გაიცანი გულშემატკივარი: ნიკოლოზ გაბელია

373

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარია მსახიობი და სპორტული კომენტატორი ნიკოლოზ გაბელია, რომლის სიმპათიებიც “სამეფო კლუბის” მისამართითაა მიპყრობილი…

– გამარჯობა, ნიკოლოზ. გაეცანი ჩვენს მკითხველს…
– მოგესალებით. პირველ რიგში, დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენს საინტერესო და ძალიან მაგარ რუბრიკაში სტუმრად მომიწვიეთ. მე ნიკოლოზ გაბელია ვარ, მსახიობი, რადიო და ტელეწამყვანი, ასევე სპორტული კომენტატორი. გახლავართ ყოფილი კალათბურთელი. სპორტი გახლავთ ის, რითაც ვცხოვრობ და ვსულმდგულობ. დღესაც საქართველოს კალათბურთის სამოყვარულო (ალბათ უფრო ვეტერანთა და ყოფილ კალათბურთელთა ლიგა) ლიგის აქტიური მოთამაშე.

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი?
– ფეხბურთი შემიყვარდა ღრმა ბავშვობიდან. პირველი თამაში, რომელსაც ვუყურე იყო ნამდვილი ქართული იმერულ-კოლხური ჯახი, ზესტაფონი–კოლხეთი. მატჩი ყვირილელეთა გამარჯვებით დასრულდა –  1:0… ძალიან პატარა გახლდით და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ფეხბურთისადმი სიყვარული, გემოვნების ჩამოყალიბების შემდეგ გამოჩნდა ასპარეზზე შუკერის და მიატოვიჩის “რეალი”. “თეთრი ბალეტი” სწორედ ამ საოცარი გუნდის შემდეგ შემიყვარდა.

– რატომ “რეალი”?
– რატომ “რეალი”? ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება გუნდი, რომელიც ქმნის ფეხბურთს – ფეხბურთს, რომელსაც მთელი მსოფლიო ეთაყვანება.

– გასულ სეზონს როგორ შეაფასებდი და ზოგადად, როგორი გრძნობაა, როცა შენი ფავორიტი გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს ზედიზედ ორჯერ იგებს?
– გასული სეზონი ალბათ, “რეალის” ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ყველა ფაქტორისა და ასპექტის გათვალისწინების გარდა, იყო ზიზუს ფაქტორი, იყო რონალდუს და მათლიანად გუნდის ფაქტორი. მათ შეუძლებელი შეძლეს. ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ დაუმარცხებელი “იუვეს” მომგები რომელიმე გუნდი იქნებოდა, “თეთრმა ბალეტმა” კი ფინალში “იტალიური საოპერო დასი” პირწმინდად გაანადგურა.

– რას შეცვლიდი გუნდში და რომელ ფეხბურთელს დაიმატებდი?
– გუნდში, ალბათ, მორატას დავტოვებდი, კოვაჩიჩს მეტ დროს მივცემდი. სხვა მხრივ, ის, რასაც ეს ალჟირელი გენიოსი აკეთებს, უბადლოა.

– შენი აზრით, მაინც ვინ არის გუნდის მთავარი ლიდერი?
– გუნდის მთავარი ლიდერი, ალბათ, მაინც რონალდუა, თუმცა “რეალი” ერთი კაცის გუნდი არასდროს ყოფილა… ჩემი აზრით, მარსელოსა და კარვახალის არყოფნა გუნდზე დიდ ზეგავლენას ახდენს, კროოსი–მოდრიჩის ცენტრის გარეშე კი გუნდი უბრალოდ, მოშლილია.

– შენი ნება რომ იყოს იკერს დაიბრუნებდი?
– “წმინდა იკერი” – ტკივილი, რომელსაც მადრიდისტა ვერასდროს დაივიწყებს. რაულს იკერი მიჰყვა, უდიდესი დანაკარგი “სამეფო გუნდისა”. იმედია, ფლორენტინო იგივე შეცდომას რამოსის წინაშე არ დაუშვებს.

– შენი საყვარელი მატჩი და გოლი “რეალის” შესრულებით…
– 12 წელი ველოდი ლიგის მოგებას, რამოსის საოცრება ბოლო წამებზე და “ლა დესიმა”. ეს არის ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი.

– გადავიდეთ სანაკრებო ფეხბურთზე. აქ ვისკენ იხრება ნიკოლოზ გაბელიას სიმპათიები?
– აქ ჩემი ცხოვრება მაშინ დამთავრდა, როდესაც ბრაზილიამ “დვარნიაშკები” გამოუშვა საფეხბურთზე არეალზე. ვგულშემატკივრობ საქართველოს და ნაკრებს, სადაც “რეალის” ფეხბურთელი თამაშობს.

– როგორ ფიქრობ, ვინაა მუნდიალის მთავარი ფავორიტი?
– მუნდიალის ფავორიტი ჩემი მოკრძალებული აზრით, გერმანიასთან ერთად იტალიაა. ასევე არ დავივიწყოთ ჩილე, ბრაზილია, არგენტინა და ესპანეთი, თუმცა მაინც გერმანია.

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– ყველაზე მაგარი გოლი მესის ეკუთვნის. წელი არ მახსოვს (2011 – ავტ.), თუმცა “არსენალს” გაუტანა. მეკარეს თავზე ძალიან ოსტატურად გადაუგდო, ბურთი მას შემდეგ დაამუშავა და შემდეგ გოლი შეაგდო. პასი, ალბათ, გუტის მიერ შესრულებული გადაცემა “დეპორტივოს” წინააღმდეგ ბენზემას მისამართით.

– ყველა დროის სიმბოლური გუნდი შენი გემოვნებით + მწვრთნელი…
– კასილასი, მალდინი,(კალაძე) რამოსი, მარსელო, კარვახალი, გუტი, ზიდანი(ყიფიანი), რონალდინიო, CR7, რონალდო, მესი (რაული). მწვრთნელად დელ ბოსკესა და ზიზუს დუეტი მეყოლებოდა, რადგან ამ ისედაც მშვენიერ გუნდს საოცარ შედეგებს დაადებინებდნენ.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი