გაიცანი გულშემატკივარი: დიმიტრი ტატიშვილი

370

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი ყველასათვის ცნობილი მსახიობი დიმიტრი ტატიშვილია…

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი?
– ფეხბურთთან პირველი შეხება სკოლის პერიოდში მქონდა, როცა დასვენებების დროს ფიზკულტურის მასწავლებელს ბურთს გამოვართმევდით და ვთამაშობდით – თან, მაშინ ცოტა დიდი დასვენებები იყო. ძალაუნებურად შემიყვარდა… სკოლის მერე ეზოშიც ვთამაშობდით ხოლმე. ახლა მხოლოდ კეთილმოწყობილ სტადიონებზეა ფეხბურთის თამაში შესაძლებელი და მაშინ ქუჩაში ნებისმიერ ადგილზე შეიძლებოდა – მით უმეტეს, რომ ნაკლები მანქანა იყო. ახლა ასე არაა, რაც სამწუხაროა.

– პირველი მატჩი?
– ეს იყო “დინამოს” სტადიონის გახსნა, მაგრამ მეტოქე არ მახსოვს, თუმცა ეს თამაში თუ არ ვცდები 3:2 მოვიგეთ. რასაკვირველია, ფეხბურთის სიყვარული 1981 წელს აღებულმა თასების თასმა გაამყარა – ცოტაც და ისტერიკაში გადავიდოდა სიხარული. ეს იყო უდიდესი მოვლენა. უშუალოდ “კარლ–ცაისთან” ფინალზე არ ვყოფილვარ, მაგრამ მას შემდეგ ყოველთვის ვცდილობდი “დინამოს” თამაშზე მისვლას – თან, დიდუბეში ვცხოვრობდი და მარტივი იყო. იმ პერიოდში უფრო დიდი ინტერესი იყო ფეხბურთის და კონკრეტულად “დინამოს” მიმართ – მაშინ სტადიონი მართლაც მე–12 მოთამაშე იყო.

– რატომ “მანჩესტერ იუნაიტედი”?
– 1999 წლის ფინალში, როცა “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის ფინალი საოცრად მოუგეს, ამან დიდი გავლენა იქონია. მანამდეც მომწონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საოცარი “ქამბექი” შემოგვთავაზეს, მივხვდი, რომ ეს ის კლუბი იყო, რომელიც სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე მეტად მიყვარდა.

– სერ ალექს ფერგიუსონი…
– მართლაც განსაკუთრებული მწვრთნელი, ადამიანი და მოვლენა იყო. არ მახსენდება სპეციალისტი, რომელიც ამდენი წელი სტაბილურად და მაღალ დონეზე ედგას სათავეში გუნდს. ერთადერთი არსენ ვენგერია, რომელიც ყველაზე ახლოსაა ამ მიღწევასთან.

– ბრიტანული ფეხბურთი…
– ფეხბურთის სამშობლოა… მათი დამოკიდებულება განსაკუთრებულია. ბოლო პერიოდში ტენდენციაა, რომ ევროტურნირებზე ესპანური კლუბები უკეთ გამოდიან, მაგრამ ჩემი აზრით, ესპანური გუნდებიდან მხოლოდ 2–3 კლუბია, რომლისგანაც სიამოვნებას იღებ, რასაც საშუალო დონის გუნდებზე ვერ ვიტყვით. პარალელი რომ ბრიტანულ კლუბებთან გავავლოთ, საშუალო დონის კლუბებიც ისე თამაშობენ, რომ თითქოს, სიკვდილ–სიცოცხლის ამბავია და ძალიან მსურს თუნდაც ინგლისის თასის თამაშზე მოხვედრა, რადგან ვიცი, რომ საოცარი ატმოსფერო დამხვდება. მათი ქომაგობა განსაკუთრებულია, რადგან მწარე მარცხის შემთხვევაშიც ბოლომდე მხარში უდგანან ფეხბურთელებს და თავად მოთამაშეებისგანაც ის მუხტი იგრძნობა. ეს მათთვის უბრალოდ თამაში კი არა, დიდი საქმეა. ზოგადად, ბავშვობიდანვე ყველაფერი ბრიტანული მომწონდა – “ბითლზები”, ფეხბურთი… ისე, საინტერესოა, რომ “ბითლზის” მსმენელი არა “ლივერპულს”, არამედ “იუნაიტედს” ვქომაგობ (იღიმის). მოკლედ, ბრიტანული გულშემატკივრობა და ფეხბურთისადმი დამოკიდებულება ჩემთვის სამაგალითოა, თორემ გერმანიაში და იტალიაშიც არიან თავგადაკლული ფანები.

