Boxing VS MMA: დაპირისპირებები, რომლებიც არ შედგა

400

ფლოიდ მეივეზერისა და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირებამ კრივის და მთლიანად სპორტულ სამყაროში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მთელი მსოფლიო ელოდა “საუკუნის ბრძოლას” და თამამად შეიძლება ითქვას, რომ შოუ შედგა!

მოდით, გადავავლოთ თვალი იმ შესაძლო მსგავს დაპირისპირებებს, რომლებიც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ არ შედგა…

ენტონი ჯონსონი–ბობი განი

ჯონსონი
MMA–ს შედეგი: 22–6 (16 ნოკაუტი)

ბობი განი
კრივის შედეგი: 23–7 (20 ნოკაუტი)

ირლანდიელი ბობი განი ისტორიაში საუკეთესო მოკრივე ნამდვილად არ გახლავთ, თუმცა საკმაოდ კარგად ურტყამდა და ბრუტალური სტილითაც გამოირჩეოდა. რაც შეეხება ჯონსონს, იგი UFC–ში ერთ–ერთი საუკეთესო დამრტყმელია, რაზეც მისი 22–დან 16 ნოკაუტიც მეტყველებს.

ოსკარ დე ლა ჰოია–ნიკ დიაზი

ნიკ დიაზი
MMA–ს შედეგი: 26–9 (13 ნოკაუტი)
კრივის შედეგი: 1–0

ოსკარ დე ლა ჰოია
კრივის შედეგი: 39–6 (30 ნოკაუტი)

მიუხედავად იმისა, რომ დიაზი ჯიუ–ჯიცუსკენ უფროა მიდრეკილი, მაინც საინტერესო დაპირისპირება იქნებოდა, რომლითაც დიაზის ჯიბეში საკმაო რაოდენობით თანხა შევიდოდა. ოსკარმა კი კრივის მოყვარულებს თავი ჯერ კიდევ მაშინ შეაყვარა, როცა 1992 წლის ოლიმპიადაზე გარდაცვლილი დედის თხოვნა შეასრულა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ანდერსონ სილვა–როი ჯონსი

ანდერსონ სილვა
MMA–ს შედეგი: 34–8 (20 ნოკაუტი)
კრივის შედეგი: 1–1 (1 ნოკაუტი)

როი ჯონსი
კრივის შედეგი: 65–9 (47 ნოკაუტი)

ეს მეივეზერი–მაკგრეგორის დაპირისპირებაზე არანაკლებ (მეტი თუ არა) საინტერესო ბრძოლა იქნებოდა. როი ჯონსი, რომელსაც გამანადგურებელი დარტყმა ჰქონდა და ამავე დროს, ჭკვიანი და ინტელექტუალი მებრძოლი ანდერსონ სილვა. თანაც, ეს ბრძოლა რეალობასთან ახლოს იყო, მაგრამ თავის დროზე UFC–ის არ სურდა მისი მებრძოლი რინგზე გამოსულიყო.

სტიპე მიოჩიჩი–ენტონი ჯოშუა

სტიპე მიოჩიჩი
MMA–ს შედეგი: 17–2 (13 ნოკაუტი)

ენტონი ჯოშუა
კრივის შედეგი: 19–0 (ყველა ნოკაუტი)

UFC–ის ამჟამინდელ მძიმეწონოსან ჩემპიონ მიოჩიჩს არასდროს უთქვამს უარი რინგზე ჯოშუასთან დაპირისპირებაზე. თავის მხრივ, ბრიტანელმა სუპერმძიმე წონაში ჩემპიონობა აპრილში ვლადიმერ კლიჩკოს ნოკაუტით დამარცხების შემდეგ მოიპოვა. მიოჩიჩი UFC–ში ერთ–ერთი საუკეთესო დამრტყმელია, რაზეც მისი სტატისტიკაც მეტყველებს, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნებოდა. გავითვალისწინოთ ისიც, რომ კარიერა არც ხორვატს და არც ბრიტანელს არ დაუსრულებიათ, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, ოდესღაც ეს დაპირისპირებაც ვიხილოთ.

ფიოდორ ემილიანენკო–მაიკ ტაისონი

ფიოდორ ემილიანენკო
MMA–ს შედეგი: 36–5 (11 ნოკაუტი)

მაიკ ტაისონი
კრივის შედეგი: 50–6 (44 ნოკაუტი)

2000–იანებიდან მოყოლებული ემილიანენკო ფორმის პიკში იმყოფებოდა და სხვათა შორის, MMA–ს უამრავ ფანს სურდა, რომ რუსისა და ამერიკელის ბრძოლა ეხილა. რასაკვირველია, ტაისონს გაცილებით მძიმე და დამანგრეველი დარტყმა ჰქონდა, მაგრამ არც ემილიანენკო უჩიოდა ხელის სიმძიმესა თუ სისწრაფეს.

მუჰამედ ალი–ჯონ ჯონსი

ჯონ ჯონსი
MMA–ს შედეგი: 23–1

მუჰამედ ალი
კრივის შედეგი: 56–5 (37 ნოკაუტი)

თავიანთ სახეობაში ორივე ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესოა. დიახ, ალი მძიმე წონა იყო, ხოლო ჯონსი მსუბუქი მძიმე წონაა, მაგრამ უდავოდ ერთ–ერთი საუკეთესო ბრძოლა იქნებოდა ისტორიაში. ორივე ძალზე მაღალი, გრძელი, მოქნილი, სწრაფი, ინტელექტუალი და ტაქტიკურად უაღრესად განსწავლული მებრძოლი. ალის კარიერაში სულ 5 მარცხი აქვს, ჯონსი კი დღემდე არავის დაუმარცხებია. ის ერთი წაგებაც დისკვალიფიკაციის გამო აქვს, რადგან მსაჯის აზრით, მეტ ჰემილს აკრძალულ არეში ურტყამდა.

მოამზადა გიორგი ფულარიანმა