ინგლისური მუსიკა მწვანე მინდორზე

322

ფეხბურთი და მუსიკა – ჩემთვის 2 უდიდესი და უმნიშვნელოვანესი რამაა, რომელთა გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია. მსურს, მორიგ ბლოგში ინგლისზე გავამახვილო ყურადღება, რომელსაც გენიალური ფეხბურთელებიც ჰყოლია და შედევრი მუსიკოსებიც.

ფრენკ ლამპარდი – Led Zeppelin

Stairway to heaven–ივით ესთეტიური, Kashmir–ის მუხტით გაჟღენთილი; რომანტიული, როგორც Since I Have Been Loving You… ლამპარდი სწორედ “ზეპელინის” სტილია. იცით, ყველაზე მეტად რომელ წევრს მაგონებს?! რობერტ პლანტს? აჰჰ… არა, მეგობარო, არა – ჯიმი ფეიჯს. იმედია, შეხსენება არავის გინდათ, თუ რა დონის სოლოებს გვთავაზობდა ფეიჯი, ხოლო ფრენკიც გამოვიდოდა მინდორზე და თავისი “გიტარის გენიალური პარტიებით” საოცარ სიამოვნებას გვჩუქნიდა.

სტივენ ჯერარდი – Pink Floyd

მიუხედავად როკში და ბლუზში უამრავი ბენდისა და მომღერლისადმი სიყვარულისა, ჩემი ღრმა რწმენით, Pink Floyd საუკეთესო ბენდია! რატომ ჯერარდთან? გამომდინარე იქედან, რომ “ფლოიდების” სტილი ფსიქოდელიაა და თან, სტივი ჯისაც უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა აქვს, რომ პრემიერლიგა არ აქვს მოგებული, იდეალურად მოუხდებიან ერთმანეთს. თუ კონკრეტულად შემსრულებელთან შედარებას ავიღებთ, უფრო მაინც როჯერ უოთერსისკენ ვიხრები – ჯერარდშიც ზუსტად იმ ქარიზმასა და მუხტს ვხედავ, რაც როჯერს აქვს.

დევიდ ბექჰემი – The Beatles

აი, ერთი–ერთშია – ზუსტად ის სილაღე, სიმარტივე, მაგრამ ამავე დროს, გენიალური აზროვნება და შედევრების შექმნა, რომლებზეც თაობები უნდა აღიზარდონ. დევიდ ბექჰემი – ფეხბურთის ჯონ ლენონი.

პოლ სქოულზი – Deep Purple

ზუსტად ის ემოცია, მუხტი, გრძნობა, რაც “ფარფლებს” და კონკრეტულად, იან გილანს აქვთ. იანსა და პოლს დაბრუნების ისტორიაც აერთიანებთ: ისევე, როგორც თავის დროზე გილანმა, სქოულზმაც გააკეთა სასიამოვნოდ მოულოდნელი “ქამბექი”, რითაც გუნდს 2013 წელს პრემიერლიგის მოგებაში დიდი დახმარება გაუწია.

პოლის გასროლა 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ბარსელონას” წინააღმდეგ Child In Times–ში გილანის მაღალი ტონალობაა.

მოამზადა გიორგი ფულარიანმა