გაიცანი გულშემატკივარი: ნინო გვიმრაძე

616

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი ტურინის “იუვენტუსის” ქომაგი ნინო გვიმრაძე გახლავთ.

– ზოგადად, საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი და თუ გახსოვს, რომელი იყო პირველი მატჩი, რომელსაც უყურე?
– ფეხბურთი საკმაოდ ადრეულ ასაკში შემიყვარდა, რადგან მამაჩემი “დინამოს” თავგადაკლული ქომაგი იყო და სახლში ატმოსფერო ფრიად საფეხბურთო იყო… პირველი მატჩი და ფეხბურთის სიყვარული ერთდროულად მოვიდა – ეს იყო 1981 წლის 13 მაისი.
 

– რატომ “იუვენტუსი”?
– მუნდიალზე პლატინის ბრწყინვალე ასპარეზობის მერე, როცა იგი “იუვეში” გადავიდა, ჩემთვისაც მაშინ დაიწყო “შავ–თეთრი” ისტორია.
 

– მიმდინარე სეზონით კმაყოფილი ხარ?
– წლევანდელი “იუვე” ცოტა მძიმეა. გუნდი რადარის გარეშე – როგორც მას მაურიციო სარიმ უწოდა. შეუძლია წაგების ტოლფასი ფრე ითამაშოს “კროტონესთან”, “სპალთან” და შემდეგ “ბერნაბეუზე” “რეალს” მოუგოს… ზოგიერთი წამყვანი მოთამაშე არაა ჩვეულ ფორმაში, გუნდში იყო აურაცხელი რაოდენობის ტრავმა, სრულად ახლაც არაა გუნდი – ეს, ცხადია, გასათვალისწინებელია.
 

– რას შეცვლიდი გუნდში?
– გუნდს სჭირდება გარკვეული გადახალისება. პირველ რიგში, კალდარა-სპინაცოლას დაბრუნება უნდა მოხდეს ტურინში, “იუვემ” უნდა შეინარჩუნოს დიბალა და არგენტინელსა და ბერნარდესკის ირგვლივ ააგოს მომავალი. თუ ამ ყველაფრის წარმართვას ალეგრი იკისრებს, მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. “ალენატორეს” ირგვლივ დიდი მითქმა–მოთქმაა გულშემატკივრებში, მაგრამ თუ ხელმძღვანელობამ არ მოიყვანა ტოპ კლასის მწვრთნელი, ალეგრის გუნდიდან წასვლის წინააღმდეგი ვარ.
 

– როგორ ფიქრობ, რა მოხდა კარდიფში?
– ალბათ ის, რომ “რეალის” შუახაზმა დაჩაგრა მეტოქე. სხვას ვერაფერს ვიტყვი.
– შენი საყვარელი ფორმაციის “იუვე”?
– 1996 წელი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

 

– ტოპ 3 “იუვენტუსელი”…
– პლატინი, დელ პიერო, ბუფონი.
 

– რას დააბრალებდი შვედეთთან ფლეი–ოფიდან გამოვარდნას?
– ცხადია, მთავარ მწვრთნელს!
 

– ვის მიიჩნევ მუნდიალის ფავორიტად?
– გერმანიას და ბრაზილიას.
 

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– ვან ბასტენის გოლი საბჭოთა კავშირის კარში; ვან პერსის “გაფრენა” ესპანეთთან, მაგრამ ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მაინც დელ პიეროს ბურთია გერმანელთა კარში.
 

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებისგან, ვინც გინახავს + მწვრთნელი…
– ჯიჯი – ძამბროტა, ნესტა, კანავარო, მალდინი – პირლო, დავიდსი, პლატინი – დელ პიერო, ბაჯო, ინძაგი. მწვრთნელი მარჩელო ლიპი.