რა არის ტურინაბოლი?

682

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, UFC–ის ჩემპიონი მსუბუქ მძიმე წონაში ჯონ ჯონსი კვლავ დოპინგ–ტესტზე ჩავარდა – ამერიკელის ორგანიზმში ტურინაბოლი აღმოაჩინეს.

მოდით, გავერკვიოთ, რა არის ტურინაბოლი…

რა ეფექტი აქვს მას? პირველ რიგში, იგი მშრალ კუნთოვან მასას იძლევა. ავითარებს ფიზიკურ შესაძლებლობებს, გამძლეობას და გარდა ამისა, ორგანიზმს ესტროგენული რეაქციებისგან იცავს. ტურინაბოლის მიღება სისხლში თავისუფალი ტესტოსტერონის დონეს ზრდის და გულ–სისხლძარღვთა სისტემას თრომბის წარმოშობისგან იცავს.

ტურინაბოლი პირველად გერმანიაში 1961 წელს დამუშავდა და აქვე ჩნდება კითხვა: რაში სჭირდება მილიონერ სპორტსმენს, რომელსაც უმაღლესი დონის ექიმები და დიეტოლოგები ჰყავს, იმ პრეპარატის მიღება, რომელიც 56 წლის წინ გამოიგონეს და თან, აკრძალულ პრეპარატთა სიაშია?!

არის ერთი ვერსია, რომ ეს ჯონსის მოძულეების ნამოქმედარია, რაც ლოგიკას მოკლებული ნამდვილად არაა. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ჯონსს ტესტს მთელი წელიწადი უტარებდნენ და მხოლოდ ახლა ჩავარდა?!

რეალურად კი რა ხდება? სტეროიდი ვერ დაგიყენებს სწრაფ და სანოკაუტე დარტყმას; ვერ გასწავლის ჯიუ–ჯიცუს და ფეხებში შესვლისგან დაცვას; ვერ გამოგიმუშავებს იმ საჭირო მუხტსა და გამძლეობას; სტეროიდი არ გაქცევს თავდაჯერებულ მებრძოლად და სპორტსმენად – ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიიღწევა, რისი ნათელი მაგალითიც ყველასათვის ცნობილი კრიშტიანუ რონალდუა. სტეროიდი კი, უბრალოდ, დამატებითი გამძლეობაა, რომელიც გარკვეულ ბიძგს გაძლევს, რათა ბრძოლის დროს მალე არ დაიღალო, სხვა მხრივ კი სპორტსმენისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.

მოამზადა გიორგი ფულარიანმა