“ჩვენ ვართ ერთ–ერთ ბოლო ადგილზე ევროპაში ფიზიკურად აქტიური მოსახლეობის პროცენტის მიხედვით”!

353

საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ ბოქოლიშვილმა სპორტული ტურიზმის მოახლოებულ კონფერენციასა და ფედერაციის სხვა გეგმებზე ისაუბრა…

– გვითხარით როგორ მიმდინარეობს თბილისის მოვლენათა და სპორტული ტურიზმის კონფერენციისთვის მზადება?

– პირველ ყოვლისა, მოგახსენებთ, რომ დიდი ინტერესის გამო გადაწყდა კონფერენციის თბილისში ჩატარება, სასტუმრო “ჰუალინგი” ორი დღე უმაღლესი დონის სპეციალისტების მასპინძელი იქნება. რეგისტრაცია უკვე ორშაბათიდან დაიწყება. კონფერენციის ოფიციალურ ტურ–ოპერატორ Newkaz.ge–ს ვებ გვერდზე და კონფერენციის ოფიცილაურ ფეისბუქ–გვერდზე. რაც შეეხება მზადების გრაფიკს, ვათანხმებთ საბოლოო სპიკერატს, აგრეთვე მათთან ერთად ვაყალიბებთ პრეზენტაციების და თემატური შეხვედრების გრაფიკს, რათა სრულ დისონანსში იყოს მათი გამოსვლები და სტუმრებისთვის თემების ლოგიკური ბალანსი იყოს დაცული. მინდა სიხარულით გითხრათ, რომ ისედაც ძალიან წარმომადგენლობით სპიკერატს დაემატა ყატარის პრინცესა, რომელიც თავის ქვეყანაში სწორედ სპორტული ტურიზმის განვითარებას კურირებს, მისი ყოფნა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

– ფედერაციის სხვა გეგმები…

– გეტყვით, რომ კორპორატიული სპორტის ფედერაციამ შეიმუშავა პროგრამა #იყავიაქტიურისაქართველოში #beactiveingeorgia, რომლის ფარგლებშიც ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, ქვეყნისთვის აუცილებელი პროექტები განხორციელდება. ჩვენ გავხდით Tafisa–ს ეგიდით ორგანიზებული პროექტების – “დაიბრუნე შენი ქუჩები”, ევროპის სპორტული კვირეულის, მსოფლიო სიარულის დღის კონტრიბუტორები საქართველოში, გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულებები საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციასთან, რესტორნების და სასტუმროების ფედერაციასთან, სასკოლო სპორტის ფედერაციასთან, საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციასთან.

17 სექტემბერს კორპორატიული სპორტის ფედერაცია, საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციასთან ერთად გამართავს პროექტების #rungeorgia და ევროპის სპორტული კვირეულის პროგრამის პრეზენტაციას, რომელიც მოიცავს რამდენიმე თემატურ გარბენს, მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია – Sportsway Tourism–ს, საბრძოლო ხელოვნების ფესტივალს, მსოფლიო სიარულის დღეს, ფიტნეს ფესტივალს. უფრო დეტალურად ყველაფერზე პრეზენტაციის მსვლელობის დროს ვისაუბრებთ. იგეგმება დიდი ღონისძიებები აჭარაში. ჩვენს ყველა დაგეგმილ მოვლენას შემდეგი რამ აერთიანებს: მასობრიობა, ფიზიკური აღზრდა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდა.

– რამდენად არის მნიშვნელოვანი მოსახლეობის ფართო მასების ჩართულობა?

– ვიტყოდი, რომ უმნიშვნელოვანესია. პირველადი ამოცანაა, რომელიც ქვეყანამ უნდა გადაჭრას. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე, მაგრამ მთავარი გვრჩება – ჩვენ ვართ ერთ–ერთ ბოლო ადგილზე ევროპაში ფიზიკურად აქტიური მოსახლეობის პროცენტის მიხედვით, ეს კი სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული კატასტროფის ტოლფასია. ეს არის ის საკითხი, რომელსაც ერთი, ცალკე აღებული სტრუქტურა ვერ გადაწყვეტს, სახელმწიფო, ბიზნესი, სპორტული ორგანიზაციები, მედია – ყველამ ერთად რამენაირად უნდა გადავტეხოთ ეს სიტუაცია და დადებითი დინამიკა შევქმნათ. მოხარული ვარმ რომ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი მიხეილ ყაველაშვილი ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ საკითხში, საინტერესო იდეებით, ინიციატივებით. ეს ჩვენ დიდ იმედს გვაძლევს, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება მასობრივი და სამოყვარულო სპორტის, სპორტული ტურიზმის ერთ–ერთი ცენტრი. ჩვენ ყველანი უნდა #ვიყოთაქტიურისაქართველოში!!!

ესაუბრა გიორგი ფულარიანი