გაიცანი გულშემატკივარი: რეზი გაბისონია

216

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი – “ყვითელი ინტერისტი” რეზი გაბისონია.

– გამარჯობა, რეზი. გაეცანი ჩვენ მკითხველს…

– რეზი გაბისონია, 34 წლის. მილანის “ინტერის” დიდი გულშემატკივარი.

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი?

– ფეხბურთის სიყვარული 1990 წლიდან მომყვება. ბრაზილია–შვეიცარიის მიმოხილვა ვნახე და კარეკას გოლმა სამუდამოდ “გამაყვითლა” და მას შემდეგ მე და ფეხბურთი ერთად ვართ.

– რატომ “ინტერი”?

– “ინტერს” ჩემ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. რატომ “ინტერი”? ეს თავისით მოვიდა, ვერ ავხსნი. ვერ ავხსნი იმიტომ, რომ როცა “ინტერი” ჩამივარდა გულში, მაშინ არაფერი ვიცოდი ამ კლუბზე, წარმოდგენა არ მქონდა თუ არსებობდა მსგავსი გუნდი. 94–ში უეფას თასი მოიგო “ინტერმა” და ერთ–ერთმა რუსულმა არხმა რომ გამოაცხადა, იტალიურმა “ინტერმა” უეფას თასი მოიგოო, ისე მივიღე თითქოს და, დიდი ხნის გულშემატკივარი ვყოფილიყავი. დიდი ხნის მანძილზე ბევრი ვერაფერი გავარკვიე “ინტერზე”, გარდა იმისა, რომ თბილისის “დინამოს” ჰქონდა მოგებული ადრე და გუნდში უთამაშიათ იტალიის საუკეთესო ფეხბურთელებს – ფაკეტის და მაცოლას. ვიცი, კითხვას სრულყოფილად ვერ ვუპასუხებ (იცინის).

– როგორ ფიქრობ, რა არის ამდენწლიანი ჩავარდნის მთავარი მიზეზი?

– ყველასთვის ნათელია, რომ “ინტერს” პრობლემა ხელმძღვანელობაში ჰქონდა. მორატის შემდეგ ინდონეზიელმა მფლობელმა მენეჯმენტი და ინფრასტრუქტურა “ამოქაჩა”, დაფარა მორატის დროინდელი ვალები, მაგრამ გუნდი დარჩა “თამაშგარე”, ვარსკვლავების ნაცვლად, საშუალო დონის ფეხბურთელები მოიყვანა და შედეგიც შესაბამისი მიიღო. უკვე წლებია, გუნდი მე–5 ადგილს ვერ სცდება.

– გაქვს ჩინელი ინვესტორების იმედი?

– ჩინელების იმედი რაღაც დოზით მაქვს, სერიოზული კომპანიაა “suning”, სერიოზული ხალხი უდგას სათავეში და ვფიქრობ, რომ ლიგის საგზურისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

– როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად სად სჭირდება “ინტერს” გაძლიერება?

– დაცვის ხაზი მთლიანად და ერთი შემტევი ნახევარმცველი, რომელიც “დირიჟორის” მოვალეობას შეასრულებს. დღეს “ინტერს” შემქნელი ფეხბურთელი არ ჰყავს.

– როგორ აღწერდი ჟოზე მოურინიოს პერიოდს?

– ბრწყინვალე პერიოდი ჟოზესთან ერთად. ჟოზემ “ინტერისტები” დიდი ისტორიის ნაწილი გაგვხადა 2010–ში –  გუნდს მოაგებინა 45–წლიანი საოცნებო, ჩემპიონთა ლიგა და დაგვიდო “ტრიპლეტი”.

– შენი ტოპ 5 “ნერაძური”…

– რონალდო, ხავიერ ძანეტი, ჟულიო სეზარი, იური ჯორკაეფი, ადრიანო.

– როგორც “ინტერის” ფანი: ტოლდო თუ ჟულიო სეზარი?

– ტოლდომდე პალიუკაც მახსოვს “ინტერში”, მაგრამ საბოლოოდ, მაინც სეზარი. ჟულიანო სუპერი იყო!

– როგორ ფიქრობ, იტალიას რა შანსები ექნება მომავალ მუნდიალზე?

– იტალიას არ ჰყავს სუპერვარსკვლავები, მაგრამ შეუძლია ისევ გაგვაკვირვოს, როგორც ევრო2012–ზე.

– ყველაზე მაგარი პასი და გოლი, რაც გინახავს…

– ყველაზე მაგარი პასი? ნახვით ბევრი მაგარი პასი მინახავს, მაგრამ როცა გადაცემებზე ვსაუბრობ, პირველი მელოს ბრწყინვალე ასისტი მახსენდება რობინიოს მიმართულებით 2010 წლის მუნდიალის მერვედფინალში ჰოლანდიის წინააღმდეგ. საუკეთესო გოლი: რონალდოს მიერ გატანილი გოლი უეფას თასის ფინალში “ლაციოს” კარში. ნესტას ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე არ დაავიწყდება 1998 წლის 6 მაისი და რონალდო.
ასევე, სტანკოვიჩის გოლი მილანურ დერბიში 2009/2010. (ზოგადად, სტანკოვიჩი გამოირჩეოდა შორიდან ლამაზი გოლების გატანით. ალბათ, საუკეთესო ამ ნომინაციაში.)

– შენი გემოვნებით ყველა დროის სიმბოლური ნაკრები…

– მეკარე: ჟულიო სეზარი.
მცველები: მარჯვენა მაიკონი. ცენტრი: ლუსიო, ბერგომი, მარცხენა: ძანეტი.
ნახევარდაცვა: ზეედორფი, კამბიასო, მათეუსი. თავდასხმა: რონალდო 9. (ჩემთვის ფეხბურთის N1 თავდამსხმელი.) ადრიანო, მილიტო. (არ ვიცი, ვინ სად დავაყენო ამ სამიდან, მაგრამ სამივე მჭირდება). ბოდიში სნეიდერს, სტანკოვიჩს, სამუელს და ა.შ. მაგარი ბიჭები არიან.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო..