მშვიდად განისვენე, ჩემპიონო!

7321

უბედურმა შემთხვევამ ჩვენ მცირერიცხოვან ერს კიდევ ერთი წარმატებული სპორტსმენი წაართვა – მეგობრებთან ერთად ნადირობისას პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი, 26 წლის გიგა ტყემალაძე ხედოვის ხეობაში ხევში ჩავარდა. ცხედარი გუშინ მაშველებმა ამოიყვანეს.

2014 წელს გიგამ 93+ წონით კატეგორიაში იტალიური კლუბის WFS და საქართველოს სახელით MMA–ს მსოფლიო ჩემპიონის ქამარი დაიმსახურა. ქართველმა სპორტსმენმა ბელგიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და მსოფლიო ნაკრებში მიიწვიეს და ამით პირველი ქართველი გახდა. ამ ნაკრებთან ერთად რუსეთში, ქალაქ ხანტა მასინსკში მასპინძელთა ეროვნულ ნაკრებთან 2:5 დამარცხდა, მაგრამ ტყემალაძემ პირადი ორთაბრძოლა მოიგო.

გიგასთვის ყველაზე წარმატებული 2013 წელი გახლდათ, როცა საერთაშორისო ტურნირი ერთხელ, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატი გრეფლინგსა და შერეულ ორთაბრძოლებში ორჯერ მოიგო. 2009 წელს მსოფლიო თასის, ხოლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

სამწუხაროდ, მას პირადად არ ვიცნობდი, თუმცა ეს ამ შემთხვევაში უარესიც იქნებოდა, რადგან გული ორმაგად დამწყდებოდა. ჩემი მეგობრის და სპარინგ–პარტნიორის, კრივში საქართველოს 3–გზის ჩემპიონ ბაჩო ბოჭორიშვილისგან ვიცოდი, რომ ძალიან ნიჭიერი და წარმატებული სპორტსმენი იყო. იგი ამერიკაში მოღვაწეობდა და სამშობლოსაც ხშირად სტუმრობდა.

2014 წელს სწორედ ნადირობის დროს უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გურამ გუგენიშვილი, რომელსაც ჩემი ამჟამინდელი მწვრთნელი, ლეგენდარული იოსებ კობერიძე ავარჯიშებდა.

გიგას ჩემპიონის სტატუსი სამუდამოდ მიენიჭა. მშვიდად განისვენე, ჩემპიონო!