– გასულ სეზონს როგორ შეაფასებდი და მომავალი სეზონისთვის რა იმედები გაქვს?
– სამწუხაროდ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ისე ხშირად ვეღარ ვადევნებ თვალ–ყურს, ხოლო რასაც ვუყურებ, ფაქტია, რომ ფერგის წასვლის შემდეგ ეს ცვლილება გარდაუვალი იყო. ზოგადად, მაღალი დონის ფეხბურთელები ყოველთვის არ ნიშნავს ავტომატურად სწრაფ, დიდ შედეგებს. მაგალითად, ჟოზე მოურინიო ანალოგიურად უდიდესი სპეციალისტია, მაგრამ ჯერ ის ავტორიტეტი არ აქვს, რაც სერ ალექსს ჰქონდა.

– “მანჩესტერში” ყველაზე მეტად რა მოგწონს?
– გამარჯვებისადმი მუდმივი წყურვილი. არაა ის გუნდი, რომელიც 1–2 ბურთს გაიტანს და დაიწყებს “კატენაჩოს” თამაშს. იგი მუდმივად შეტევისკენაა მიდრეკილი. შეიძლება, გარისკოს და თვითონაც 2–3 გოლი მიიღოს საკუთარ კარში, მაგრამ შეტევის ტემპს არასდროს დააგდებს. აი, მაგალითად, გუარდიოლას “ბარსელონა” საოცრება იყო, მაგრამ იყო მიდრეკილი ბურთის ფლობაზე, ხოლო “მანჩესტერი” ფეხბურთის პრინციპს “მთავარია გატანა” ზუსტად ექვემდებარება.

– როგორ ფიქრობ, 2009 და 2011 წლებში რა დააკლდა სერ ალექსს, რომ გუარდიოლას “მონსტრი” “ბარსელონა” დაემარცხებინა?
– უბრალოდ, იმ 2 შემთხვევაში აჯობა “ბარსამ”. ჩემი აზრით, პეპმა თავიდან ბოლომდე შეისწავლა “იუნაიტედის” კოზირები და გუნდს ბურთი დაუმალეს, ეს კი შემტევი სტილის კლუბისათვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა. ფერგიუსონმაც ეს ყველაფერი ღირსეულად გააანალიზა და დამარცხება ღირსეულად მიიღო, რაც ზოგადად, ასეც უნდა იყოს.

– ბრიტანულ ფეხბურთში საოცარი სტარტი ჰქონდა გიორგი ქინქლაძეს. ადამიანი, რომელიც ამის უშუალო მოწმე იყავი, როგორ ფიქრობ, რომ არა “ქართული ხასიათის” გამო გაფუჭებული კარიერა, იქნებოდა დღეს მესის და რონალდუს დონის?
– არ ვიცი, ეს მართლაც რთული სათქმელია. ისინი მთელი თავისი ცხოვრება უდიდეს შრომაში არიან და სულ ვითარდებიან – ისინი მუდმივად ხვეწენ და ხვეწენ თავიანთ ხელოვნებას. თუკი ქინქლაძე ამავე ჟინით და მუხტით ივარჯიშებდა შეიძლებოდა, გამხდარიყო, არაა გამორიცხული, რადგან ისიც ადამიანია. მაგალითად, რონალდუს, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ხელფასი აქვს, ფეხი ფეხზე არ აქვს გადადებული და მუდმივად შრომობს, რათა იყოს მსოფლიოში ნომერ პირველი ფეხბურთელი.

– ყველა დროის 3 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, ვისი თამაშიც უშუალოდ გინახავს…
– ყიფიანი, ჩივაძე და გუცაევი. გუცაევის დარი ფეხბურთელები ახლა არ არიან. მე მახსოვს, რომ ყოველი მისი ფლანგიდან შესვლა იყო დიდი თავსატეხი მეტოქე მცველებისთვის. ფენომენალური ფეხბურთელი იყო. მაგალითად, ყიფიანისგან ყველაფერს მოველოდებოდით, მაგრამ გუცაევისგან ვიცოდით, რომ აუცილებლად რაღაც ხიფათს შექმნიდა. რაც შეეხება ჩივაძეს, ამ სამიდან იგი უნივერსალიზმით ყველაზე ახლოს დგას თანამედროვე ფეხბურთთან. იგი ძალიან ხშირად გამთამაშებელიც იყო.

