გაიცანი გულშემატკივარი: თაზო ჩარკვიანი

509

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი – “რეალის” გულშემატკივარი, მუსიკალური გვარის პატრონი თაზო ჩარკვიანი.

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი და თუ გახსოვს რომელი იყო პირველი მატჩი, რომელსაც უყურე?

– ეს დიდწილად ჩემი დის დამსახურებაა, რომელიც ფეხბურთს უყურებდა და ამაში პატარაობიდანვე ჩამითრია. მახსოვს საფეხბურთო ვიდეოები, რომლებსაც ყოველდღე ვუყურებდი, სწორედ მაშინ გახდა ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. პირველი მატჩი ზუსტად არ მახსოვს. სავარაუდოდ, რომელიმე “ელ კლასიკო” იქნებოდა.

– რატომ “რეალი”?
– ესეც ჩემი დის დამსახურებაა. 6-7 წლიდან ლეგენდარული “გალაქტიკოსის” ვიდეოებზე გავიზარდე და ამან იქონია უდიდესი გავლენა, რომ უკვე 10 წელია მადრიდის “რეალს” ვგულშემატკივრობ.

– როგორი გრძნობაა უქომაგო გუნდს, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა?
– ზედიზედ 2 და ბოლო 4 წელიწადში 3 ლიგა ძალიან მაგარი შეგრძნებაა. უფრო მაგარი იქნება თუ წელს მეცამეტესაც მოვიგებთ.

– მიმდინარე სეზონით კმაყოფილი ხარ?
– მიმდინარე სეზონი უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. “რეალი” ნაადრევად ჩამოშორდა ლა ლიგისთვის ბრძოლას და “კოპა დელ რეიდანაც” მოულოდნელად გამოვარდა. ამ სეზონის ავ–კარგობა 1+1 მატჩზეა დამოკიდებული. თუ ფინალში გავედით და კიევში ზედიზედ მესამე თასი აღვმართეთ, მაშინ სეზონი ასე თუ ისე წარმატებულად ჩაითვლება.

– როგორ ახსნი გუნდში ზიდანის ფაქტორს?
– ზიდანის ფაქტორი გუნდში უდიდესია. ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გასახდელის მართვა ძალიან რთულია. მარტივად არის შესაძლებელი სადავეები გაგექცეს ხელიდან. აგერ უკვე მესამე წელია “რეალი” საკმაოდ შეთამაშებული გუნდია და ამაში ზიზუს დამსახურება ძალიან დიდია.

– შენი აზრით, ვინ არის გუნდის მთავარი ხერხემალი?
– რა თქმა უნდა, გუნდის ლიდერები რამოსი, მარსელო, მოდრიჩი, კროოსი, რონალდუ არიან, მაგრამ არ შეიძლება ამ მოთამაშის დავიწყება, რადგან ვთვლი, რომ მისი დიდი დამსახურებაა “რეალის” ბოლო წლების წარმატებები. საუბარი მაქვს კაზემიროზე, რომელიც საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე უდიდეს სამუშაოს ასრულებს. მაკელელეს შემდეგ “რეალს” ამ პოზიციაზე ყოველთვის ჰქონდა პრობლემა, რაც უტიტულო სეზონებს იწვევდა, ბრაზილიელმა კი ეს პრობლემა მარტივად მოაგვარა.

– რას შეცვლიდი გუნდში?
– გუნდში აშკარად არის მეკარის პრობლემა და ზაფხულში პერესი ამ საკითხზე იმუშავებს. ნომერ პირველი კანდიდატი, რა თქმა უნდა, დავიდ დე ხეაა. ასევე სავარაუდოა, რომ შეტევის ხაზშიც იქნება ცვლილებები.

– შენთვის ყველა დროის ტოპ 3 “რეალელი”…
– ყველაზე რთული კითხვა. “რეალის” ისტორიაში მხოლოდ 3 ფეხბურთელის გამოყოფა ურთულესი ამბავია, დაწყებული 50-იანებიდან, დამთავრებული დღემდე. ჩემს სამეულში ალბათ ზიდანი, რონალდუ და რაული მოხვდებიან, თუმცა ეს ტრიო პირობითია და მას რამდენიმე ლეგენდას კიდევ დავამატებდი.

– სანაკრებო ფეხბურთში ვისკენ იხრება შენი სიმპათიები?
– სანაკრებო ფეხბურთში ესპანეთის ნაკრების გულშემატკივარი ვარ. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ამ გუნდმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა და მას შემდეგ “ფურია როხას” ვგულშემატკივრობ.

– ვის მიიჩნევ მუნდიალის ფავორიტად?
– ისევე როგორც ყველა მუნდიალზე, ამ შემთხვევაშიც ერთი გუნდის დასახელება არ იქნება ლოგიკური. რა თქმა უნდა, ტიტულის დაცვას შეეცდება გერმანია. ძალიან კარგი გუნდი ჰყავს ბრაზილიას და თუ ყველა ფეხბურთელი ტურნირს ჯანმრთელად შეხვდა მგონია, რომ საპრიზო ადგილზე “სელესაო” გავა. ასევე ესპანეთი, საფრანგეთი და ლეო მესი. როგორც გუნდი, არგენტინა არ მიმაჩნია ფავორიტად.

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– გუტის ქუსლით პასი ქარიმ ბენზემას მისამართით “დეპორტივოსთან” და ზოგადად, პასის ამ ფეხბურთელს პასის საოცარი კულტურა ჰქონდა. რაც შეეხება გოლს, შეიძლება, საოცარი სილამაზის არ იყო, მაგრამ ჩემთვის და “რეალის” ბევრი გულშემატკივრისთვის ის ბურთი იყო ყველაზე ლამაზიც, ყველაზე მაგარიც და ყველაზე ყველაფერიც. ალბათ მიხვდით, რომ საუბარი მაქვს რამოსის 92:48-ზე.

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებისგან, ვინც გინახავს + მწვრთნელი…
– კასილასი; რამოსი, ნესტა, მალდინი; სქოულზი, პირლო, ზიდანი, ინიესტა; მესი, რონალდუ, რონალდო. მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი.