გაიცანი გულშემატკივარი: რომა ხოჯავა

272

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი გერმანული ფეხბურთის მოყვარული რომა ხოჯავა გახლავთ.

– გამარჯობა, რომა. გაეცანი ჩვენს მკითხველს…
– გამარჯობა. რომა ხოჯავა, 27 წლის – მიუნხენის “ბაიერნის” გულშემატკივარი.

 

– ფეხბურთი საიდან შეგიყვარდა?
– ფეხბურთი ჯერ კიდევ 5–6 წლის ასაკიდან შემიყვარდა. ჯერ კიდევ სკოლაშიც არ დავდიოდი, როგორც მახსოვს და მერე სკოლაშიც და ფეხბურთზეც ერთად დავიწყე სიარული. რომ ვთქვა, ვინმემ შემაყვარა–მეთქი, ასე არაა. ჩემგან წამოვიდა ყველაფერი.
– რატომ “ბაიერნი”?
– “ბაიერნი” იმიტომ, რომ 1999 წლის ფინალს უფროსებთან ერთად ვუყურებდი და რატომღაც გერმანულმა ფეხბურთმა უფრო მომხიბლა, ვიდრე ინგლისურმა. ამ კონკრეტულ მატჩში მთელი უპირატესობა მიუნხენელებს ჰქონდათ, მაგრამ ბოლოს მოხდა ის, რაც მოხდა და ეს მთელმა მსოფლიომ იცის. ამ წაგებული მატჩის შემდეგ ვგულშემატკივრობ ამ შესანიშნავ კლუბს.
– გასულ სეზონს როგორ შეაფასებდი და ახალი სეზონისთვის რა იმედები გაქვს?
– გასულ სეზონს შევაფასებ ძალიან, ძალიან ცუდად. ერთიანობაში გუნდი არ იყო სათანადოდ მზად, მაგრამ ლიგაზე მანამ, სანამ მადრიდელებს შევხვდებოდით, რეკორდმაისტერზე ვერავინ იტყოდა, რომ ცუდ ფორმაში იმყოფებოდა. მერე შევხვდით “რეალს” და საერთო ჯამში, გაიმარჯვა ესპანურმა გრანდმა. ეს ნახევრად რის ხარჯზე მოხდა მეორე საკითხია, თუმცა ახლა მსაჯებზე ლაპარაკს არ ვთვლი სწორად, მაგრამ თამაში რომ გააფუჭეს, ცხადია. მომავალის იმედი, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. ჩემი ნება რომ იყოს ნაკლებ ყურადღებას დავუთმობდი ბუნდესლიგას და ჩემპიონთა ლიგას უფრო დიდ ყურადღებას მივაქცევდი, თუმცა მიუნხენში ასე არ ფიქრობენ.
– რას შეცვლიდი გუნდში და ვის დაიმატებდი?
– ეს კითხვა ალბათ, უფრო სურვილია და თუ ასეა, მაშინ ვიტყვი, რომ გუნდში შევცვლიდი შიდა საფეხბურთო პოლიტიკას. ეს, პირველ რიგში, იგულისხმება იმაზე, რომ გუნდის უფროსობამ ტრანსფერზე არ უნდა დახარჯოს მაქსიმუმ 50 მილიონი. ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ ყიდულობ ისეთ ფეხბურთელს, როგორიცაა ალექსის სანჩესი. ეს მაგალითისთვის. ასე რომ, ვინმეს გუნდში მოსაყვანად ფულის დახარჯვაა საჭირო, რასაც, სამწუხაროდ, გუნდის უფროსობა არ აკეთებს. დღეს რეალობა ისაა, რომ ვინც დიდ ფულს ხარჯავს ტრანსფერზე, ის გუნდი ლიგას იგებს ზედიზედ 2–ჯერ.
– როგორ აღწერდი იუპ ჰაინკესის ბრწყინვალე პერიოდს?
– ეს უკვე სერიოზული თემაა! ჰაინკესი იყო შესანიშნავი სპეციალისტი, მას არ ჩაუბარებია იმ პერიოდში აწყობილი გუნდი. მან ჩაიბარა ჩვეულებრივი ფორმაცია და გახადა ჩემპიონთა ლიგის მფლობელი და არამარტო ლიგის გამარჯვებული – გუნდმა ყველაფერი მოიგო. ასე რომ, ამისთვის დიდი მადლობა ჰაინკესს.
– შენი ფავორიტი მატჩი და გოლი საყვარელი გუნდის შესრულებით…
– გოლი, როგორც ყოველთვის და “ბაიერნის” გულშემატკივრებისთვის ყოველთვის სასიამოვნოა, როცა შენი გუნდი იტანს. მით უმეტეს, მადრიდის “რეალის” კარში. მიუხედავად იმისა, რომ რობენის გოლმა 2013–ში ლიგის ფინალი მოგვაგებინა, მე მაინც როი მაკაის მიერ გატანილ ბურთს აღვნიშნავდი “რეალის” კარში მე–10 წამზე. რაც შეეხება მატჩს, ვერ გამოვყოფ.
– გადავიდეთ სანაკრებო ფეხბურთზე. გერმანია საიდან შეგიყვარდა?
– გერმანიის ნაკრებიც დაახლოებით იმ პერიოდში შემიყვარდა, როცა მიუნხენის “ბაიერნი”. ამხანაგურ შეხვედრას ატარებდნენ. არ მახსოვს ვისთან და მეტოქეს 7 ულამაზესი გოლი გაუტანეს. ეს იყო პირველი მატჩი, რომელსაც ვუყურე გერმანიის ნაკრების შესრულებით. აი, აქტიურად უკვე გულშემატკივარი გავხდი მაშინ, როცა მირო კლოზეს დებიუტი ჰქონდა ნაკრებში. მახსოვს ერთი–ერთზე გავიდა და გოლი გაიტანა, რითაც გუნდს მოაგებინა. ამ შეხვედრის შემდეგ მეც “გერმანელი” ვარ.
– როგორ ფიქრობ, რა შანსები აქვს მუნდიალზე?
– საკმაოდ დიდი შანსები აქვთ და მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ფინალში გავლენ. იოახიმ ლიოვი ძალზე ნიჭიერი სპეციალისტია, რაც წლევანდელ კონფედერაციაზეც დაგვიმტკიცა.
– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– აი, ეს ურთულესი კითხვაა
. ყველაზე მაგარი გოლი, რაც მინახავს არის რონალდინიოს მიერ გატანილი სადებიუტო ბურთი “სევილიას” კარში. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ გოლს გამოვყოფდი, თუმცა ჩემთვის საყვარელი გოლი მირო კლოზეს მე–16 გოლი ბრაზილიის ნაკრების კარში, რომლის შემდეგაც ის მინიმუმ 4 წლით მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. პასის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ძალიან ბევრი მაგარი გადაცემა მინახავს.
 
– ყველა დროის სიმბოლური გუნდი, რაც გინახავს + მწვრთნელი…
– კანი – ლამი, მალდინი, ნესტა, კარლოსი – ლამპარდი, ბალაკი, მესი – რონალდინიო, რობენი, შევჩენკო. მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი. ბევრი გამომრჩა, მაგრამ ეს იქნებოდა ის გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონებოდა.
 

ესაუბრა გიორგი ფულარიანი