდე მემახსოვრება – საუბარია ფელიპე სანტანაზე, რომელიც სრულიად გამოუსადეგარი მოთამაშე იყო, მაგრამ ამით ყველას დაგვამახსოვრა თავი.

ეს არის ზუსტად ის გერმანული ხასიათი, ბოლომდე ბრძოლა და კლოპის მოტივატორობა, რომელიც სამწუხაროდ შემდეგ გაუშვეს, მაგრამ შემოუბრუნდათ შემდეგ სეზონში სეზონში, როცა “ლივერპულთან” “ენფილდზე” 1:3–იანი ჰანდიკაპი გაფლანგეს.

ჩემი აზრით ის თამაში სწორედ კლოპმა შემოუტრიალა “დორტმუნდს”, რომელსაც ხუთი თითივით იცნობდა, თორემ ახლა რომ შეხვდეს, შეიძლება, ვეღარ მოუგოს.

– როგორ გგონია, პიტერ ბოში გაამართლებს?

– ზოგადად, ბოშს ნაკლებად ვიცნობ. აი, მაგალითად მაშინ, როცა ტომას ტუხელი მოდიოდა, მომწონდა მისი მიდგომა, მენტალიტეტი, მაგრამ ალბათ, სადღაც კლასი დააკლდა. “აიაქსის” ფილოსოფია ტალანტებთან და ლამაზ ფეხბურთთანაა დაკავშირებული, მაგრამ საქმე იმაშია, რომ “დორტმუნდმა” აღზრდის პერიოდი უკვე დაასრულა. როისი, ბენდერი, გინტერი, სოკრატისი, ბარტრა – ესენი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები არიან. გარდა ამისა, პულიშიჩი კარგად დარბის, იქ დემბელეა, ობამეიანგი და ა.შ. თუკი ბოში ამ ბირთვს კარგად გამოიყენებს, ვფიქრობ ამ გუნდს აქვს იმის პოტენციალი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაც იბრძოლოს, თუმცა პროგნოზის გაკეთება მაინც მიჭირს – დაიწყოს ამხანაგური თამაშები, ახალი სეზონი და ვნახოთ, რა ფეხბურთს ათამაშებს გუნდს.

– როგორ შეაფასებდი გასულ სეზონს და რა რგოლში სჭირდება გაძლიერება?

– გასული სეზონი მაინც ჩაგდებული იყო, რადგან ტუხელს ის შარმი, ავტორიტეტი დააკლდა რაც კლოპს ქონდა და გუნდს მოტივაცია აკლდა – ტუხელს არ შეეძლო ისე მოტივირება, როგორც შეუძლია კლოპს, რომელსაც მაგალითად, შეეძლო ლიდერის ნაცვლად მოედანზე 19 წლის ფეხბურთელი შეეშვა.

ტუხელსაც შეჰყავდა, მაგრამ მაინც სიფრთხილით ან გარკვეული გარემოების გამო.

მაგალითად, პირველი წრის განმავლობაში მარიო გიოტცე არ იყო ფორმაში, ანდრე შიურლე და მარკო როისი მალევე დაიმტვრდა და მოუწია ახალგაზრდების გამოცდა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, გერმანიის თასის მოგება კარგია.

რაც შეეხება გაძლიერებას, დაცვის რგოლია გასაძლიერებელი! სოკრატისს სჭირდება კარგი მეწყვილე და არა ბარტრა, რომელიც სათანადოდ მაღალი დონის რომ ყოფილიყო იქ დაიტოვებდნენ საიდანაც მოვიდა და ასევე არც კარგი ნური შაჰინის მსგავსი ნახევარმცველი არ გვაწყენდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში დაცვა.

– ტოპ 5 დორტმუნდელი…

– ენდი მიოლერი, მათიას ზამერი, შტეფან შაპიუზა; რა თქმა უნდა, ლარს რიკენი, რომელმაც ბოლომდე უერთგულა გუნდს და ასევე ერთგულების და დიდი წვლილის გამო რომან ვაიდენფელერი, რომელიც დღემდე გუნდშია.

– საიდან შეგიყვარდა კონკრეტულად გერმანიის ნაკრები?

– ისევ და ისევ 1990 წლის მუნდიალის ფინალი უნდა გავიხსენო, სადაც ლოთარ მათეუსმა თვით დიეგო მარადონა გააჩერა და გერმანიამ არგენტინა დააჩოქა. აი 94–ის მუნდიალი უკვე კარგად მახსოვს და ძალიან დამწყვიტა გული ბულგარეთთან მარცხმა, მაგრამ იქ უკვე გადაბერებული შემადგენლობა იყო; 96–ში რაც ინგლისს თავიანთ მოედნებზე გავუკეთეთ, ფანტასტიკა იყო და შემდეგ დაიწყო დიდხნიანი ჩავარდნა – 1998 წლიდან.

როცა ნაკრებს ბობიჩისა და პაულო რინკის ნატურალიზება დასჭირდა, მიხვდნენ, რომ რაღაც სათანადოდ ვერ იყო და მთლიანად ფედერაცია საქმეს იდეალურად მიუდგა და რეალურად გაზარდეს ფეხბურთელები და 2006 წელს უკვე მუნდიალზე მესამე ადგილზე გავიდნენ და გარკვეული შედეგი ედოთ. შემდეგ იყო ევრო 2008–ის წაგებული ფინალი, 2010–ში და 2012–ში ნახევარფინალები და ბოლოს, როგორც იქნა, 2014–ის ტრიუმფი.

– შენი აზრით, ვინ იყო 2014–ის ტრიუმფის მთავარი შემოქმედი?

– უფრო მაინც იურგენ კლინსმანი, იოახიმ ლიოვი და მთლიანად სამწვრთნელო შტაბი, რომელმაც 2006 წლიდან მოყოლებული შეკრა გუნდი, რომლის გაჩერებაც 2014–ში ვეღარავინ შეძლო. ჩემი აზრით, ძალიან სწორად მოიქცა ფედერაცია, როცა კლინსმანის გაშვების შემდეგ საქმე სწორედ მის თანაშემწეს გააგრძელებინეს, რითაც გზიდან არ გადაუხვიეს და იგივე ფილოსოფიითა და მიდგომით მივიდნენ გამარჯვებამდე.

მუნდიალამდე ჩემთვის გარკვეულ ანალიზებს ვაკეთებდი და იყო გუნდი, რომელსაც თითო პოზიციაზე მინიმუმ 2 უმაღლესი დონის ფეხბურთელი მაინც ჰყავდა და ვერავინ იტყოდა იმას, რომ “ბასტი არ იყო და წავაგეთ”.

ადრე მსგავსი შემთხვევა ორჯერ იყო და ორივეჯერ მიხაელ ბალაკის შემთხვევაში – ჯერ 2002 წლის ფინალში, შემდეგ 2010 წელს, როცა ტურნირამდე 1 თვით ადრე ინგლისის თასის ფინალში დაიმტვრდა და გუნდს ძალიან დააკლდა.

– როგორ ფიქრობ, აქვს გერმანიას შანსი იმისა, რომ რუსეთში ტიტული დაიცვას?

– მთავარი ფავორიტები გერმანია და საფრანგეთი მგონია, რომელსაც ასევე ძალიან დაბალანსებული და მაღალი დონის გუნდი ჰყავს. ვნახოთ, ესპანელები თუ დააყენებენ გუნდს, მაგრამ ამ მუნდიალზეც ნაკლებად მგონია მათი ტრიუმფი, რადგან ჩემი აზრით, მენტალურად ეს ფეხბურთელები გადამწვარნი არიან და მათაც ახალი სისხლი სჭირდებათ, რის ფუფუნებასაც ესპანური საკლუბო ფეხბურთი და აკადემიები იძლევიან, მაგრამ ამასაც გარკვეული დრო სჭირდება.

ზოგადად, ძალიან მეეჭვება, რომ რუსეთში ტიტული ევროპამ ვერ მოიგოს. სიურპრიზის შემოთავაზება პორტუგალიას შეუძლია, რომელსაც გამარჯვებულის ფსიქოლოგია აკლდა და უკვე აქვს და პლიუს ამას კრიშტიანუ რონალდუ! გარდა ამისა, გერერო, რენატო სანჩესი და მოკლედ, დაბალანსებული გუნდია.

– გამორჩეული გოლი და პასი…

– მიუხედავად იმისა, რომ გერმანულ გუნდს გაუტანა, მაინც ზიდანის გოლი “ლევერკუზენის” კარში და ასევე ვან პერსის “ფრენა” ესპანეთთან. რაც შეეხება პასს, სუბიექტური ვიქნები და ანდრე შიურლეს გადაცემა გიოტცეს მიმართულებით.

– შენი აზრით, რომელია ყველაზე შეუმდგარი ვარსკვლავი?

– ალბათ, მაინც გიოტცეს ვიტყვი. იგი სულ სხვა იყო “დორტმუნდში” და შემდეგ უკვე “ბაიერნში” გადასვლით უკუსვლა განახორციელა. რომ არა ეს ტრანსფერი და ტრავმები, რონალდუს და მესის გვერდზე დადგომაც შეეძლო.

გარდა ამისა, ვიტყოდი სებასტიან დაისლერს, რომელიც 2000–იანებიდან მოყოლებული ყველა მის ნიჭს აღნიშნავდა და სხვათა შორის, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მაიკლ ოუენს ადარებდნენ, რომელიც ასევე შეგვიძლია შევიყვანოთ ამ სიაში.

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები…

– ბუფონი ლეგენდაა სტაბილურობით, ლიდერობით და ხანგძლივი კარიერით, თუმცა კარში იკერ კასილასს დავაყენებდი – მარჯვნივ ლამი, ცენტრში ის “დამპალი” ჰუმელსი (იცინის) და ნესტა, ხოლო მარცნივ რობერტო კარლოსი, რომელიც ამ პოზიციაზე უკონკურენტოა. ნახევარდაცვა: 2 საყრდენი ჩავი–ინიესტას სახით, მარცხნივ როისი, მარჯვნივ კრიშტიანუ რონალდუ, ფლეიმეიქერი ზიზუ და წინ ტიერი ანრი. მწვრთნელი? გავრისკავ და ვიტყვი ჟოზე მოურინიოს (იცინის).

ესაუბრა გიორგი ფულარიანი