გაიცანი გულშემატკივარი: სოფიო ზედგინიძე

332

– გამარჯობა, სოფიო. გაეცანი ჩვენს მკითხველს…
– სოფიო ზედგინიძე, 24 წლის. მადრიდის “რეალის” გულშემატკივარი.

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი?
– პირველად შემთხვევით 9 წლის ასაკში მომიწია საფეხბურთო მატჩის ყურება და ძალიან დავინტერესდი.(მსოფლიო ჩემპიონატის მატჩმა, სადაც 2002 წლის ბრაზილია თამაშობდა, შეუძლებელია, არ დაგაინტერესოს).

– რატომ “რეალი”?
– 2002 წელს მე გავიკითხე, რომელი იყო ყველაზე დიდი და ისტორიული კლუბი და ყველა მადრიდის ”რეალზე” მესაუბრებოდა. თეთრი ჩემი საყვარელი ფერია და გამიხარდა მათი თეთრი ფორმების დანახვა (იღიმის).

– როგორ აღწერდი ზიდანის პერიოდს და რა გრძნობაა, როცა შენი საყვარელი გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს ზედიზედ მეორედ იგებს?
– ის, რაც ზიდანმა “რეალისთვის” გააკეთა, მით უმეტეს იმ ფონზე, რა გუნდიც გვახსოვს, არის წარმოუდგენელი. მან შეიტანა გუნდში სიმშვიდე და თავდაჯერებულობა. პროფესიონალებს და ჩამოყალიბებულ ვარსკვლავებს გასახდელში კარგი განწყობა სჭირდებათ, რათა თავისი მაქსიმუმი აჩვენონ. აი, ეს განწყობა მისცა ზიდანმა გუნდს. ზედიზედ ორი ლიგის მოგება უგო სანჩესის სიტყვების გამართლებას ჰგავს: ”რეალი ყოველთვის ბრუნდება რათა ოქროს ასოებით დაწერილი ისტორია,ოქროს ასოებითვე ჩაასწოროს”.

– რას შეცვლიდი “რეალში”?
– მე არ მომწონს ის, რომ გუნდს არ აქვს პრესინგი. მეტოქეს ძალიან მარტივად აძლევენ ბურთის გათამაშების საშუალებას, ხანდახან საკუთარ ნახევარზეც კი.

– და მაინც: რომელი უფრო გუნდის ტვინია – კროოსი თუ მოდრიჩი? 
– დღეს “რეალი” ყველაზე გუნდურია, რაც გვახსოვს და ამიტომაც, ორივე!

– რომელი 7–იანი – რაული თუ რონალდუ?
– წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით პორტუგალიელი 2 თავით მაღლა დგას ესპანელზე. რაული იყო კარგი შემსრულებელი, რონალდუ რაც არის ყველამ ვიცით, თუმცა რაული არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შემიყვარდა ფეხბურთი.

– ახლა რომ შენი უფლება იყოს, იკერს დაიბრუნებდი თუ ნავასს დაიტოვებდი?
– დიახ, ოღონდ სარა კარბონეროს გარეშე (იცინის). დავაბრუნებდი, მაგრამ მეორე მეკარედ. თუ ჩემპიონობა გსურს, ყველა პოზიციაზე საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები უნდა გყავდეს. ნავასს საერთოდ გავუშვებდი, რადგან არასტაბილურია.

– გადავიდეთ სანაკრებო ფეხბურთზე. აქ ვის გულშემატკივრობ?
– სანაკრებო თვალსაზრისით გამოკვეთილი ფავორიტი არ მყავს. ყველა იმ ნაკრებს ვგულშემატკივრობ, სადაც მადრიდისტები გამოდიან. სხვისი დროშის გულშემატკივრობა არ შემიძლია.

– როგორ ფიქრობ, ვინ არის მომავალი მუნდიალის მთავარი ფავორიტი?
– მომავალი მუნდიალის მთავარი ფავორიტი, რა თქმა უნდა, გერმანიის ნაკრებია. ამ ნაკრებს აქვს ამოუწურავი რესურსი. სხვა კიდევ უამრავი ნაკრებია, რომელიც გერმანიის შემდეგ მოდის: იგივე იტალია, ესპანეთი, არგენტინა, ბრაზილია…

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– ოოო, ყველაზე მაგარი პასის დასახელება ძალიან გამიჭირდება. გუტის მოკლე და ბექჰემის გრძელი პასები იყო ის, რაც ყველაზე მეტად მომწონდა. ორ გოლს გამოვყოფდი: ერთი არის ზიდანის გოლი “ლევერკუზენთან”, რომელიც ჩემთვის კლასიკაა და მეორე რამოსის გოლი ასევე ლიგის ფინალში 2014 წელს. ეს არ იყო განსაკუთრებული სილამაზის, თუმცა იყო გოლი, რომელმაც ყველაზე დიდი ბედნიერება მომანიჭა. ამ გოლად ღირდა მარტო ამდენი წელი ”რეალის” გულშემატკივრობა.

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შენი გემოვნებით…
– ბუფონი – კაფუ, რამოსი, მალდინი, კარლოსი – ზიდანი, მაკელელე, ინიესტა – რონალდუ, მესი, რონალდო. მწვრთნელი სერ ალექსი.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი