გაიცანი გულშემატკივარი: ოთარ ზალიკაშვილი

330

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარია ოთარ ზალიკაშვილი…

– მოგესალმებით, ოთარ, გაეცანი ჩვენ მკითხველს…
– მოგესალმებით, მე გახლავართ ოთარ ზალიკაშვილი, 21 წლის. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი?
– 2005 წლიდან მოყოლებული სპორტის ამ სახეობაზე ვარ შეყვარებული.

– რატომ “ჩელსი”?
– “ჩელსი” იმიტომ, რომ 2005 წელს, როდესაც დავიწყე ფეხბურთის ყურება და გადავხედე რამდენიმე გუნდის თამაშს, ჩემთვის ყველაზე სანახაობრივ და საოცარ თამაშს “ჩელსი” აჩვენებდა, როცა რომან აბრამოვიჩისა და ჟოზე მოურინიოს მიერ აწყობილი გუნდი ნელ–ნელა იღებდა საუცხოო სტარტს მსოფლიო ასპარეზზე.

– გასულ სეზონს და ანტონიო კონტეს მუშაობას როგორ შეაფასებდი?
– ანტონიო კონტეზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია, რადგან მან ჩამოაყალიბა ისეთი “ჩელსი”, რომელიც არის სტაბილური და შემტევი სტილით თამაშობს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სეზონში “ჩელსის” სატრანსფერო პოლიტიკა გააქტიურებულია და ვიბრუნებთ ლუკაკუს და სხვა ფეხბურთელების გადმოყვანას ვგეგმავთ, მჯერა, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც შევძლებთ წარმატების მიღწევას.

– როგორ ფიქრობ, გუნდს ყველაზე მეტად სად სჭირდება გაძლიერება?
– გუნდს, ჩემი აზრით, ძლიერი თავდასხმა და ნახევარდაცვა აკლია. მიუხედავად დიეგო კოშტას ნორმალური თამაშისა, არ შემიძლია დავმალო ჩემი ანტიპატიები ამ ფეხბურთელის მიმართ. მგონია, რომ ლუკაკუ გაცილებით უკეთ ითამაშებს და დროგბას დონემდე თუ არა, დროგბასთან მიახლოებულ თამაშს გვიჩვენებს (იცინის).

– გუნდს რა შანსები აქვს ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში?
– მომავალ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ “ჩელსი” ძლიერი კონკურენტი იქნება ნებისმიერი სხვა გრანდისთვის და მჯერა, რომ შევძლებთ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი. მთავარია სტაბილურობა და სატრანსფერო პოლიტიკის სწორად გამოყენება.

– შენი ტოპ 5 ლონდონელი…
– ლამპარდი, დროგბა, ჩეხი, ტერი, აზარი.

– ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი და გოლი…
– ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის 2012 წლის ფინალი, ხოლო ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი – ლამპარდის პენალტი 2008 წელს “ლივერპულთან”, როდესაც მას დედა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა. ეს გოლი იმდენად ემოციური იყო, რომ მთელი საფეხბურთო სამყარო ცრემლმა მოიცვა.

–  გადავიდეთ სანაკრებო ფეხბურთზე…
– სანაკრებო დონეზე ჩემი ფავორიტი ბრაზილია გახლავთ, რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ.

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– ყველაზე მაგარი გოლი რა თქმა უნდა, ახლო წარსულიდან არის ვან პერსის გოლი 2014 წელს თავით ესპანეთის წინააღმდეგ, ხოლო ყველაზე მაგარი პასი ამავე წელს ლეო მესის გადაცემა ბელგიელთა წინააღმდეგ.

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები, რაც გინახავს თავისი მწვრთნელით…
– ტაქტიკა: 4–4–2. მწვრთნელი ჟოზე მოურინიო. გუნდი: ჩეხი – დანი ალვეში, ტერი, ნესტა, ეშლი კოული – ესიენი, ჩაბი ალონსო, ლამპარდი, ჯერარდი – დროგბა, რონალდო (კიჭა). სათადარიგო: ბუფონი, მალდინი, პუიოლი, იოზილი, “წყეული” ინიესტა, რობენი, შევჩენკო.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი