“ბათუმი 2018”: საჭადრაკო ოლიმპიადის ოფიციალური წარდგენა

250

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა – “ბათუმი 2018“ ოფიციალურად წარადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ოლიმპიდის მეშვეობით საქართველო კიდევ ერთხელ მოექცევა მსოფლიოს ყურადღების ქვეშ.

“ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ დღევანდელ დღეს შეკრებილ მსოფლიო საჭადრაკო საზოგადოებას. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველო წელს კიდევ ერთხელ მოექცევა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. შემოდგომაზე, ჩვენ ყველას ერთად უდიდესი საჭადრაკო ზეიმი გველის.

მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე, რომელსაც ბათუმი 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს, მსოფლიოს 189 ქვეყნის 4 000 მოჭადრაკე და სტუმარი გვეწვევა. მოუთმენლად ველოდებით პროფესიონალ მოჭადრაკე ვაჟთა და ქალთა გუნდების ჩამოსვლას საქართველოში, ჩვენს მართლაც ულამაზეს აჭარის რეგიონში.

ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის და საქართველოს უმდიდრესი საჭადრაკო ტრადიციების, ქართველი მოჭადრაკეების უდიდესი გამარჯვებების დაფასება და დიდი პატივისცემა, რასაც განსაკუთრებულად მივესალმებით და მადლობას ვუხდით FIDE-ს (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) და ზოგადად, მსოფლიო საჭადრაკო სამყაროს, საქართველოს მიმართ გამოხატული ასეთი მაღალი ნდობისთვის.

აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერა სპორტის და კერძოდ ჭადრაკის მიმართ. ჩვენ ყველანი ვერთიანდებით და ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას და ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს მთელი მსოფლიო წინაშე საუკეთესო კუთხით“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში ვიშვანათან ანანდი. საგანგებოდ პრეზენტაციისთვის თბილისს ასევე ეწვია ფიდე-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიოს მაკროპულოსი.

ოფიციალურ პრეზენტაციაზე, მინისტრთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად,საჭადრაკო ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და მსოფლიოსა და საჭადრაკო ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებულმა, ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩმა ნონა გაფრინდაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო სტრუქტურებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელოვანი მოჭადრაკეები, ვეტერანი ქართველი სპორტსმენები და ოლიმპიური ჩემპიონები, კულტურის სფეროსა და ბიზნესსექტორში წარმატებული ადამიანები, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ქართველი კეთილი ნების ელჩები.

პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის საიმიჯო რგოლი.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდგომ, სტუმრებმა საჭადრაკო ოლიმპიადის სურვილების დაფაზე სამსახოვრო მინაწერები დატოვეს, სასტუმროს ფოიეში მოწყობილ სივრცეში საჩვენებლი საჭადრაკო პარტიები გამართეს და საგანგებოდ ამ დღისთვის დამზადებული ფოტოები დაათვალიერეს.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაიმართება. უდიდეს სპორტულ ფორუმზე დასასწრებად საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.

ბათუმმა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა, სადაც 93 ხმა მიიღო, კონკურენტმა დურბანმა (სამხრეთ აფრიკა) კი – 58.