გაიცანი გულშემატკივარი: გიორგი ქარცივაძე

333

ჩვენ რუბრიკაში “არსენალის” ფანების ჯერიც დადგა და ამ მხრივ პირველი სტუმარი გიორგი ქარცივაძე იქნება…

– გამარჯობა, გიორგი. გაეცანი ჩვენს მკითხველს…
– გამარჯობა, გიორგი ქარცივაძე, 28 წლის. საბანკო საქმის სპეციალისტი. ანსამბლ “დიდგორის” წევრი.

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი?
– პირველი თამაში, რაც მახსენდება იყო არგენტინა-იაპონია 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. არგენტინას ვგულშემატკივრობდი მარადონას გამო, თუმცა მისი თამაში არ მქონდა ნანახი. უბრალოდ, გაგონილი მქონდა, რომ მარადონა იყო ყველაზე მაგარი ფეხბურთელი და იყო არგენტინელი, ამიტომ გადავწყვიტე მეც არგენტინის ქომაგობა. ამ თამაშში არგენტინელთა მხრიდან გოლი გაიტანა ბატისტუტამ და მაშინვე დავინტერესდდი მისით. მაგ თამაშს მოჰყვა უკვე არგენტინა-იამაიკა, სადაც “ბატიგოლმა ჰეთ–თრიკი შეასრულა და უკვე ჩემს საყვარელ ფეხბურთელად იქცა. ჩემპიონატი რომ დამთავრდა, ბატისტუტას “ნაკლეიკები” მოვიძიე, სადაც “ფიორენტინას” ფორმა ეცვა. მაისურს ეწერა ნინტენდო. იმდენად გაუთვიცნობიერებელი ვიყავი, მეგონა, გუნდს, სადაც ბატისტუტა თამაშობდა, ნინტენდო ერქვა (იცინის). მოკლედ, ბევრი ვილაპარაკე – ფეხბურთი შემაყვარა ბატისტუტამ.

– რატომ “არსენალი”?
– სანამ “არსენალის” გულშემატკივრობას დავიწყებდი, მანამდე სხვა გუნდები იყო. “ბატიგოლის” გამო “ფიორენტინას” ვგულშემატკივრობდი, შემდეგ იყო “რომა”. “რომა”, ფრანჩესკო ტოტი და დანიელე დე როსი დღემდე ჩემი საყვარელი გუნდი და ფეხბურთელებია. “არსენალი”, რა თქმა უნდა, დენის ბერგკამპმა შემაყვარა. ბერგკამპს დაემატა ანრი, პირესი, ლიუნგბერგი, ვიეირა, ტონი ადამსი, კემპბელი, რეი პარლო…. და ამ გუნდით მოვიხიბლე. მოკლედ, ჩემი საფეხბურთო პირამიდის სათავეში არის “არსენალი”, ქვედა ორ კუთხეში კი “რომა” და “ვალენსია”.

– გასულ სეზონს როგორ შეაფასებდი და როგორ ფიქრობ, უნდა დარჩეს თუ არა არსენ ვენგერი?
– უსუსტესი სეზონი იყო. ზოგადად, არ მიმაჩნია ვენგერი ძლიერ სპეციალისტად. წინა წლების ყბადაღებული ოთხეულიც უფრო კონკურენტების სისუსტის დამსახურება იყო, ვიდრე ვენგერის ტაქტიკოსობის. გასულ სეზონში კონკურენტებმა არ დაუშვეს შეცდომები და გვაჯობეს ლოგიკურად. დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო ვენგერი… ალბათ. 2006 წლის ფინალის შემდეგ წასვლა იქნებოდა ყველაზე კარგი მისთვისაც და გუნდისთვისაც.

– შენი აზრით, სად სჭირდება გუნდს ყველაზე მეტად გაძლიერება?
– შეტევის მარჯვენა ფლანგს გავაძლიერებდი, უოლკოტი ლამის ჩემთან ერთად გაიზარდა, მაგრამ ძალიან არასტაბილურია და მის იმედზე არ უნდა იყოს გუნდი, თუმცა ყველაზე მეტად ალბათ, ცენტრალური ნახევარმცველი და მცველი სჭირდება გუნდს.

– შენ რომელ ფეხბურთელს დაიმატებდი გუნდში?
– რეალობიდან გამომდინარე, მარეზი, ლემარი და სერი იქნება ძალიან კარგი. მათ შესახებ იწერება და იმედია, ამ 3–დან 2 მაინც გახდება “მეთოფე”.

– როგორ შეაფასებდი “მეთოფეთა” ცნობილ ოქროს ხანას, როცა გუნდმა პრემიერლიგა დაუმარცხებლად მოიგო?
– ოქროს ხანა ძალიან მოკრძალებული იყო, ბევრად მეტი შეეძლო გუნდს. ე.წ. “ანბითენი” ძალიან სასიხარულო იყო, მაგრამ ამ გუნდს ლიგის მოგება შეეძლო თავისუფლად. ფურცლის მიხედვით, მაშინ ალბათ, მხოლოდ მადრიდის “რეალს” თუ ეყოლებოდა უკეთესი შემადგენლობა. ფაქტობრივად, უნაკლო გუნდი იყო, სათადარიგოთა სკამიც ძლიერი, მაგრამ გუნდი ლიგაზე მუდმივად წარუმატებლად გამოდიოდა და ეს, რა თქმა უნდა, ვენგერის ბრალია.

– შენი საყვარელი მატჩი და გოლი ფავორიტი გუნდის შესრულებით…
– “რეალს” რომ მოვუგეთ ანრის გოლით მადრიდში. გოლი ბერგკამპის შედევრი “ნიუკასლთან”.

– გადავიდეთ სანაკრებო ფეხბურთზე. აქ ვისკენ იხრება გიორგი ქარცივაძის სიმპათიები?
– ზემოთაც ვისაუბრე ამ თემაზე. არგენტინის ნაკრებს ეკუთვნის ჩემი გული.

– როგორ ფიქრობ, მუნდიალის მთავარი ფავორიტი ვინაა?
– მუნდიალს, ჩემი აზრით, გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს. არც ერთი გრანდი არ არის იმ ფორმაში, რომ ითქვას, გამოკვეთილი ფავორიტიაო. გერმანია არის ალბათ, მაინც ყველაზე დალაგებული გუნდი, თუმცა მეეჭვება, ორჯერ ზედიზედ შეძლონ მოგება. მე იმედი მაქვს არგენტინა 32–წლიან პაუზას დაარღვევს და კვლავ გახდება ჩემპიონი.

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– ბერგკამპის გოლი “ნიუკასლთან”. ბერგკამპის მიცემული პასი ლიუნბერგზე “იუვენტუსთან”.

– ყველა დროის სიმბოლური გუნდი შენი გემოვნებით + მწვრთნელი…
– არ ვამტკიცებ, რომ საუკეთესოა, მაგრამ: ბუფონი – ძამბროტა, ტონი ადამსი, ნესტა, ეშლი კოული – დე როსი, რიკელმე, ბერგკამპი – ტოტი, ანრი, ბატისტუტა. ფავორიტი მწვრთნელი არ მყავს, მაგრამ მგონია, რომ ამ გუნდს ყველაზე კარგად ანჩელოტი აათამაშებდა.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი