TOP 10 დაუფასებელი ხელოვანი…

377

ფეხბურთი რომ საოცარი რამაა და მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტის სახეობა, ცხადია. ზოგს გოლი აღაფრთოვანებს, ზოგს ფინტი, “მეჟდუ ნოგი”, “პადსებია”, დრიბლინგი და ა.შ. თუმცა ჩემთვის განსაკუთრებულად აღმაფრთოვანებელია გოლკიპერის მიერ განხორციელებული სეივი.

ამ საოცარ თამაშში ეს ყველაზე რთული პოზიციაა და ამავე დროს, მეკარეს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, თუმცა ჩემი ღრმა რწმენით, არის “დაუფასებელი ხელოვნება”. მაგალითისთვის: თუკი მეკარემ 35 დარტყმიდან 30 აიღო და 5 გაუშვა, იტყვიან, ის 5 როგორ გაუშვაო…

მინდა შემოგთავაზოთ ტოპ 10 გოლკიპერი ჩემი გემოვნებით, ვისაც უშუალოდ მოვესწარი. მაშ ასე, დავიწყოთ:

1. ჯანლუიჯი ბუფონი 

პირველ რიგში, საოცარი, ბრწყინვალე, ღირსეული პიროვნება და შემდეგ დიდი მეკარე. 2006 წელს გერმანიის მუნდიალზე საოცარი “პერფომანსების” შემდეგ დავრწმუნდი, თუ რაოდენ დიდ ფეხბურთელთან გვქონდა საქმე. ასაკი თავისას აკეთებს და ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 ფინალში (2015, 2017) 7 გოლი გაუშვა და აქედან, 2–ის აღება ნამდვილად შეეძლო, მაგრამ ფაქტი, რომ ამ ასაკშიც დაუღალავად იღვწის აუსრულებელი ოცნების ასასრულებლად, ძალზე დასაფასებელია!

2. პეტრ ჩეხი

ჩემი პირველი სიყვარული მეკარეებში. იგი პირველად ევრო2004–ზე შევამჩნიე, სადაც დიდებულად იასპარეზა და ტურნირის საუკეთესო გოლკიპერადაც სრულიად დამსახურებით დასახელდა. შემდეგ იყო “ჩელსიში” გატარებული ბრწყინვალე პერიოდი, სადაც უმძიმესი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და კიდევ უფრო მაღალ დონეს აჩვენებდა – ეს მისი სიდიადის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი. მერე კი ტრანსფერი “არსენალში”… ძალიან მეცინებოდა და დღემდე მეცინება იმ ხალხზე, ვინც თვლიდა, რომ მისი დრო წასულია და პირველივე სეზონში “მეთოფეთა” არადამაჯერებელ დაცვაში “ოქროს ხელთათმანი” მოიგო!!! თუნდაც “ბაიერნთან” გუშინ გამართულმა ამხანაგურმა მატჩმაც დაგვიმტკიცა, რომ “ჩეხის დაბერება” ძალიან ადრეა. ჩემი ღრმა რწმენით, გამოსვლებში და თამაშის წაკითხვის უნარში ბადალი არ ჰყავს. იგი ყველაზე ინტელექტუალი მეკარეა, ვინც მინახავს. ასევე იდეალურად თამაშობს ფეხით, რაც მეკარესთვის უმნიშვნელოვანესია.

3. მანუელ ნოიერი

ყველაზე ათლეტური მეკარე ისტორიაში!!! ამ ადამიანს უკვე იმდენი აქვს გაკეთებული, რომ საპატიო მესამე ადგილს თავისუფლად იმსახურებს. დანერგა განსხვავებული სტილი, რომელიც, სიმართლე გითხრათ, თავიდან მაშინებდა და ნერვებს მიშლიდა, მაგრამ ფაქტია, რომ “სტანკოვიჩები” აღარ მოსდიოდა და როგორც კი ნებისმიერი მეკარე საჯარიმოს გარეთ მოიგერიებს ბურთს, იტყვიან, “წაუნოიერა”, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. ათლეტურობასთან ერთად, საოცრად ელასტიურია, აქვს შესანიშნავი რეფლექსები და უძლიერესი მაჯა. მისი თამაშის ცოცხლად ხილვის ბედნიერება 2–ჯერ მქონდა და ჯერ კიდევ გახურებაზე დამარწმუნა, რომ უდიდესი გოლკიპერია!

4. ედვინ ვან დერ საარი

“მანჩესტერის” ქომაგი არ ვარ, მაგრამ მისი თამაში ძალიან მენატრება. ყველაზე კლასიკურ სტილში მოთამაშე გოლკიპერი, რომელიც საოცრად ფლობდა ბურთს და მე–5 მცველის ფუნქციას არაერთხელ ასრულებდა. მართალია, 35 წლის ასაკში გაეხსნა “მეორე სუნთქვა”, მაგრამ იმ წლებში, რასაც მე მოვესწარი, ნამდვილად ძალიან მაგარი იყო. იცით, რა მომწონდა მასში ყველაზე მეტად? ჩეხის მსგავსად, პუბლიკაზე არ თამაშობდა – ყოველგვარი ზედმეტი ნახტომის და გადაკოტრიალების გარეშე იგერიებდა ბურთებს ან სულაც ერთი შეხედვით ურთულეს დარტყმას ნაბიჯის გადადგმით აფიქსირებდა ხელებში.

5. ოლივერ კანი 

“ფეხბურთი ხელოვნებაა. კრეატიულ თამაშზე საუბარი უფრო ნახევარმცველების შემთხვევაში შეიძლება. ისინი გარკვეულ სიტუაციებს წინასწარ ხედავენ და შეუძლიათ გადამწყვეტ მომენტში მოულოდნელი ჩაწოდება ან არაჩვეულებრივი გოლი განახორციელონ. მეკარის შემთხვევაში უფრო ძნელია ხელოვნებაზე საუბარი, მაგრამ აქაც არის ასეთი მომენტები: მაყურებელი უკვე ზეიმს იწყებს, მაგრამ უცებ, ხმა უწყდება, მეკარე ისეთ ბურთს იღებს, ყველას რომ უკვე გატანილი ეგონა – ეს არის მეკარისთვის დიდებული წამი. ვინ იცის, იქნებ წამის მეასედებში ვახერხებთ ვიყოთ კრეტიულნი – ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ჩვენ გვაქვს უნარი დავიჭიროთ ისეთი ბურთები, რომელთაც ვერც კი ვხედავთ” – ამონარიდი მისი ავტობიოგრაფიული წიგნიდან, რომლის წაკითხვის შემდეგაც კიდევ უფრო დავრწმუნდი, თუ რაოდენ დიდი მოტივაცისაა და ქარიზმის მატარებელი გოლკიპერი გახლდათ. ჰქონდა საოცარი რეფლექსები და იყო მუშტებით მოგერიების სპეციალისტი.

„ყოველთვის მინდოდა, ნამდვილი ვყოფილიყავი. ადამიანები ამბობდნენ ოლივერ კანი მოედანზე ცხოვრობს, თავისი სპორტი უყვარს, ყველაფერს აკეთებს წარმატებისთვის, შეცდომებსაც უშვებს, მაგრამ საოცარ რამეებსაც სჩადისო. „ტიტანს“ მეძახიან, ასევე „კინგ-კანს“, ან „ვულ-კანს“ , მაგრამ ყოველთვის მირჩევნია ვიყო უბრალოდ მეკარე, გოლკიპერი.“

6. იკერ კასილასი

ბევრი შემომედავება, თუ რატომ მყავს იკერი მე–6 ადგილზე, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენითა და გემოვნებით – ასეა! საოცარი ნახტომი და რეაქცია აქვს, რითაც არაერთხელ “გამოუძვრია” მკვდარი ბურთი. ვთვლი, რომ ესპანეთის ნაკრების დიდ წარმატებებში მისი წვლილი ყველაზე დიდია და სამწუხაროდ, ამას ვერ ხედავენ და ვერ აფასებენ. ასევე ძალიან გული დამწყდა, როცა “რეალმა” გაუშვა და “პორტუში” გადავიდა. ჩეხის შემთხვევისა არ იყოს, იკერიც ჩამოწერეს და ასევე ძალიან მეცინებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, “ჩაფხუტასთან” ერთად “სან იკერიც” ამტკიცებს, რომ 20 მაისს დაბადებული ორი დიდი ლეგენდის ჩამოწერა ჯერ ძალიან ადრეა!

7. დავიდ დე ხეა

“იგი სულ მალე ყველას პენსიაზე გაგვიშვებს” – იკერის სიტყვები დავიდ დე ხეას შესახებ 2011 წელს. “მანჩესტერში” გადასვლის შემდეგ მართლაც საოცარი პროგრესი აქვს და ეტაპობრივად ვითარდება. მთავარი, რაც დე ხეამ შეძლო არის ის, რომ დებიუტში დაშვებული ბავშვური შეცდომები მალევე გამოასწორა და + ფიზიკურად საგრძნობლად მოძლიერდა, რაც მის თამაშსაც დაეტყო – ბოლო რამდენიმე წელიწადია, “იუნაიტედს”, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ათრევს! თავიდანვე შესაშური ნახტომი და რეფლექსები ჰქონდა, მაგრამ ადრე პოზიციურად სწორად თამაში და ძლიერი დარტყმების გაქვავება უჭირდა, მაგრამ ბოლო წლებში ეს კომპონენტებიც საგრძნობლად დახვეწა და სხვათა შორის, არც ფეხით თამაში დაეწუნება.

8. ჟულიო სეზარი 

საოცარი ნახტომი და რეაქცია გამოავლინა 2010 წელს, როცა ლეო მესის ნახევარფინალში ის ცნობილი დარტყმული თითის წვერების წარტყმით არ გაუშვა. ზოგადად, 2009/10 წლების სეზონში იგი საოცარი იყო და რომ არა იკერის მიერ მოგებული მუნდიალი, საუკეთესოდ აუცილებლად მას დაასახელებდნენ!

9. ნელსონ დიდა

კიდევ ერთი ბრაზილიელი კიპერი. დიდა არის მეკარე, რომელიც ბუფონთან და ჩეხთან ერთად ბავშვობის პირველ სიყვარულად ითვლება. საოცარი რეფლექსები, ეფექტური ნახტომი და ძლიერი მაჯა ჰქონდა, მაგრამ ცოტა არასტაბილურობა უფუჭებდა საქმეს – ხან საოცარ ბურთს “გამოაძრობდა”, ხან ისეთს გაუშვებდა, თმები მელოტსაც კი ყალყზე დაუდგებოდა.

10. ვიქტორ ვალდესი

ჩემი აზრით, “ბარსას” ფანები მას სათანადოდ მაინც არ აფასებენ. კი, ბატონო, უამრავი ბავშვური Flop–ი აქვს, მაგრამ არავინ იხსენებს 2006 წლის პარიზის ფინალს, სადაც ჯერ მარტო ტიერი ანრის 3 მკვდარი ბურთი აუღო და ვთვლი, რომ ის ფინალი პირადად მან მოიგო! კიდევ არაერთხელ გადაურჩენია გუნდი საჭირო მომენტში და ზოგადადაც, 2008 წლის შემდეგ შეცდომებს აშკარად საგრძნობლად უკლო. მისი მთავარი პლიუსი ასევე ნახტომი და რეაქცია გახლდათ. გარდა ამისა, ფეხითაც მშვენივრად ანაწილებდა პასებს.

ბოლოსკენ ვიტყვი, რომ 2006, 2010, 2012 და 2014 წლებში შესაბამისად, ბუფონს, იკერს, ჩეხსა და მანუს აუცილებლად უნდა მიეღოთ ოქროს ბურთი!!!

მოამზადა გიორგი ფულარიანმა