გაიცანი გულშემატკივარი: ბექა ლემონჯავა

214

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარია მსახიობი და სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” თემური “თუთა” ძიგუას როლის შემსრულებელი ბექა ლემონჯავა, რომელიც იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარია…

– გამარჯობა, ბექა. გაეცანი ჩვენ მკითხველს…
– ბექა ლემონჯავა, 26 წლის. თეატრისა და კინოს მსახიობი.
 

– ფეხბურთი საიდან შეგიყვარდა?
– ფეხბურთი ჩემმა ბიძაშვილმა შემაყვარა. პირველი მატჩი, რომელიც დამამახსოვრდა ბრაზილია–იტალიის დაპირისპირება გახლდათ. ძალიან პატარა ვიყავი და იტალიის წაგება იმდენად განვიცადე, რომ ვიტირე. 3 წლის ვიყავი, მაგრამ ის ემოცია მახსოვს.
 

– რატომ “იუვენტუსი”?
– რაც შეეხება კონკრეტულად “იუვენტუსს”, არ მახსოვს მიზეზი, რატომ გადავიკვეთეთ, თუმცა რაც ფეხბურთს ვუყურებ “იუვე” სულ ჩემთანაა (იღიმის).
 

– გასულ სეზონს როგორ შეაფასებდი და როგორ ფიქრობ, მაინც რა მოხდა ფინალში?
– მთლიანობაში სეზონი წარმატებული იყო, ფინალში კი აშკარად გვაჯობეს.
 

– რას ფიქრობ, სად სჭირდება გუნდს ყველაზე მეტად გაძლიერება?
– ვფიქრობ, ყველაზე მეტად მაინც ნახევარდაცვაში.
 

– ყველაზე მაგარი მატჩი შენი საყვარელი გუნდის შესრულებით…
– გამოვყოფდი 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “რეალთან” “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ დაპირისპირებას, სადაც ალესანდრო დელ პიერომ დუბლი შეუსრულა იკერ კასილასს – ეს დაუვიწყარი იყო!
 

– დაახასიათე ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი…
– იგი ჩემთვის ფეხბურთია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
 
– გადავიდეთ სანაკრებო ფეხბურთზე. როგორ ფიქრობ, რა შანსები აქვს იტალიას მუნდიალზე?
– ჩემი აზრით, გერმანია იტყვის თავის სიტყვას. იტალიის იმედი არ მაქვს.
 

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– ალბათ, მაინც ზიდანის გოლი “ლევერკუზენთან”. რაც შეეხება პასს, ერიკ კანტონას მიერ მოჭრილი, ტერფით განხორციელებული გადაცემა.
 

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შენი გემოვნებით + მწვრთნელი…
– ბუფონი – ძამბროტა, კანავარო, ნესტა, მალდინი – ნედვედი, პირლო, ბალაკი – ბერგკამპი, მესი, დელ პიერო. მწვრთნელი ფაბიო კაპელო. არ ვიცი, რამდენად კარგი გუნდი იქნება, მაგრამ ჯიგრები არიან (იცინის).

ესაუბრა გიორგი ფულარიანი