ზურაბ ბოქოლიშვილი: “საქართველო ღვინის და სამზარეულოს გარდა, ფიზიკური აქტივობისა და სპორტული ტურიზმის ცენტრი უნდა გახდეს”!

290

საქართველოში მასობრივი სპორტის განვითარებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა ცივაძესა და ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ ბოქოლიშვილს ვესაუბრეთ.

– ფედერაციის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი მასობრივი სპორტის განვითარებაა. გთხოვთ, მოგვითხროთ მისი მნიშვნელობის შესახებ…

პაატა ცივაძე: “მასობრივი სპორტის განვითარება, მოსახლეობის გაჯანსაღებაზე ზრუნვა – სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია. ამ ყველაფერს აქვს სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული მნიშვნელობა. მასობრივი სპორტი არის ის მექანიზმი, რომელიც საუკეთესოდ ჭრის ადამიანის სოციალიზაციის, ინტერესთა ჯგუფების ფორმირების, კრიმინალთან ბრძოლის საკითხებს. ქმნის აქტიურ მოსახლეობას, აქტიურს ყველანაირად – მენტალურად, ფიზიკურად. მცირდება სოციალური ხარჯები. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ქვეყნის განვითარების დონის და მიმზიდველობის ერთ–ერთი უმთავრესი ფაქტორი ჯანსაღი, ფიზიკურად აქტიური მოსახლეობაა”.

– რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

ზურაბ ბოქოლიშვილი: “საქართველოში, პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. ერთი მიზეზი არ აქვს, ფაქტორების ერთობლიობაა, ვერ შევინარჩუნეთ და განვავითარეთ ინფრასტრუქტურა, რიგი პირობების გამო არ მოხდა სათანადო პროპაგანდა, გვიხაროდა და გვიხარია ჩვენი სპორტსმენების წარმატება, მაგრამ მალევე ვივიწყებთ და მაგალითად, არ წარმოვუდგენთ ახალ თაობებს. რა თქმა უნდა, ბოლო წლებში არის დადებითი ტენდენცია, იხსნება ახალი ფიტნეს და სპორტული ცენტრები, იდგმება ქუჩის სატრენაჟორო კომპლექსები, მაგრამ სამუშაო უამრავია. უმთავრესი არის ის, რომ ადრეული ასაკიდან მივაჩვიოთ ბავშვი აქტიურ ცხოვრებას, კარგად უნდა იყოს გაგებული, თუ რამხელა ეკონომიკურ, სოციალურ ეფექტს მიიღებს ქვეყანა ამ პროცესების ამოქმედებით”.

– როგორ უნდა განვითარდეს მასობრივი სპორტი და როგორ უნდა შეიცვალოს ხალხის დამოკიდებულება უკეთესობისკენ სპორტზე და ჯანსაღ ცხოვრებაზე?

ზურაბ ბოქოლიშვილი: “მასობრივი სპორტის განვითარებას ერთი, ცალკე აღებული სტრუქტურის ძალისხმევა არ ეყოფა – ეს ყველას, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების, მედიის, სპორტ საზოგადოების, განათლების, ზოგადად საზოგადოების ავტორიტეტული წევრების საქმეა. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ მოდა, ჯანსაღი ცხოვრების ტრენდი. მივცეთ მაგალითი და დავანახოთ, თუ როგორ ეხმარება ფიზიკური აქტივობა ბიზნესში, სხვა სფეროებში წარმატების მიღწევას, უნდა დაიმსხვრეს მითი, რომ ეს ძვირია – არანაირად, ყველას, მინიმალური ხარჯებით შეუძლია ირბინოს, ისეირნოს და სწორად იკვებოს. ჩვენმა ფედერაციამ შეიმუშავა პროგრამა #იყავიაქტიურისაქართველოში და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს სლოგანი მთელი ქვეყნისთვის მამოძრავებელი გახდეს”.

– უფრო დეტალურად პროგრამის შინაარსზე…

პაატა ცივაძე: “პროგრამა #იყავიაქტიურისაქართველოში რამდენიმე პროექტს და მიმართულებას მოიცავს. კონფერენციების ციკლი Sportsway, რომელიც ზოგადად უწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, ახალი, საინტერესო პროექტების დაგეგმვას, საქართველოს სპორტული ტურიზმის მიმზიდველ ცენტრად ფორმირებას. Tafisa–ს ეგიდით გამართული ღონისძიებები – პროგრამა “დაიბრუნე შენი ქუჩები”, მსოფლიო სიარულის დღე, ევროპის სპორტული კვირეული. პროგრამა #ირბინესაქართველო – თემატური გარბენების სერია, ტრიატლონის ერთ–ერთი უდიდესი ტურნირი Ironstar. პარასპორტსმენთა თამაშები Games Of Heroes, საქართველოს კორპორატიული თამაშები და სხვა. აგრეთვე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს საბრძოლო ხელოვნების კონფედერაციასთან. მათი დახმარებით ჩატარდება საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალი, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. ფიტნეს–ფესტივალი და კიდევ ბევრი საინტერესო რამ.

ზურაბ ბოქოლიშვილი: “ჩვენ უნდა შევძლოთ და გადავტეხოთ სიტუაცია, უნდა შევქმნათ ფიზიკურად ძლიერი, ჯანსაღი ადამიანის კულტი. ეს ჩვენი გენეტიკაა – ქართველი მებრძოლად, მეომრად არის დაბადებული, სხვა შემთხვევაში ეს ენერგია ასოციალურ გამოვლინებებში იხარჯება. ერთად უნდა შევქმნათ პროცესი, როცა საქართველო ბუნებრივი სილამაზია. ღვინის და სამზარეულოს გარდა, ფიზიკური აქტივობის, სპორტული ტურიზმის ცენტრი გახდება”.
ესაუბრა გიორგი ფულარიანი