გაიცანი გულშემატკივარი: ალექს მამისაშვილი

1032

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი “ბარსელონას” ქომაგი ალექს მამისაშვილია.

– ზოგადად, საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი და თუ გახსოვს, რომელი იყო პირველი მატჩი, რომელსაც უყურე?
– – ჩემი ფეხბურთისადმი სიყვარული ადრეულ ასაკში დაიწყო, რაც მამაჩემის დამსახურებაა. ერთად ვუყურებით ხოლმე და დღემდე ასე გრძელდება… თუმცა ამჟამად მამა თამაშების დროს “თვალებსაც ასვენებს” ხოლმე. მალევე გამიტაცა ამ სპორტმა და ოცნებად მექცა ფეხბურთელობა (რომელიც ოცნებადვე დარჩა). ბუნდოვნად მახსოვს პირველი ნაბიჯები. პირველი გატაცება ზინედინ ზიდანი იყო, რომელიც იმ დროისთვის მადრიდის “რეალში” ასპარეზობდა. პირველ თამაშს კონკრეტულად ვერ ვიხსენებ… თუმცა ძალიან კარგად მახსოვს 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, რამაც ჩემი გემოვმების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

– რატომ “ბარსელონა”?
– სწორედ 2002 წელს, მუნდიალზე შევნიშნე ფეხბურთელი, ვის გამოც დღემდე “ლურჯ-ბროწეულისფერებს” ვქომაგობ. მადლობა მას ამისთვის. თითოეული წამისთვის, რომელიც ჩემს საყვარელ კლუბში გაატარა. ეს არ იყო ფეხბურთი, რასაც ის აკეთებდა, გაცილებით მეტი იყო… არასდროს მინანია ჩემი გადაწყვეტილებამ რომ მისი გადასვლის შემდეგ გავხდი “ბარსელონას” გულშემატკივარი. მის ღიმილიან სახეს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს გულში. მთავარი ფაქტორი, რის გამოც მე ეს გუნდი მახარებს, არის თამაშის სტილი, რომელსაც არასდროს ღალატობს და რომელიც მე ძალიან მომწონს.

– მიმდინარე სეზონით კმაყოფილი ხარ?
– მინდინარე სეზონით შეიძლება ითქვას, რომ კმაყოფილი ვარ – ჩვენ მოვიგეთ ლა ლიგა და ესპანეთის თასი. “რომასთან” მარცხი, რა თქმა უნდა, დიდი იმედგაცრუება იყო, თუმცა ეს ფეხბურთია და ყოველთვის ყველაფერს ვერ მოიგებ. მე ვამაყობ ჩემი ბიჭებით.

– ვალვერდეს მუშაობა თუ მოგწონს?
– ვალვერდეს რაც შეეხება… “ბარსელონა” ასოცირდება ბურთის ფლობასთან, ეს ყველამ ვიცით. ვალვერდე ზოგჯერ იხევს უკან, პრესინგისკენ არ მიუთითებს გუნდს და მეტოქეს აძლევს თამაშზე კონტროლის საშუალებას. ეს არ მომწონს მასში, თუმცა მისი “ბარსელონა” უფრო შეკრული გუნდია, ვიდრე მაგალითად, ლუის ენრიკესი. ჩემი აზრით, კიდევ 1 სეზონი მინიმუმ უნდა დარჩეს გუნდში… შემდეგ კი შედეგებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ.

– რას შეცვლიდი გუნდში?
– პირველ რიგში იმ ადამიანებს შევცვლიდი, რომლებიც თვლიდნენ, რომ ბოლო წლებში განხორციელებული ტრანსფერები გაამართლებდა და “ბარსელონას” სტილს მოერგებოდნენ აღნიშნული ფეხბურთელები. მინდა ფული დაიხარჯოს სწორად, ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. გუნდის ნახევარი უკვე საშუალო ასაკს გადაცდენილია, მათ ჩანაცვლება სჭირდებათ.

– როგორ აღწერ ფრანკ რაიკაარდისა და პეპ გუარდიოლას პერიოდის გუნდებს?
– რაიკაარდი იყო ადამიანი, რომელმაც გატეხა ნავსი და მოიგო ჩემპიონთა ლიგა. საოცარი ფეხბურთელები ჰყავდა, იმ გუნდის ყურება ერთი სიამოვნება იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც რონალდინიო შოუს სთავაზობდა აუდიტორიას. შემდეგ იყო პეპი… ჩემი აზრით, საუკეთესო გუნდი, რაც ოდესმე მინახავს. პერიოდი, რომლის გახსენებაზეც ტანში ჟრუანტელი მივლის. სერ ალექსმა თქვა 2011 წლის ფინალის წაგების შემდეგ: “ჩვენ დავმარცხდით მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან”. აღარაფერს დავამატებ.

– შენი ტოპ 3 “ბარსელონელი”…
– პუიოლი. გუნდის სული… ადამიანი მოტივაცია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია იმ ყველაფრისა, რასაც “ბარსელონამ” მიაღწია. ინიესტა – ადამიანი ელეგანტურობა, მისი თოთოეული მოძრაობა და ბურთთან შეხება ხელოვნებაა. “თუ არ იცი რა უქნა ბურთს, მიეცი ის ინიესტას”. მესი. მესი ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელია. ჩემი აზრით, რასაც ის ბურთთან ერთად აკეთებს… არასდროს, არავის შეეძლო და შეუძლია.

– სეზონის დასრულების შემდეგ ანდრეს ინიესტა გუნდს დატოვებს… რას ნიშნავს ეს კატალონიელთათვის?
– ჩემი აზრით, ინიესტა მხოლოდ კატალონიას არ დააკლდება, მის წასვლას მსოფლიო იგლოვებს… ზევითაც აღვნიშნე თუ რას ნიშნავდა ეს ფეხბურთელი ჩემთვის.

– სანაკრებო ფეხბურთში ვისკენ იხრება შენი სიმპათიები?
– ჩემი სიმპათიები სანაკრებო ფეხბურთში ბრაზილიისკენ იხრება. ვთვლი, რომ 2002 წლის მათი გუნდი, საუკეთესოა მათ შორის, რაც ოდესმე მინახავს.

– ვინ არის მუნდიალის მთავარი ფავორიტი?
– 2 გუნდს გამოვყოფ. ვფიქრობ, გერმანელებს შესწევთ ძალა დაიცვან ტიტული. ასევე ფავორიტად ჩავთვლი ბრაზილიას, რა თქმა უნდა თუ ნეიმარი მოასწრებს და ფორმაში ჩადგება. შემდეგ მოდიან საფრანგეთი და ბელგია. გამოგიტყდები და მინდა ბელგიელებმა წარმატებას მიაღწიონ – აზარი და დე ბრუინი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელები არიან.

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– ყველაზე მაგარი პასი… რა თქმა უნდა, ბუსკეცის პასი მესიზე, როდესაც ლეომ მადრიდში მეორე გოლი გაიტანა (კარგი, ვხუმრობ). ძალიან ბევრია, მაგრამ პირველი კაკას პასი გამახსენდა კრესპოზე, 2005 წლის ფინალში. გოლი უკვე ვთქვი. ლეოს გოლი რეალთან, 2011 წელი.

– შენი გემოვნებით ყველა დროის სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებისგან, ვინც გინახავს + მწვრთნელი…
– დავიწყოთ მეკარით – ბუფონი. დაცვის ცენტრი პუიოლი–ნესტას დუეტი. მარცხნივ მარსელო, მარჯვნივ დანი ალვეში. ნახევარდაცვა – ბუსკეტსი, ლამპარდი, ინიესტა, დავიდ სილვა. შემტევები – მესი და ანრი. მწვრთნელი – პეპ გუარდიოლა.