გიორგი გონაშვილი

293

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი მადრიდის “რეალის” ქომაგი გიორგი გონაშვილი გახლავთ…

– გამარჯობა, გიორგი. გაეცანი ჩვენს მკითხველს…
– გამარჯობა. გიორგი გონაშვილი, ფეხბურთისა და მადრიდის “რეალის” უდიდესი მოყვარული.

– ფეხბურთი საიდან შეგიყვარდა?
– ფეხბურთთან ჩემი პირველი “შეხება” ცოტა კურიოზული ამბავია: მოკლედ, ბიძაჩემი იყო ფეხბურთის და კონკრეტულად, “ბარსელონას” გულშემატკივარი. როცა 8 წლის ვიყავი, ანუ 1998 წელს, ერთ საღამოს დამსვა და მეუბნება (მანამდე მთელი დღეები საუბრობდა, რომ “ბარსელონა” “რეალს” დააჩოქებს და ა.შ.) და იმ სააღამოს მისი თქმით უნდა მენახა “სამეფო გუნდის” დაჩოქება და ფეხბურთის უმაღლესი კლასი… ფეხბურთის კლასი კი ვნახე იმ საღამოს, მაგრამ “სამეფო კლუბის” დაჩოქება ნამდვილად ვერა. ის თამაში “რეალმა” 4:1 მოიგო და იმ 4 გოლიდან დუბლის ავტორი “ვიღაც ლაწირაკი” რაულ გონსალესი გახლდათ. იმ დღიდან დამაინტერესა ამ ზებუნებრივმა სპორტმა. როგორც შემდეგ გავარკვიე, ეს იყო ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი შეხვედრა,  “ბერნაბეუზე” კატალონიელებს პირველი თამაში 2:1 ჰქონდათ მოგებული… ვინაიდან კითხვა მიყვარდა, მოვიძიე საფეხბურთო ლიტერატურა, გავიგე ყველაფერი კლუბზე და ა.შ. შემდეგ მსოფლიოც დაიწყო და შევყევი. ის იყო პირველი “შპრიცი” დიდი ნარკოტიკისა, რასაც ფეხბურთი და მადრიდის “რეალი” ჰქვია.

– რატომ “რეალი”?
– როგორც ზემოთ დავწერე, ის საბედისწერო მატჩი იყო მიზეზი, თუმცა დავუშვათ, რომ იმ თამაშში “რეალს” წაეგო და რაულსაც არ გაეტანა, ვფიქრობ, მაინც მადრიდის “რეალს” ავირჩევდი, რადგან ამ კლუბს აქვს უდიდესი ისტორია, უამრავი ტიტული, ფეხბურთს აჩუქა უამრავი დიდი ლეგენდა და შექმნა რამდენიმე უდიდესი ეპოქა ფეხბურთში და დღეს რომ ფეხბურთი ასეთი დიადი სპორტია და ამ სპორტს ჰყავს უამრავი ფანი, დიდწილად სწორედ მადრიდული გრანდია ამაში “დამნაშავე”.

– როგორი გრძნობაა, როცა შენი ფავორიტი გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს ზედიზედ ორჯერ იგებს?
– ძალიან ამაღლებული გრძობაა. ხვდები, რომ მწვერვალზეა შენი გუნდი და ხვდები, რომ ერთადერთია. ეს სიხარული არ ვიცი, რას შევადარო. უბრალოდ, საოცრად ამაყი ხარ, როცა აცნობიერებ, რომ წლების წინ შენ არჩევანი გააკეთე და აირჩიე საუკეთესო, ახლა კი ამ არჩევანის შედეგებს იმკი…

– ყველაზე მეტად რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი რეალიდან გასული სეზონის მიხედვით?
– გასული სეზონის მიხედვით ცოტა გამიჭირდება. ვფიქრობ, მთელი გუნდი ერთი დიდი მექანიზმია და მისი რომელიმე ნაწილის გამოყოფა არ იქნება სწორი, თუმცა თუ მომიწევს, მაინც ნახევარდაცვის ცენტრის სამეულს გამოვყოფდი (კროოსი–მოდრიჩი–კაზემირო) და ლიგის ამ წლის და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს. მისი გოლები და ზოგადად, მისი როლი გუნდში უდიდესია.

– “რეალს” რომელ მუსიკოსს ან ბენდს შეადარებდი?
– ბენდი ცოტა რთული იქნება… იმიტომ, რომ ერთი ბენდი არაა, რომელსაც სხვებისგან ამხელა მანძილით დააშორებ, მაგრამ ალბათ, დევიდ გილმორი თავისი “ფინქ ფლოიდით”.

– ყველა დროის ყველაზე მაგარი მადრიდელი შენთვის…
– ყველაზე მაგარი მადრიდელი უდავოდ რაულ გონსალეს ბლანკო. ჩემთვის ის არის არამარტო “მადრიდიზმის”,  არამედ ფეხბურთელობის, კაპიტნობის, ლიდერობის, ერთგულების და საყვარელი კლუბისადმი სიყვარულის მაგალითი. ასევე იკერ კასილასიც, რადგან მისი კლუბისადმი სიყვარული არანაკლებია და მის ყოველ სიტყვაში და ყოველ ქმედებაზე ვხედავ ამას.

– შენი ნება რომ იყოს იკერს დააბრუნებდი?
– იკერმა მიიღო გადაწყვეტილება და ეს გარკვეული მიზეზებით იყო განპირობებული და იმ მიზეზებს თუ გავითვალისწინებთ, ეს გადაწყვეტილება მართებულია. იყო ფიზიკური ტრავმა, რასაც მოჰყვა ფსიქოლოგიური ტრავმაც და ისე მოხდა, რომ ვერ გაუძლო ამ ყველაფერს. მე საერთოდ არ მივცემდი წასვლის ნებას. მოდი, ასე მივუდგეთ საკითხს, თუმცა რადგან წავიდა, ე.ი. ასე იყო საჭირო და ახლა მისი დაბრუნება არ იქნება უპრიანი.

– გადავიდეთ სანაკრებო ფეხბურთზე. აქ ვისკენ იხრება გიორგი გონაშვილის სიმპათიები?
– ჩემი სიმპათიები ჩემი კუმირის ეროვნული ნაკრებისკენ იხრება – რა თქმა უნდა, ესპანეთი. ბავშვობიდან მიყვარს ეს ქვეყანა, დაწყებული ფეხბურთით დამთავრებული ყველაფრით. ბოლო წლებში ჩემი კლუბის დიდი ლეგენდის სიყვარულით და მისი წარმატების ნახვის დიდი სურვილის გამო პორტუგალიასაც ვქომაგობ.

– როგორ ფიქრობ, მუნდიალის ფავორიტი ვინაა და კონკრეტულად ესპანეთს რა შანსები აქვს?
– მუნდიალის ფავორიტის სტატუსის მინიჭება ძალიან გამიჭირდება. ვფიქრობ, წინა ყველა მუნდიალი რომ შევაჯამოთ ეს ყველაზე არაპროგნოზირებადი ჩემპიონატი იქნება ერთდროულად რამდენიმე ფავორიტით. იგივე წინა გამარჯვებული გერმანია, ასევე საფრანგეთი, არგენტინაც (თუკი ისწავლეს როგორ ითამაშონ დაცვის გარეშე მხოლოდ მაღალი კლასის შემტევებით). ფავორიტებში ესპანეთსაც მივიჩნევ, ვინაიდან ძალიან კარგი ახალი თაობა წამოვიდა, სრულიად შეიცვალა სტრუქტურა და ვფიქრობ, იბრძოლებენ მაღალი მიზნებისთვის.

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– 2002 წლის ლიგის ფინალში ზიდანის გოლი “ლევერკუზენთან” და პასი იქედან გამომდინარე, რომ ყველაზე არაპროგნოზირებადი, იყო გუტის გადაცემა ბენზემას მისამართით “დეპორტივოსთან”.

– ყველა დროის სიმბოლური გუნდი, რაც გინახავს + მწვრთნელი…
– ნუ რამდგან სიმბოლურია 3-1-2-2-2 ტაკტიკით გავალ მინდორზე.

კარში ჩემთვის ნომერი პირველი (ბუფონთან ერთად, თუმცა იკერის მთელი კარიერა მაქვს ნანახი და ვიცი ეს მეკარე რას წარმოადგენდა. ზოგისგან განსხვავებით, არ ვაფასებ ბოლო 3-4 წლის ნათამაშებით).
მეკარე: იკერ კასილასი.
მცველები: მალდინი, ნესტა, რამოსი.
საყრდენი: მაკელელე
ცენტრი: ზიდანი და ინიესტა (ორივე ელეგანტურობის პიკი)
ფლანგები: კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი (ყველა დროის საუკეთესოები)
თავდასხმა: რაული და რონალდო ნაზარიო (ჩემთვის საუკეთესო ფორვარდები)

ამ ლეგენდებს იდეალურად გაწვრთნიდა კარლო ანჩელოტი.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი