გაიცანი გულშემატკივარი: ანდრო ხელაძე

1469

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი “მილანის” ქომაგი ანდრო ხელაძეა…

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი და თუ გახსოვს, რომელი იყო პირველი შეხვედრა, რომელსაც უყურე?
– რაც თავი მახსოვს, ფეხბურთს ვუყურებ, შესაბამისად არც კი მახსოვს როგორ და რანაირად შემიყვარდა. ოჯახში ყველა ფეხბურთს უყურებს, განსაკუთრებით ბიძაჩემი და ბაბუაჩემი, ალბათ იყო მათი გავლენა. პირველი თამაში რომელი იყო არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ 2004/05 სეზონში დავიწყე ყურება, ყველაზე ნათლად დერბი დელა მადონინა მახსოვს ჩემპიონთა ლიგაზე, აი ის თამაში დიდას რომ პეტარდი ესროლეს.
– რატომ “მილანი”?
– მარტივად რომ ვთქვა, იმიტომ, რომ ბაბუაჩემმა უკრაინიდან ანდრეი შევჩენკოს მაისური ჩამომიტანა. ეს იყო ჩემი პირველი საფეხბურთო მაისური და შესაბამისად, შემიყვარდა “მილანი”. ამასთან ერთად მომწონდა გუნდის ფერებიც. თან, “მილანი” იმ დროს N1 გუნდი იყო. ამას ემატება კალაძის ფაქტორიც… მერე მიჰყვა და მიჰყვა. უკვე 14 წელია, “როსონერის” ერთგული ფანი ვარ.
– რას იტყვი მიმდინარე სეზონზე?
– სიმართლე გითხრათ, სეზონის დაწყების წინ ვთქვი, რომ ეს იქნებოდა სეზონი ბევრი სიხარულით და ბევრი იმედგაცრუებით. სიხარულის რა გითხრათ, იმედგაცრუება კი ნამდვილად იყო. გუნდში იმდენი ახალი მოთამაშე მოვიდა, რომ ადვილი იყო იმის პროგნოზი, ეგრევე ტრიუმფით ვერ დაასრულებდნენ სეზონს, მაგრამ რაღა დაგიმალოთ და, ნამდვილად მეგონა, რომ ოთხეულში შევიდოდით.
– როგორ ფიქრობ, საიდან დაიწყო “როსონერის” დაღმასვლა?
– ძალიან მწარედ გადავიტანეთ თაობათა ცვლა, ეს ცალსახად რთული პროცესია და ეს ყველა გუნდს მოუწევს, მაგრამ “მილანი” ერთბაშად დაემშვიდობა აბსოლუტურად ყველა ლეგენდას. ამასთან ერთად გუნდიდან იმავე ზაფხულში წავიდნენ ლიდერები – ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა. ასევე პატო, რომლის ვარსკვლავობის იმედიც ყველას გვქონდა. სანაცვლოდ კი გუნდში მოვიდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც არ უნდა მოსულიყვნენ. ისინი არ იმსახურებდნენ “როსონერის” მაისურის ტარებას.
– კარლო ანჩელოტის იმ ბრწყინვალე პერიოდს როგორ აღწერდი?
– კარლოს დროინდელი “მილანის” ვიდეოებს თავისუფალ დროს ახლაც სიამოვნებით ვუყურებ, ჩემთვის ის იყო იდეალური ფეხბურთი (სამწუხაროდ, არიგო საკის “მილანს” ვერ მოვესწარი). დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერც გუარდიოლას, ვერც ფერგიუსონის, ვერც მოურინიოს გუნდების ნათამაშები ფეხბურთი ვერ დადგება კარლო ანჩელოტის “მილანზე” მაღლა. შედეგით შეიძლება რომელიმე აღემატებოდეს, მაგრამ პირადად ჩემს გემოვნებაში კარლოს “როსონერი” უფრო ჯდება.
– ვინ არის შენთვის 3 საუკეთესო “მილანელი”?
– მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან “მილანის” გულშემატკივარი ვარ და ამ გუნდის ლეგენდების ჩამოსათვლელად თითები ნამდვილად არ მეყოფა. პირადად მე ვისი თამაშიც მინახავს, პირველი, რაღა თქმა უნდა, გუნდის სიმბოლო – პაოლო მალდინი. მეორე ადგილზე კაცი, რომლის თამაშის ყურების დროსაც უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი – რიკარდო კაკა და მესამე ჯენარო გატუზო – იმიტომ, რომ ის გამოდიოდა მოედანზე და დებდა სულს და გულს. მე არ მახსოვს თამაში, სადაც ჯენარომ თავი დაზოგა. ახლაც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს მწვრთნელის ამპლუაში. ისეთი კაცია, ვისთანაც სიამოვნებით ვიძმაკაცებდი.
– როგორ ფიქრობ, რა მოხდა სტამბულის ფინალში?
– ვიცოდი, რომ ეს კითხვა იქნებოდა… ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მწარე საფეხბურთო მოგონებაა ჩემთვის. პირველ რიგში, ალბათ მეტოქის დაუფასებლობა იყო ამ მარცხის მთავარი მიზეზი. მერე “ლივერპულის” საოცარი გულშემატკივრების ფაქტორი და მესამე: კაპიტანი ფანტასტიკა – სტივენ ჯერარდი. სწორედ მისი გოლის მერე დაიწყო ყველაფერი, შემდეგ პენალტიც სწორედ მან მოიპოვა.
– ამჟამად რას შეცვლიდი კლუბში და ვის დაიმატებდი?
– მეკარეს და დაცვას ნამდვილად არ შევცვლიდი. ნახევარმცველები და გარემარბები კი სასწრაფოდ მოსაყვანია გუნდში. რეალურად რომ ვთქვა – არტურო ვიდალს, დანი სებალიოსს, მემფის დეპაის და ანდრეა ბელოტის მოვიყვანდი. ისე კი ცოტას თუ ვიოცნებებ, ძალიან გამიხარდებოდა ისკოს, ედენ აზარის და ედინსონ კავანის მოსვლა. მათთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზეც ვიტყოდით ჩვენს სიტყვას.
– სანაკრებო ფეხბურთი… როგორ გადაიტანე შვედეთთან ფლეი–ოფში გამოვარდნა?
– ძალიან, ძალიან, ძალიან მწარედ. 2005 წლის მერე, ასე არც ერთი მარცხი არ მიმიტანია გულთან ახლოს. მატჩის დროს პირჯვარს ვიწერდი, ვოცნებობდი, რომ მომხდარიყო სასწაული და გავსულიყავით. ფლორენციმ კუთხურის ჩამოწოდებამდე ბურთს რომ აკოცა, სიმართლეს გეტყვით ცრემლები წამომივიდა, ბუფონთან ერთად მეც ვტიროდი. მიყვარდა შვედეთი იბრას გამო, მაგრამ ახლა დროშის დანახვაზეც გული მერევა. იმ დღეს შვედეთის ნაკრების მაისურიანი ბიჭი შემხვდა ქუჩაში და მეორე მხარეს გადავედი, მართლა ძალიან გავღიზიანდი…
– შენი საყვარელი იტალიელი…
– მალდინიზე და გატუზოზე რადგან უკვე დავწერე, მოდი, სხვა ფეხბურთელს დავასახელებ. მიუხედავად იმისა, რომ ალესანდრო ნესტა ძალიან მიყვარს, არ მინდა, სულ “როსონერიზე” საუბარი გამომივიდეს. ასე რომ, დავასახელებ ფრანჩესკო ტოტის. ეს კაცი ჩემთვის მთლიან რომთან ასოცირდება, მის გამო “რომას” ჰიმნი ზეპირად ვიცი, ალბათ 50-ზე მეტჯერ მაინც მაქვს ნანახი მისი გაცილების ვიდეო თავიდან ბოლომდე. საოცარი ფეხბურთელი იყო და უდიდეს პატივს ვცემ, რომ თავისი გუნდის ერთგული დარჩა.
– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– ბექჰემი რასაც აკეთებდა, მაგას ალბათ უფრო გრძელი პასი ან ჩაწოდება ჰქვია. ასე რომ, ვიტყვი ისევ კაკას პასს 2005 წლის ლიგის ფინალში, მთელი “ლივერპული” რომ გააცურა. ასევე ფრენკ ლამპარდის გადაცემა დროგბაზე, ტერფის გარეთა ნაწილით რომ მოჭრა მთელი დაცვა და ტოტის “ქუსლაობები”. რაც შეეხება გოლს, ჩემთვის კაკას ბურთი “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში, ევრა და ჰაინცე რომ ერთმანეთს შეატაკა… ასევე ძალიან მიყვარს ჯეკ უილშირის გოლი “ნორვიჩის” კარში, საოცარი სილამაზის კომბინაცია იყო.
– ყველა დროის სიმბოლური გუნდი შენი გემოვნებით, ვინც გინახავს + მწვრთნელი…
– ტაქტიკა იყოს 4-4-2. კარში ჯიჯი ბუფონი – კაცი, რომელსაც ჯერ კანს ადარებდნენ, მერე კასილასს, მერე ნოიერს, ახლა დე ხეას – საუკეთესოა, ვინც კი მინახავს. მარჯვნივ კაფუ – კაცი, რომელიც დაცვაში და შეტევაში თანაბრად ძლიერი იყო. დაცვის ცენტრში – ალესანდრო ნესტა, თავისი ელეგანტური ვარდნებით და კარლეს პუიოლი – ყველასთვის სამაგალითო კაპიტანი, რომლის თავგანწირული თამაშიც არასდროს დამავიწყდება. მარცხნივ ყველა დროის საუკეთესო მცველი – პაოლო მალდინი. ნახევარდაცვაში ჯენარო გატუზო – მამაცი გული და სტივენ ჯერარდი – კაპიტანი ფანტასტიკა. მარჯვენა გარემარბად იყოს რიკარდო კაკა – “ოქროს ბიჭუნა”, მარცხნივ რონალდინიო – არტისტი, რომელიც საფეხბურთო მოედანს ცირკად აქცევდა. წინ 2 ფორვარდი – ბრაზილიელი რონალდო – კაცი, რომელიც ტრავმებს რომ არ გაეწამებინა, ვინ იცის, იქნებ პელეს სიმაღლეზეც დამდგარიყო და მის გვერდით ანდრეი შევჩენკო – ადამიანი, ვის გარეშეც შეიძლება საერთოდ არ მეყურებინა ფეხბურთისთვის და შესაბამისად, ეს ინტერვიუც არ შემდგარიყო. ვფიქრობ, “მილანიდან” რომ არ წასულიყო, 10-ჯერ მეტი დაფასება ექნებოდა. მწვრთნელად, რა თქმა უნდა, კარლო ანჩელოტი – ამდენ ვარსკვლავთან გუარდიოლას ან მოურინიოს უეჭველი კონფლიქტი მოუვიდოდათ.