ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

538

რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 61, 74, 86, 92 და 125 კგ წონით კატეგორიებში მონაწილეთა ნახევარფინალური ბლოკი გაიმართა. ოთხი ქართველიდან ორი ფინალში გავიდა, ორიც ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

გაგვახარა ბექა ლომთაძემ (61), რომელმაც ძალიან ძლიერ მეტოქეს, აზერბაიჯანელ ჰაზან ზადას პირველივე პერიოდში მოუთავა საქმე – 12:0 და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მასპინძელი ჰაჯიმურად რაშიდოვი იქნება. ფინალში რუსი ფავორიტია, მაგრამ უშანსოდ არც ქართველი ფალავანი იქნება.

სანდრო ამინაშვილი (86) აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.

წააგო ირაკლი მწითურმაც (92), მას მას რუსმა აბდულრაშიდ სადულაევმა მოუგო, მწითურმა მეტოქეს მხოლოდ ორი ქულა აართვა.

მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125) ძალიან იოლად გაუმკლავდა პოლონელ რობერტ ბარანს – 10:0. გენო ფინალშია, სადაც მას მრისხანე მეტოქე თურქი ტაჰა აკგული ელის, სწორედ ის, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატზე პარიზში ფინალში მოუგო.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ მოჭიდავეთა ფინალური ბლოკი ხვალ გაიმართება, ჭიდაობები 19 საათიდან დაიწყება.

წყარო: popsport.com