– ვინ არის ყველა დროის საუკეთესო “მანჩესტერელი”?
– ძალიან რთული შეკითხვაა… ვითომ ის ფრანგი? (იღიმის). მაინც უეინ რუნის ვიტყოდი, რომელიც ტიპიური ბრიტანელია. როცა კარიერას იწყებდა, სულ სხვაგვარი იყო, ხოლო შემდეგ წლიდან წლამდე ვითარდებოდა და ყველაფერს ხვეწდა.

– ვან დერ საარი თუ შმეიხელი?
– დედა თუ მამა? (იცინის). ალბათ, მაინც ვან დერ საარი. ორივე ძალიან დიდი იყო, მაგრამ ელეგანტურობის მხრივ მაინც ჰოლანდიელს ავირჩევდი.

– ბოლო წლებში საოცარ ფორმაშია დავიდ დე ხეა. როგორ ფიქრობ, წლების შემდეგ ამათ დონემდე იქნება?
– რატომაც არა?! თავისუფლად შეიძლება. ამისათვის გუნდმაც უნდა შეუწყოს ხელი და იყოს ისეთივე დიდი, როგორც იმ ორის პერიოდში, თუმცა დე ხეა ძალიან მაგარი ბიჭია.

– ინგლისის ნაკრები… ყველასთვის გაუგებარია გუნდს, რომელსაც ჰყავს ტერი, ლამპარდი, სქოულზი, ბექჰემი, ჯერარდი, რუნი, ოუენი და ვერაფერს იგებს! მთავარი პრობლემა?
– ალბათ, მაინც მწვრთნელი, რადგან მართლა შეუძლებელია, ასეთი ვარსკვლავები გყავდეს და ტიტულს ვერ იგებდე.

– როგორ ფიქრობ, მუნდიალის მთავარი ფავორიტი ვინაა და კონკრეტულად ინგლისს რა შანსები აქვს?
– ორიგინალური არ ვიქნები და დავასახელებ გერმანიას და ესპანეთს. საფრანგეთსაც კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მათი ტრიუმფის არ მჯერა. არც იტალია და არგენტინა. რაც შეეხება ინგლისს, აქ ის “ჯადო” მუშაობს, რომელიც კარნახობს, რომ 66–ის მერე ინგლისმა ვერაფერი უნდა მოიგოს (იცინის).

– და მაინც: რონალდუ თუ მესი?
– ორივე სხვადასხვანაირად ძალიან მაგარია. მე უფრო მსიამოვნებს, როცა ვუყურებ მესის თამაშს, მაგრამ რონალდუს აქვს ერთი ასეთი თვისება – შეიძლება, მთელი 80 წუთი არაფერი აკეთოს და ბოლო 10 წუთში გადაწყვიტოს ყველაფერი. ორივეს თავისი პლიუსი და მინუსი აქვს, მაგრამ ორივეს აქვს მთავარი – არიან ძალიან დიდი ადამიანები და სპორტსმენები, რომლებიც მუდამ განვითარებაზე ზრუნავენ. გარდა ამისა, ორივე განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოვებული.

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც კი ოდესმე გინახავს…
– ვან ბასტენის გოლი საბჭოთა კავშირის კარში, რონალდინიოს გოლი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ და ასევე ზიდანის ბურთი “ლევერკუზენთან”. რაც შეეხება პასს, დევიდ ბექჰემის პასები მომწონდა ძალიან, რომელსაც საოცარი ხედვა ჰქონდა. 98–ში სიმეონეს რომ მისთვის ფეხი არ მოეტეხა, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა კარიერა.

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შენი გემოვნებით + მწვრთნელი…
– ვან დერ საარი – ლამი, ჩივაძე, მალდინი, კარლოსი – გულიტი, ჯერარდი, ბექჰემი, ზეედორფი – მესი, რუნი. მწვრთნელი სერ ალექსი. ისე, ბევრი დამრჩა სიმბოლურს მიღმა…

ესაუბრა გიორგი ფულარიანი