იდეალური ათლეტი – კრიშტიანუ რონალდუ

581

კრიშტიანუ რონალდუ ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ათლეტია. იგი ამჟამად 33 წლისაა, მაგრამ სულაც არ ეტყობა – კვლავ ძალიან ბევრს მოძრაობს, დარბის და ძალზე ენერგიულადაა.

ზოგადად, ნებისმიერ სფეროში და განსაკუთრებით, სპორტში დაუღალავი შრომის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ, რონალდუ კი შრომისმოყვარეობის, პროფესიონალიზმისა და მოტივაციის იდეალური მაგალითია.

მოდით, კრიშტიანუზე ფიტნესის კუთხით ვისაუბროთ და განვიხილოთ, როგორ ვარჯიშობს, როგორ იკვებება და ა.შ…

როგორ ვარჯიშობს?

ვარჯიშის შემადგენელი და ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახურებაა, რადგან ტრავმები თავიდან ავირიდოთ.

“ჩვენი გახურება ყოველთვის გაწელვებითა და მცირე კარდიო–ვარჯიშებით შემოიფარგლება. პროგრამაში არის ასევე დარბაზში არსებული კარდიო–ტრენაჟორები და ველოსიპედი” – ამბობს პორტუგალიელი.

რონალდუ დარბაზში ერთგვარ შერწყმას აკეთებს – კარდიო, ძალოვანი და გამძლეობის ვარჯიშები. “სპრინტზე ყოველთვის სხვადასხვა სტილით ვვარჯიშობთ. ვარჯიშების როტაცია სხეულის მოქნილობისთვის იდეალურია” – აცხადებს კრიშტიანუ.

გარდა ამისა, რონალდუ თითქმის ყოველდღე თავის საცურაო აუზში ცურავს, ცურვა კი სპორტსმენისთვის უმნიშვნელოვანესია. ცურვის “კვალი” რონალდუს მხრებზე და ბეჭებზე განსაკუთრებით ეტყობა.

ცურვის შემდეგ ცივი და ცხელი წყლის აბაზანების თერაპიის ჯერი დგება – ეს ყველაფერი კუნთების რეგენერაციას უწყობს ხელს. შემდეგ მაღალწნევიანი წყლით კუნთების მასაჟის ჯერი დგება, ხოლო ყველაფერი კრიოთერაპიული კაბინით სრულდება.

ყველა დროის საუკეთესო ბოდიბილდერმა არნოლდ შვარცნეგერმა რონალდუს სხეულს იდეალური უწოდა.

კვება

რონალდუ დიეტას სერიოზულ ყურადღებას აქცევს, რაც მის სათამაშო კონდიციებსა და სხეულზე აისახება. 2016 წელს მან დიეტა გაამკაცრა და 1 კილოგრამის დაკლებაც კი გადაწყვიტა, რათა სისწრაფე არ დაკლებულიყო.

სიტყვა ისევ დავუთმოთ რონალდუს: “პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ წყალი უმნიშვნელოვანესია. სვით რეგულარულად. როდესაც დიდი დატვირთვებით ვარჯიშობთ, კვება უდიდეს როლს თამაშობს”.

პორტუგალიელის რაციონში ძირითადად უცხიმო ხორცი, ხილი და ბოსტნეულია, შაქრის შემცველობა კი მაქსიმალურად შემცირებული აქვს. იგი საერთოდ არ სვამს ალკოჰოლს, ხოლო მისი საყვარელო კერძის – პორტუგალიურად შემწვარი თევზის მირთმევის უფლებას თავს იშვიათად აძლევს ხოლმე.

“ყველა ფეხბურთელი განსაზღვრული პროგრამით ვარჯიშობდა, რონალდუ კი ყოველთვის განცალკევებით მუშაობდა. თავიდან ეს მაკვირვებდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ საქმე უდიდეს პროფესიონალთან მქონდა” – იხსენებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფიზ–მომზადების მწვრთნელი.

ლეგენდარულ სერ ალექს ფერგიუსონს კი არაერთხელ უთქვამს, რომ რონალდუს სავარჯიშო დარბაზიდან გამოყვანა ურთულესი საქმე იყო.

კიდევ რა საიდუმლოს ფლობს იგი?

რონალდუს რჩევა: “იდეალური ვარჯიშისთვის საკუთარი სხეული კარგად უნდა შეისწავლოთ. მენტალური სიძლიერე ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური, ეს ყველაფერი კი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. კვებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ძილის საკითხი, რომელიც კუნთებს დასვენებაში და ძალების აღდგენაში ეხმარება. ყოველთვის ადრე დაძინება და დილით ადრე გაღვიძება მიწევს, განსაკუთრებით კი მატჩების დღეს.

იყავით დისციპლინირებულნი, მოტივირებულნი და რაც მთავარია, საკუთარი თავისადმი მომთხოვნი”.

კრიშტიანუ ნებისმიერი დამწყები სპორტსმენისთვის წარმატების, შრომისმოყვარეობის, პროფესიონალიზმისა და მოტივაციის იდეალური მაგალითია.