ქართველ მოჭიდავეთა 6 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

387

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი 6 მედლითა და გუნდური მე-2 ადგილით დაასრულა, რაც ჩინებული შედეგია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ტურნირზე, გუშინ, ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (87 კგ.) გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) და იაკობ ქაჯაია (130 კგ.) დაეუფლნენ.

საქართველოს ნაკრებს ტემპი არც დღეს დაუგდია და მონაგარს ისევ 3 მედალი შემატა. ევროპირველობის ვიცეჩემპიონი ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (67 კგ.) გახდა, დათო ჩხარტიშვილი (60 კგ.) და იური ლომაძე (72 კგ.) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემ ფინალამდე გზიდან თურქი ენეს ბასარი (6:0), ლიტველი ედგარას ვენცკაიტისი (2:0) და დანიელი ფრედრიკ ბიერეჰუუსი (5:0) ჩამოიცილა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუს არტიომ სურკოვთან ვერაფერი გააწყო – 0:8.

ჩხარტიშვილმა პირველ წრეში პოლონელ მიხალ ტრაჩს 10:1 სძლია, მერვედფინალში სომეხ არმენ მელიკიანს 12:4 მოუგო, ნახევარფინალში კი მომავალ ჩემპიონ – რუს სერგეი ემელინთან 0:5 დამარცხდა. მე-3 ადგილისთვის შერკინებაში დათო გერმანელ ეტიენ კინსინგერს გაეჯიბრა და 1:1-ზე, ბოლო აღებული ქულის ხარჯზე გამარჯება იზეიმა.

ძალიან სანახაობრივად იჭიდავა ლომაძემ. ქართველმა ფალავანმა კვალიფიკაციაში რუმინელ ილიე გოიოკარის აჯობა – 7:3, მერვედფინალში ფინელ ტონი ოიალას გაუსწორდა – 16:6, მეოთხედფინალში სერბ ალეკსანდარ მაკსიმოვიჩს 5:0 მოუგო, ნახევარფინალი კი აზერბაიჯანელ რასულ ჩუნაევთან დათმო – 3:11.

ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში ქართველი მოჭიდავის მეტოქე მოლდოველი დანიელ კატარაგა გახლდათ და ჩვენებურმა ქომაგს ილეთების ნამდვილი კასკადი შესთავაზა. საბოლოოდ, იურიმ 15:6 მოიგო და კვარცხლბეკზე სრულიად დამსახურებულად ავიდა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში 127 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა. პირველი პოზიცია მასპინძელ რუსეთს (169 ქულა) ერგო, მესამეზე კი აზერბაიჯანი (113) გავიდა.

წყარო: adjarasport.com