ცვლილებებით ‘არწივებთან’ გიორგი ჩხაიძე – მესამე ქართველი ცენტურიონი

398

მილთონ ჰეიგმა 2017 წლის დასკვნითი მატჩისთვის ბორჯღალოსნების შემადგენლობა გამოაცხადა. წინა ორი ტესტისგან განსხვავებით სასტარტო თხუთმეტეულში ხუთი ცვლილებაა. მარქაფაში კიდევ სამი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც ამ შემოდგომაზე 23-კაციან განაცხადში პირველად მოხვდნენ.

თიბისი რაგბის სერიების მორიგ მატჩში ბორჯღალოსნები აშშ-ს (არწივებს) 25 ნოემბერს, ‘მიხეილ მესხზე’ დაუხვდებიან. თამაში 18 საათზე იწყება და ბილეთების შეძენა სტადიონის სალაროებში (11-იდან 19 საათამდე), ან ონლაინ TKT.GE/TBCRugbySereis-ზეა შესაძლებელი.

მესამე მეასე!

ბორჯღალოსნების 28-წლიან ისტორიაში, შაბათს საქართველოს მესამე ცენტურიონი ეყოლება! აღსანიშნავია, რომ 100-იან ზღვარს სამივე მორაგბემ წელს გადააბიჯა: 19 თებერვალს გერმანიასთან მერაბ კვირიკაშვილმა, 10 ივნისს კანადასთან დავით კაჭარავამ და 25 ნოემბერს მათ გიორგი ჩხაიძე შეუერთდება.

მოქმედ ბორჯღალოსნებს შორის უხუცესმა, 36 წლის „ბინგომ“ პირველი სანაკრებო კეპი 2002 წლის მარტში, ჰოლანდიასთან მოიხვეჭა. მას შემდეგ ის ნაკრების უცვლელად წევრად იქცა და განვლილ 99 ტესტში 10 ლელო (3 საჯარიმო) გაიტანა. მან ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ოთხივე მსოფლიო თასზე (2003, 2007, 2011 და 2015) ითამაშა და კარგი თამაშის გარდა, გუნდში სასიამოვნო აურის შექმნის უნარით გამოირჩეოდა.

„ბედნიერი ვარ, რადგან მეასედ დავდგები საქართველოს ჰიმნზე. სხვა მხრივ ეს თამაში წინამორბედებისგან არაფრითაა გამორჩეული. ჩვეულებრივად ვემზადები, გავალ მოედანზე და ბოლომდე დავიხარჯები“ – ასეთია მომავალი ცენტურიონის მოლოდინი.

ხუთი ცვლილება

ჰეიგმა წინა ორი მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილება განახორციელა, თუმცა ამით ბორჯღალოსნების სიმძლავრე ოდნავადაც არ შემცირებულა.

შერკინების პირველი ხაზი უცვლელია – მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და ლევან ჩილაჩავა. მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძეს ჩხაიძე შეუწყვილდება, გიორგი ნემსაძემ მარქაფაში გადაინაცვლა. „ბინგომ“ სასტარტოში ბოლოს 2016 წლის 24 ივნისს, კუნძულ სუვაზე ფიჯის წინააღმდეგ ითამაშა მაშინ ბორჯღალოსნებმა მასპინძლები14:3 დაამარცხა.

24 ივნისის შემდეგ პირველად იწყებს თამაშს მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი. ის ოკეანეთის ტურნეზე გუნდის კაპიტანი იყო, შარშან ნოემბერში ორჯერ ითამაშა შეცვლაზე სამოასა და შოტლანდიის წინააღმდეგ და ნაკრებს 1-წლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება. მესამე ხაზში თამაშს იწყებენ ვიტო კოლელიშვილი და ბექა ბიწაძე.

ფულბეკის პოზიციაზე სასტარტოში ბრუნდება მერაბ კვირიკაშვილი. ბორჯღალოსნების ისტორიაში საუკეთესო მექულე 108-ე კეპს მოიხვეჭს.

ერთი გარემარბი ახალგაზრდა მირიან მოდებაძეა, რომელიც ნაკრებში ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს. მეორე გარემარბი გიორგი კოშაძე, ან სოსო მათიაშვილი იქნება, რომელმაც განვლილ ორ მატჩში 15 ნომრად ითამაშა. მწვრთნელები გადაწყვეტილებას შაბათს, თამაშის დღეს მიიღებენ.

დაშავებულია მგეზავი ლაშა ხმალაძე და მის ნაცვლად ვასილ ლობჟანიძეს რევაზ ჯინჭველაშვილი შეუწყვილდება. მან სასტარტო 15-ში 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუსთავში, გერმანიის წინააღმდეგ ითამაშა, განვლილ ორ მატჩში კი შეცვლაზე შევიდა.

ბორჯღალოსანთა სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშებს გიორგი კვესელაძე. მას სანაკრებო დებიუტი ორი კვირის წინ ‘დინამო არენაზე’ ჰქონდა. იმ დღეს კვესელაძეს 20 წელი შეუსრულდა და კანადის წინააღმდეგ შეცვლაზე შევიდა. გიორგი თამაშს 12 ნომრად იწყებს, ხოლო გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე 13 ნომერზე დადგება.

მარქაფაში სამი სიახლით

მარქაფაში სამი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც ამ შემოდგომაზე ჯერ არ უთამაშიათ. ერთ-ერთი ბურჯი ზურაბ ჟვანიაა, რომელმაც გასულ უქმეებზე ‘სტად ფრანსეს’ შემადგენლობაში ტოპ 14-ში ლელო გაიტანა. მას ბორჯღალოსანთა კვართით მარტის შემდეგ (რუმინეთთან) არ უთამაშია.

კვაჭის პოზიციაზე თამაშში შალვა მამუკაშვილი ჩაერთვება, ხოლო მეორე ბურჯი სოსო ბეკოშვილია. მეორე ხაზში მოედანზე გიორგი ნემსაძე შევა, მესამე ხაზს კი ორი მორაგბე – ლაშა ლომიძე და გორგი თხილაიშვილი გააძლიერებენ.

მესამე კეპს მოიხვეჭს ახალგაზრდა გელა აფრასიძე, რომელიც 9 ნომრის თადარიგშია. მას დებიუტი წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიასთან ჰქონდა, თუმცა მალევე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა, დაახლოებით ერთ თვეში კი, ასევე შეცვლაზე რუსეთის წინააღმდეგ ითამაშა.

ივნისის ამერიკული ტურნეს შემდეგ თადარიგშია და 79-ე კეპს მოიხვეჭს უკანახაზელი ლაშა მალაღურაძე. აღსანიშნავია, რომ განაცხადში მყოფი 23 მოთამაშიდან 5-ს, კარში დარტყმა შეუძლია.

საქართველოს ბორჯღალოსნები

აშშ-ს წინააღდეგ

შაბ 25/11_2017 | თბილისი, ვაკე, მესხი | 18.00

No სახელი და გვარი კლუბი [ქვეყანა ლიგა] დაბ ბრჯ მონაგარი
უკანა ხაზი [ბექები]
15 მერაბ კვირიკაშვილი ლელო სარასენს [საქ დ 10] 1983 107 16ლ 147გ 150ჯ 3ა [833 ქ] 5სბ
14 სოსო მათიაშვილი აკადემია [საქ დ 10] 1993 5 4ლ 8გ 6ჯ [54 ქ]
14 გიორგი კოშაძე რუსთავის ხარები [საქ დ 10] 1996 8 4ლ
13 მერაბ შარიქაძე^კაპ ორიაკ [სფრ პრო დ2] 1993 56 11ლ [9 კაპ]
12 გიორგი კვესელაძე მარნეულის არმაზი [საქ დ 10] 1997 1 :
11 მირიან მოდებაძე ქუთაისის აია [საქ დ 10] 1997 2 :
10 რევაზ ჯინჭველაშვილი მარნეულის არმაზი [საქ დ 10] 1995 5 :
9 ვასილ ლობჟანიძე ბრივ [სფრ ტოპ 14] 1996 26 5ლ
შერკინება [ფორვარდები]
1 მიხეილ ნარიაშვილი მონპელიე [სფრ ტოპ 14] 1990 46 2ლ სბ
2 ჯაბა ბრეგვაძე კრასნი იარ [რუს სუპერ] 1987 48 ლ 2სბ
3 ლევან ჩილაჩავა ტულონ [სფრ ტოპ14] 1991 34 4ლ
4 გიორგი ჩხაიძე დომონ [სფრ ფედ2] 1981 99 10ლ [1 კაპ] 6სბ
5 კოტე მიქაუტაძე მონპელიე [სფრ ტოპ 14] 1991 53 2ლ 3სბ
6 შალვა სუთიაშვილი ანგულემ [სფრ პრო დ2] 1984 62 2ლ [15 კაპ] 3სბ
7 ვიტო კოლელიშვილი კლერმონ [სფრ ტოპ 14] 1989 43 4ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ
8 ბექა ბიწაძე ნარბონ [სფრ პრო დ2] 1991 24 6ლ + შ
მარქაფა [თადარიგი]
23 ლაშა მალაღურაძე კრასნი იარ [რუს სუპერ] 1986 78 4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ
22 გელა აფრასიძე მონპელიე [სფრ ტოპ 14] 1998 2 :
16 შალვა მამუკაშვილი კარკასონ [სფრ პრო დ2] 1990 48 4ლ
17 ზურაბ ჟვანია სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] 1991 28 8ლ 2სბ
18 სოსო ბეკოშვილი ბრივ [სფრ ტოპ 14] 1993 10 :
19 გიორგი ნემსაძე ბრისთოლ [ინგ ჩემპ] 1984 75 13ლ 5სბ
20 ლაშა ლომიძე ლონდონ აირიშ [ინგ პრემ] 1992 35 5ლ + შ სბ
21 გიორგი თხილაიშვილი ბათუმი [საქ დ 10] 1991 40 10ლ სბ

რაგბის კავშირის პრესსამსახური