ევროლიგის ფლეი-ოფის მიმოხილვა

384

ევროლიგის გათამაშების ფლეიოფი გახურდა და მორიგი შეხვედრა, რომელზეც თქვენს ყურადღებას შევაჩერებ, ეს “ფენერბახჩეს” და “ბასკონიას” რიგით მეორე დაპირისპირება იქნება. ამასთანავე გეტყვით თუ რა ხდება სხვა წყვილების გარშემო.

წინა შეხვედრა, რომელიც ორი დღის წინ შედგა, თურქული გუნდის გამარჯვებით (82-73) დასრულდა. “ბასკონია” კი, მას შემდეგ, რაც გუნდში თორნიკე შენგელია ასპარეზობს, ჩვენთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. შენგელიას წარმატებული სეზონი და MVP ერთ-ერთ კანდიდატად წარმოჩენა, გულშემატკივართა მხრიდან უფრო დიდი წარმატების მოლოდინს აჩენს. მისი ბოლო შეხვედრის მონაგარი 24 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა იყო.

ხუთეულები:

“ფენერბახჩე” – ნიკოლა კალინიჩი, ჯეიმს ნუნალი, ჯეისონ ტომპსონი, იან ვესელი, ბრედ ვონამეიკერი

“ბასკონია” – როდრიგ ბობუა, მარსელინიო უერტასი, ვინსენტ პოირიერი, თორნიკე შენგელია, იანის ტიმა

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველი მეოთხედის მიმდინარეობა მეტნაკლებად მაინც თანაბრად უნდა შეფასდეს, მაგრამ მომენტებში, “ფენერის” როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური სიძლიერე მკაფიოდ გამოჩნდა. ეს მთელი მეოთხედის განმავლობაში მტკიცდებოდა, რამაც “ბასკონიას” ლიდერების ჯარიმებით დატვირთვა გამოიწვია. მათ შორის იყო თორნიკე შენგელიაც, რომელმაც მოედანზე მცირე დროში 4 ქულა და 1 გადაცემა მიითვალა. ქართველმა ორივე ჯარიმა იან ვესელისთან ორთაბრძოლაში მიიღო. “ფენერისთვის” საწყისი ათი წუთი ზუსტი სამქულიანის გარეშე დასრულდა, მაგრამ შესაშური სიზუსტით შეძლეს ორქულიანებისა (8/10) და საჯარიმოების (9/10) შესრულება. “ბასკონია” კი მეოთხედის უფრო დიდი სხვაობით წაგებას ბოლო წუთებში ჩაგდებული სამქულიანების საშუალებით გადაურჩა. თურქები ფარზეც ყოჩაღობდნენ, ისინი 9 მოხსნით იწონებდნენ თავს.

სურათი უცვლელი დარჩა მეორე მეოთხედშიც, თუმცა “ბასკონია” ახერხებდა იმას, რომ მეტოქე შორს არ გაეშვა და ამას შორეული, ზოგჯერ ავანტიურული სროლებით ცდილობდა. შეუჩერებელი იყო იან ვესელი, რომლის აყვანა ძალზე უჭირდა ვინსენტ პოირიერს. თურქული გუნდის ჩეხმა კალათბურთელმა ტაიმი 13 ქულით დაასრულა. თორნიკე კიდევ ერთი ფოლით დაიტვირთა, ამიტომ ისევ მცირე დრო დაჰყო პარკეტზე. ამ დროში მან 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი შეასრულა. “ბასკონია” ლიგის მოქმედ ჩემპიონს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა. ტაიმი “ფენერმა” მხოლოდ ოთხი ქულით, 53-49 მოიგო. ამ შედეგზე კი შეხვედრაში ყველაფერი მოსალოდნელი იყო.

მეორე ტაიმი “ბასკონიამ” უკეთ დაიწყო, სადაც თოკომაც იყოჩაღა და რამდენიმე ეპიზოდში ზუსტი თამაშის გარდა, პარკეტზე გატარებული დროის განმავლობაში ისე იასპარეზა, რომ ფოლი აღარ მიუღია და ესპანური გუნდის თავკაცს ბოლო მეოთხედის წინ მისი დატვირთვა უკვე თამამად შეეძლო. თამაშის მიმდინარეობა მეორე ტაიმში არ შეცვლილა, თუმცა “ბასკონია” მხოლოდ გამართლების იმედზე არ ყოფილა, როგორც ეს პირველ ტაიმში ხდებოდა. მათ საკმაოდ გუნდური კალათბურთი შემოგვთავაზეს და რამდენჯერმე მეტოქეს ფოლი შეტევაშიც მიაღებინეს. მეოთხედის საბოლოო ანგარიში კი მხოლოდ სამი ქულა იყო, რაც ძალზე დაძაბულ და საინტერესო მეოთხე პერიოდს გვპირდებოდა (71-68). თურქები კვლავ წინ იყვნენ.

მეოთხე მეოთხედი განახლდა და თოკომ დიდი ბრძოლის ხარჯზე ანგარიში გაათანაბრა, როდესაც სამწამიანში თავისივე აცილებული ბურთზე დიდი ბრძოლა მოუხდა ნიკოლო მელის წინააღმდეგ, თუმცა ქართველმა ბურთი აიღო და ფარიდან ორი ქულა მოიპოვა. ამ წუთისთვის თოკოს მონაგარი 12 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 8-დან 6 ჩაგდებული ბურთი გახლდათ. “ფენერი” ნელ-ნელა მიზანს ისწორებდა და თამაშის სათავისოდ წაყვანას იწყებდა. დროის მოკლე მონაკვეთში, როდესაც თურქული კლუბის სამმა სხვადასხვა მოთამაშემ – დატომემ, ნუნალიმ და ვონამეიკერმა 10 ქულა მოაგროვეს, “ბასკონიიდან” მხოლოდ ერთმა – მეტ ჯენინგმა გაისროლა. გუნდისთვის სრულ მინუსს წარმოადგენდა როდრიგ ბობუა, რომელსაც ვერანაირი სარგებელი ვერ მოჰქონდა.

თამაშში შეიმჩნეოდა, რომ “ფენერი” ადრე თუ გვიან გადამწყვეტ უპირატესობას ხელთ იგდებდა. სწორედ ამ დროს “ბასკონიამ” სხვაობის კიდევ უფრო შემცირების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან, როდესაც არგენტინელმა ლუკა ვილდოზამ ბურთი დაკარგა, რასაც უმალვე ვონამეიკერის სამიანი მოჰყვა და 89-82 დაფიქსირების შემდეგ ყველაფერი დასრულებულად გამოცხადდა. მატჩი კი 95-89 დასრულდა და “ფენერბახჩე” სერიაში 2-0 დაწინაურდა.

ანგარიშიდან გამომდინარე ძალიან საინტერესო განვითარებაა მოსალოდნელი “რეალი” – “პანათინაიკოსისა” და “ჟალგირისი” – “ოლიმპიაკოსის” სერიებში. ორივე წყვილში თანაბრობაა – 1-1. რაც შეეხება რუსულ დერბის, მიუხედავად იმისა, რომ “ხიმკიმ” ორივე მატჩში ბოლომდე იბრძოლა გამარჯვებისთვის, რთული წარმოსადგენია, რომ “ცსკა” ოთხთა ფინალის მიღმა დარჩეს.