გაიცანი გულშემატკივარი: გიგი ბერიძე

220

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი – გიგი ბერიძე.

– გამარჯობა, გიგი. გაეცანი ჩვენ მკითხველს…

– გამარჯობა. მე ვარ გიგი ბერიძე, 25 წლის. დამთავრებული მაქვს ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი, კერძოდ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

 

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი?

– ზუსტად გამიჭირდება ვთქვა, თუ როდის ვნახე პირველად ფეხბურთი, მაგრამ პირველი შეხება იყო 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი და ჩემი საფეხბურთო მახსოვრობაც იქიდან იწყება.

 

– რატომ “ბარსელონა”?

– ალბათ, როგორც უმრავლესობამ, მეც კონკრეტული ფეხბურთელის გამო დავიწყე “ბარსელონას” გულშემტაკივრობა, კერძოდ რივალდოს გამო – 2000 წელს “მილანი” – “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის თამაში და რივალოს ბენეფისი. რატომ “ბარსელონა”? იმიტომ, რომ ჩემ საფეხბურთო გემოვნებასთან ყველაზე ახლოსაა.

 

– გასულ სეზონს როგორ შეაფასებდი?

– გასულ სეზონს ცუდად შევაფასებდი, რადგან ჩააგდო გუნდმა, მაგრამ ორი ისეთი მატჩი იყო პსჟ–სთან და “რეალთან”, რომ ბევრი რამ დამავიწყა – მანამდე ჩაგდებული თამაშები და უაზროდ დაკარგული ქულები.

 

– როგორ გგონია, ვალვერდე გაამართლებს?

– სიმართლე გითხრათ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ვალვერდეს აქამდე არასდროს უმუშავია დიდ გუნდში და რამდენად გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, საკითხავია, თუმცა ის, რომ აქვს სამწვრთნელო გამოცდილება და დიდი ხანია მუშაობს ესპანეთში და ის, რომ კრუიფის “ბარსელონას” ფეხბურთელი იყო და იცის, იცნობს “ბარსას” ფილოსოფიას, უკვე პლიუსია. აქედან გამომდინარე, იმედია, წარმატებული იქნება მისი მუშაობა.

– ყოფილა ისეთი ტრანსფერი “ბარსაში”, რომელიც გეგონა გაამართლებდა, მაგრამ გული დაგწყვიტა?


– ფაბრეგასის ტრასფერი იყო ასეთი, რომელსაც დიდი ხანი ველოდი და სამწუხაროდ, ვერ გაამართლა მოლოდინი.
 

– რაიკაარდის ფორმაცია თუ პეპის?

– პეპის “ბარსა”, რომელიც საუკეთესო გუნდია მათ შორის, ვინც მინახავს.

– შენი ტოპ 5 “ბარსელონელი”…

– კუბალა; კრუიფი, რომელიც როგორც ფეხბურთელი და შემდეგ როგორც მწვრთნელი ლეგენდა იყო “ბარსელონასთვის”; გუარდიოლა – ასევე როგორც ფეხბურთელმა და მწვრთელმა უამრავი ჯილდო მოუტანა გუნდს; ჩავი, რომელიც იყო ტვინი იმ გუნდისა, რომელიც მაგიურ ფეხბურთს თამაშობდა და ბოლოს მესი.

– გადავიდეთ სანაკრებო ფეხბურთზე…

– სანაკრებო ფეხბურთში, განსხვავებით საკლუბოსგან, საკუთარ თავს ფანს ვერ ვუწოდებ. ვგულშემატკივრობ არგენტინას მათი საფეხბურთო სტილიდან გამომდინარე და ევროპაში ესპანეთს.

– ყველაზე მაგარი პასი და გოლი, რაც გინახავს…

– ძალიან ბევრია და მიჭირს რომელიმეს გამორჩევა, მაგრამ ალბათ, ალბათ ზიდანის გოლი ლიგის ფინალში “ლევერკუზენთან” და ჩავის No Look პასი ასევე ლიგის ფინალში 2011 წელს “მანჩესტერთან” პედროს მისამართით.

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შენი გემოვნებით…

– კარში ბუფონი – ერთგულების და სტაბილურობის განსახიერება. კაცი, რომელსაც ზოგჯერ მგონია, რომ ორი კი არა, ოთხი ხელი აქვს, რადგან წარმოუდგენლად მეჩვენება მისი აღებული ბურთები.

დაცვის ცენტრი: პუიოლი – საუკეთესო კაპიტანი, ვინც მინახავს და სტაბილური მცველი. მის მეწყვილედ ნესტა – გამორჩეული ინტელექტის მქონე მცველი, რომელსაც რამდენიმე წამით ადრე შეეძლო გამოეცნო თუ რას აპირებდა მეტოქე თავდამსხმელი. მარცხვნივ დავაყანებდი მალდინის – იგივე შემიძლია ვთქვა, რაც ნესტაზე –  დიდი ინტელექტის მქონე მცველი.
მარჯვნივ კაფუ – დაუღალავი მებრძოლი კაცი, რომელიც თავის ფლაგზე ყველგან იყო – შეტევაშიც და დაცვაშიც და არაჩვეულებრივად ასრულებდა მის საქმეს.
ცენტრი რივალდო, რომელზედაც სუბიექტური ვიქნები და ბევრ საუბარს არ დავიწყებ.
ზიდანი – ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო და ბევრისთვის საუკეთესო ნახევარმცველი საოცარი ინტელექტით, რომელიც ჯადოქრობდა მოედანზე. და ასევე ინიესტა – ესთეტიური თამაშის უმაღლესი კლასი.
რაც შეეხება შეტევას: გაუჩო – ჯადოქარი, რონალდო – ფენომენი და მესი – საუკეთესო საუკეთესოთა შორის. ამ გუნდის მწვრთნელად დავაყენებდი ადამიანს, რომელიც ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად მიმაჩნია – სერ ალექს ფერგიუსონი.