საქართველო – აქტიურობისკენ და მიმზიდველობისკენ…

335

საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, 28–29 სექტემბერს ბორჯომი (სასტუმრო Rixos Borjomi) სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, სადაც უმაღლესი დონის სპიკერები მიიღებენ მონაწილეობას.

ამასთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო “იოტაში” გამართულ პრეს–კონფერენციაზე კონფერენციის ორგანიზატორებმა ისაუბრეს…

პაატა ცივაძე (კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი): “ბორჯომში გაიმართება კონფერენცია Sportsway Tourism, სადაც უმაღლესი დონის სპიკერები იქნებიან. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებსა და ჩვენ სპონსორებს, რომლებიც ამ კონფერენციასა და კიდევ ჩვენ სხვა დიდ გეგმებში მხარში ამოგვიდგებიან”.

ზურაბ ბოქოლიშვილი (ორგანიზაციის გენერალური დირექტორი): “მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საქართველო გახდეს უფრო და უფრო მიმზიდველი ქვეყანა, ამისათვის კი სპორტულ ტურიზმს უდიდესი პოტენციალი აქვს, რომელიც ჯერ კიდევ გამოყენების და ჩამოყალიბების სტადიაშია. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ესა თუ ის სპორტული ღონისძიება ამა თუ იმ რეგიონის სავიზიტო ბარათად იქცევა ხოლმე, რაც ტურისტულ ნაკადს სერიოზულ გენერირებას უწევს. თამამად ვიტყვი, რომ უმაღლესი დონის სპიკერები იქნებიან. რას იძლევა ეს ყველაფერი? იძლევა უდიდეს გამოცდილებას, ახალ შესაძლებლობებს. გარდა ამისა, დაიგეგმა ტრიატლონის უმნიშვნელოვანესი ტურნირი Ironstar, ასევე Games of heros. ასეთი სპორტული მოვლენები ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია. აქ “ჰაიდელბერგის” წარმომადგენელიც გვყავს და თამამად გეტყვით, რომ წლევანდელი მარათონი უფრო მრავალფეროვანი იქნება”.

გიორგი ჩოგოვაძე (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე): “ზოგადად, ამჟამად საქართველოში ტურიზმი ისეთი პოპულარული და მიმზიდველია, როგორც არასდროს. ჩვენი ამოცანა ტურიზმის რამდენიმე სახეობის განვითარება გახლავთ და ერთ–ერთი პრიორიტეტულია სწორედ სპორტული ტურიზმის გავრცობა. სექტემბერში ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდება, რომელიც ქვეყანას უდიდეს დახმარებას გაუწევს”.

მიხეილ ყაველაშვილი (პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კომიტეტის ხელმძღვანელი): “მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში უკვე არაერთი სერიოზული სპორტული ღონისძიება ჩატარდა, რამდენიმე მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას ვუმასპინძლეთ, მაგრამ აუცილებელია სპორტული ტურიზმის განვითარება და ჩვენი ქვეყანა ამ თვალსაზრისით უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს. სწორედ ამიტომ არის მომავალი კონფერენცია ასეთი მნიშვნელოვანი”.

შალვა გოგოლაძე (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე): “ჩვენი სამინისტროს ერთ–ერთი მთავარი მიზანი მასობრივი სპორტის განვითარებასთან ერთად, სპორტული ტურიზმის გავრცობაცაა.  Check In Georgia–ს ფარგლებში ჩავატარეთ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი და ჯომარდობა. ორგანიზატორებს ამ კონფერენციისთვის დიდი მადლობა, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და დარწმუნებული ვარ, მომავალში ასეთი კონფერენციები კიდევ ბევრი ჩატარდება, ჩვენთვის კი ამგვარი ღონისძიებების მხარდაჭერა პრიორიტეტი იქნება”.

დავით მარკოზაშვილი (დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი): “მომავალი კონფერენცია პირდაპირ ისახავს მიზანს ქვეყანაში სპორტული ტურიზმის განვითარებას, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების დამკვიდრებას. ჩვენი ორგანიზაციისთვისაც, ბუნებრივია, მსგავსი მოვლენები პრიორიტეტულია. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ერთი წლის ჩვენ მიერ გახსნილი “მარტვილის ძეგლი” უკვე 120 000–ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა. იქ, რა თქმა უნდა, განვითარდა სასტუმროები და სხვადასხვა ობიექტი. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოში მეტი ასეთი ობიექტი განვითარდეს და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის”.

კონფერენცია ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

#BeActiveInGeorgia!!!

საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის მედია–მენეჯერი გიორგი ფულარიანი