ოთხთა ფინალის საგზურები კვლავ ვაკანტურია

656

გუშინ ევროლიგაზე მორიგი საფლეიოფო შეხვედრები გაიმართა, სადაც ,,რეალმა“ დიდი ნაბიჯი გადადგა ოთხთა ფინალისკენ, ხოლო ,,ხიმკიმ“ სერიის გადარჩენის შანსები დაიბრუნა. მოსკოვში გამართული ორივე მატჩი ,,ცსკამ“ მძიმე ბრძოლაში მოიგო და ,,ხიმკის“ გუშინდელი წარმატება გასაკვირი სულაც არ გახლავთ. გეორგიოს ბარძოკასის გუნდმა მეტოქე 6 ქულით 79-73 დაამარცხა და სერიაში ანგარიშის სხვაობა შეამცირა 2-1.

,,ხიმკის“ წარმატების მთავარი შემოქმედი ორი კალათბურთელი ალექსეი შვედი და ენტონი გილი გახდნენ, რომლებიც 20 ქულიან ზღვარს გადაცდნენ და შეხვედრა შესაბამისად 27 და 22 ქულებით დაასრულეს. ,,ცსკას“ რიგებიდან კორი ჰიგინსი გამოირჩა, რომელმაც 26 ქულა მოაგროვა.

სერიაში დაწინაურების შემდეგ ბერძნული ,,პანათინაიკოსი“ უკვე მიჯრით მეორე მატჩში მარცხდება და მისი მეტოქე, რომელიც მადრიდის ,,რეალი“ გახლავთ ერთი მოგება რჩება იმისთვის, რომ ოთხთა ფინალის საგზური ოფიციალურად მოიპოვოს. სტატისტიკურად გუშინდელ შეხვედრაში ,,პაოს“ კალათბურთელები უფრო გამოირჩნენ, თუმცა ,,რეალმა“ გუნდური კარგი თამაშით იმარჯვა.

,,რეალის“ რიგებში მხოლოდ ჯეისი კეროლს ჰქონდა 10 ქულაზე მეტი, რომელმაც 17 ქულას მოუყარა თავი, ხოლო ,,პაოდან“ 26 ქულით თავი ნიკ კალატესმა დაგვამახსოვრა, მაგრამ ეს წარმატებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ,,რეალმა“ 81-74 მოიგო.

აქვე დავაანონსებ დღეს გასამართ მატჩებსაც

21:00 ,,ჟალგირისი” – ,,ოლიმპიაკოსი”

23:00 ,,ბასკონია” ,,ფენერბახჩე”