გაიცანი გულშემატკივარი: გიორგი კოროშინაძე

213

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარი გიორგი კოროშინაძეა.

– მოგესალმებით, გიორგი. გაეცანი ჩვენ მკითხველს…

– მოგესალმებით, გიორგი კოროშინაძე, 22 წლის. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი და დორტმუნდის “ბორუსიას” გულშემატკივარი.

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი?
–  ფეხბურთი იქამდე შემიყვარდა, ვიდრე ტელევიზორში ვნახავდი – ეზოში თამაშის დროს, თუმცა ასევე მახსოვს 2002 წლის ბრაზილიის და გერმანიის ფინალი, რომელიც პირველი მატჩია, რომელსაც ვუყურე და საკმაოდ მომეწონა.

– რატომ “დორტმუნდი”?
– ამ შეკითხვაზე ლეგენდარული დენის ბერგკამპის ფრაზა უნდა მოვიყვანო: “როდესაც შენ იწყებ გუნდის გულშემატკივრობას, შენ არ აკეთებ ამას მისი ისტორიის, ტიტულების ან ფეხბურთელების გამო, არამედ იმიტომ, რომ შენ იპოვე საკუთარი ადგილი ამ გუნდში, შენ ეკუთვნი ამ კლუბს”. სწორედ ამიტომ ავირჩიე “დორტმუნდი”.

– როგორ შეაფასებდი გასულ სეზონს და ზოგადად, ტუხელის მუშაობას?
–  გასული სეზონი შეიძლება, წარმატებულად ჩაითვალოს, რადგან ტიტული მოვიგეთ. რაც შეეხება ტუხელს, პირველი სეზონი საკმაოდ დამაჯერებელი ჰქონდა, თუმცა გასულ სეზონში თამაშის ხარისხმა აშკარად იკლო. ეს, ალბათ, ზაფხულში გაშვებული ფეხბურთელების ბრალიცაა, თუმცა არც ტუხელი მგონია უცოდველი. საბოლოო ჯამში მის მუშაობას წარუმატებლად ვერ ჩავთვლი.

– როგორ გგონია, პიტერ ბოში გაამართლებს?
– სიმართლე რომ ვთქვა, “აიაქსის” მხოლოდ ერთი თამაში მაქვს ნანახი – გასული ევროპა ლიგის ფინალი “მანჩესტერთან” და დიდად ვერ მოვიხიბლე, თუმცა მგონია, რომ შეუძლია, ტუხელის შედეგი როგორც მინიმუმ გაიმეოროს, ამისათვის კი მას ორი სეზონი აქვს.

– შენი აზრით, სად სჭირდება ყველაზე მეტად გუნდს გაძლიერება?
– რეალობიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, გუნდი საკმაოდ კარგად არის დაკომპლექტებული. არ მაქვს იმის ილუზია, რომ რომელიმე ტოპვარსკვლავი გადმოვა “დორტმუნდში” ან თუნდაც ისეთი მაღალი დონის შემსრულებლები, როგორებიც არიან: გრიზმანი, ვერატი, დე ბრუინი… ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემი დიდი სურვილია ობამეიანგის წასვლის შემთხვევაში რომელუ ლუკაკუს ყიდვა.

– როგორ აღწერ იურგენ კლოპის პერიოდს?
– იურგენ კლოპის პერიოდი მართლაც საოცარი იყო, ამ პერიოდზე უსასრულოდ შემიძლია საუბარი. ორი ჩემპიონობა, თასი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, რომანტიული, ლამაზი ფეხბურთი, უმაღლესი დონის შემსრულებლები და ქარიზმატული მწვრთნელი – ეს ის კომბინაციაა, რომელიც ალბათ, აღარასდროს განმეორდება.

– შენი რეაქცია, როცა 2013 წელს გუნდმა “მალაგასთან” საოცარი თამაში შემოატრიალა…
– როდესაც როისმა ანგარიში 2:2 გახადა 90–ე წუთზე, მეგონა, რომ ისე გამოვვარდებოდით ლიგიდან წაგება არ გვექნებოდა, თუმცა შემდგომ ფელიპე სანტანას გოლი და ყველაფერი შემოტრიალდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, საფინალო სასტვენამდე არ მიზეიმია და დაძაბული ვუყურებდი ბოლო წუთებს.

– როგორ ფიქრობ, რა დააკლდა ფინალში “ბაიერნთან” მოსაგებად?
– ფინალში “ბაიერნის” მოსაგებად აუცილებელი იყო მოედანზე მარიო გიოტცეს ყოფნა. მის გარეშე გუნდის შემტევი რესურსი ძალზე შესუსტდა.

– შენი ტოპ 5 დორტმუნდელი…
– პირველ რიგში, აუცილებლად მარკო როისი, შემდგომ შაჰინი, ლევანდოვსკი, კაგავა და პიშჩეკი.

– როგორ გგონია, გერმანიას რა შანსები აქვს მუნდიალზე?
– გერმანიას, როგორც 2014 წელს, 2018–შიც საკმაოდ ნორმალური შანსი აქვს მუნდიალზე შორს გასვლის და თასის მოპოვების. დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერად გუნდს დაეხმარებიან და ტურნირს არ გამოტოვებენ მარკო როისი და ილქაი გიუნდოგანი. ასევე მინდა, რომ აკრიფოს ფორმა მარიო გიოტცემ და კარგ კონდიციებში იყოს ტურნირის დროს.

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
–  ყველაზე მაგარი გოლი, რაც პირდაპირ ეთერში მინახავს ალბათ, არის რუნის გატანილი “მაკრატელა” მანჩესტერულ დერბიში. რაც შეეხება პასს, ჩემი ფავორიტი არის კაკას გადაცემა სტამბულის ფინალში კრესპოს მიმართულებით, რის შემდეგაც ერნანი მეკარეს ერთი შეხებით თავზე უგდებს ბურთს და ანგარიში 3:0 ხდება.

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შენი გემოვნებით ვინც გინახავს თავისი მწვრთნელით…
–  ბუფონი – ეშლი კოული, ტერი, ნესტა, ძანეტი – ლამპარდი, ზიდანი, ინიესტა – მესი, რონალდო(კიჭა), ტორესი. მწვრთნელი ხოსეპ გუარდიოლა.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი