საოცარი ფიზიკა – ლეო მესი

1303

კრიშტიანუ რონალდუს არანორმალური ათლეტურობისა და გამძლეობის ფონზე, იჩრდილება ლეო მესის ფიზიკური მონაცემები და აქედან გამომდინარე, არსებობს მოსაზრება, რომ თითქოს, არგენტინელი სუსტია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს ასე არაა…

კონკრეტულად ფიტნესის კუთხით თუ მივუდგებით, შესაძლოა, მოცულობით მესის მხრის კუნთი კრიშტიანუზე დიდიც ჰქონდეს და ეს ნამდვილად არაა გამორიცხული – ნებისმიერი მცველისთვის ლეოს წინააღმდეგ მხრის ჩადგმა ერთი დიდი დაბრკოლებაა.

მესის ჰაბიტუსი პირდაპირ სისწრაფისკენ, დრიბლინგისკენაა მიმართული და როცა ასეთი სტილის მოთამაშე ხარ, ნამდვილად გჭირდება არგენტინელის მსგავსი კოორდინაცია, რომელიც სამაგალითოა.

ყველამ ვიცით, რომ ბავშვობაში მესის სიმაღლეში გაზრდასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და “ბარსელონაში” სპეციალურ ტაბლეტებსაც ასმევდნენ. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარეც დასაფასებელია, რომ შეიქმნა იდეალური პროდუქტი – SKILL–ები, გამძლეობა, ბალანსი და სისწრაფე.

ახლა: 1.70სმ, 67კგ, რაც ამ აღნაგობაზე იდეალური პროპორციებია.

ვარჯიშების სტილი

იგი ლეოს ყველასგან განსხვავებული აქვს. ძალაზე და გამძლეობაზე მეტად, აქცენტს კოორდინაციასა და მოძრაობის უნარებზე აკეთებს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ლეო მოედანზე საოცრად სწრაფად, ლაღად და მარტივად გადაადგილდება და წამის მეასედებში შეუძლია მანევრების ისე სწრაფად შეცვლა, რომ მცველმა ვერც მოასწროს “გადახარშვა”. ბევრი ყოფილა შემთხვევა, როცა მეტოქე უბურთოდაც მოუტყუებია. მესის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება – აფეთქებაა, რაც სწორედ მოძრაობის უნარებზე ვარჯიშებისგან მოდის.

მესის ყველაზე განვითარებული და ძლიერი კუნთები მხრები, კოჭები, მუხლები და თეძოებია, რაც მის დაგდებას ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის.

კვება

მესის ძირითადი რაციონი დიდი რაოდენობით წყალი, ზეითუნის ზეთი, უცხიმო პროდუქტები, ხილი და ბოსტნეულია.

ჯულიანო პოზერი, რომელიც 2014 წლიდან მესის პირადი დიეტოლოგია და რომელიც 2016 წელს დაახლოებით 3 ზედმეტი კილოგრამის მოკლებაში დაეხმარა, ამბობს: “ასევე კარგია თხილი და მცენარეული თესლი, რომელი 30 გრამ პროტეინს შეიცავს, მაგრამ ლეოს კატეგორიულად ვუკრძალავ შაქარს, რომელიც კუნთებისთვის მავნეა. რაც უფრო შორს იქნება შაქრისგან, მით უკეთესი მისთვის”.

ცნობილია ისიც, რომ არგენტინელს ძალიან უყვარს პიცა.

თამაშამდე ერთი დღით ადრე – მესი ძირითადად თევზს ან ქათმის ხორცს მიირთმევს.
მატჩამდე 6 საათით ადრე – კვერცხის პროტეინი.
საათნახევრით ადრე – ბანანის, ვაშლისა და მანგოსგან შემდგარი ხილის ასორტი.

საინტერესო ფაქტი: მას შემდეგ, რაც პოზერი მესის პირადი დიეტოლოგი გახდა, ლეომ 108 მატჩში 92 გოლი გაიტანა და რონალდუს ორწლიანი პაუზის შემდეგ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში აჯობა.

მესის ფიზიკა – რონალდუს ფიზიკა

ლეოსგან განსხვავებით, კრიშტიანუ თავიდანვე კარგი ჩონჩხითა და დრიბლიორისთვის დამახასიათებელი თვისებებით გახლდათ დაჯილდოებული, მაგრამ ამასთანავე, იგი 1.86სმ–ა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოკლე გარბენისთვის სიმძიმის დაბალ ცენტრთან შეგუება მოუწია, მესის კი სიმძიმის დაბალი ცენტრი და მანევრული მოძრაობა მემკვიდრეობით ერგო.

ზოგადად, ფეხბურთი კომპლექსური საკითხია და სპორტულ მედიცინაში მუდამ იქნება დავა ამა თუ იმ სპორტსმენის შესაძლებლობებზე, მაგრამ ერთი რამ ნათელია: გენეტიკურმა ფაქტორებმა და ბოძებულმა ნიჭმა უდიდესი როლი ითამაშა მესის, როგორც ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო დრიბლიორის ჩამოყალიბებაში.