გაიცანი გულშემატკივარი: მაგდა კლდიაშვილი

630

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი “რომას” ქომაგი, სპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი გახლავთ – “რომასი”, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე მეორე სასწაულამდე ცოტა დააკლდა.

– ზოგადად, საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი და თუ გახსოვს, რომელი იყო პირველი მატჩი, რომელსაც უყურე?
–  ჩემი პირველი თამაში იყო 1994 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე, იტალია-ბრაზილია, სადაც 11-მეტრიანებში ბაჯომ ააცილა და იტალიამ წააგო. მაშინ 8 წლის ვიყავი და იმ შეხვედრაში ბაჯო შემძულდა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ტიფოზი გავმხდარიყავი და იტალიის ნაკრებისთვის მექომაგა და ამის შემდეგ იტალიის გულშემატკივარი ვარ.

– რატომ “რომა”?
– ფრანჩესკო ტოტი.

– მიმდინარე სეზონით კმაყოფილი ხარ?
– რაც “რომას” გულშემატკივარი ვარ, ასეთი სეზონი არ გვქონია. ევროსარბიელს ვგულისხმობ. რამდენიმე ისეთი თამაში იყო, რომელიც დავიწყებული მაქვს. როდესაც “ბარსელონა” შეგვხვდა 1/4 ფინალში, დავწერე, რომ ერთხელ სასწაული ჩვენთანაც უნდა მომხდარიყო და ზუსტად ვიცოდი, მჯეროდა “რომა” ამას მოახერხებდა. “ლივერპულთან” მსაჯებს რომ უკეთ ემოქმედათ, დღეს “რომა” ლიგის ფინალში იქნებოდა, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან ამაყი და კმაყოფილი ვარ ამ სეზონით.

– როგორი გრძნობაა, როცა “ბარსელონასთან” სამბურთიან ჰანდიკაპს აბათილებ?
– როგორი გრძნობაა და დაფრინავ. ვერ ვიძინებდი სიხარულისგან. ვუყურებდი მთელი ღამე რა ხდებოდა რომის ქუჩებში და ის მომენტია, როცა გინდა იმ ზეიმის მონაწილე იყო.

– როგორ ფიქრობ, რა დააკლდა “რომას” კიდევ ერთი სასწაულისთვის?
– ობიექტური მსაჯობა!

– რას შეცვლიდი გუნდში?
– ტოტის არ შევცვლიდი. ის “რომაა”… გუნდი მის გარეშე წარმოუდგენელია!

– რას იტყოდი ალისონ ბეკერზე, რომელმაც “რომაში” პირველი სრულფასონი სეზონი ჩაატარა და თანაც, საკმაოდ შთამბეჭდავად…
– რაც “რომას” ვგულშემატკივრობ, სულ ვამბობდი, რომ რაც გვაკლდა ყოველთვის, კარგი მეკარე იყო. ალისონი ფანტასტიური მეკარეა, ძალიან გააძლიერა “რომა” და იმედია, პალოტა თავის სიტყვას შეასრულებს და არ გაყიდიან ალისონს.

– ვინ არის შენი ტოპ 3 რომაელი?
– ტოტი, დე როსი და რაჯა ნაინგოლანი, რომელიც გუნდს ძალიან მოუხდა.

– ვინ მიგაჩნია მუნდიალის ფავორიტად?
– სიმართლე გითხრა, ეს მუნდიალი არ მაინტერესებს, რადგან იტალია არ თამაშობს. ამიტომ ვიქნები კუპერის ეგვიპტისკენ (იცინის).

– ყველაზე მაგარი პასი და გოლი, რაც გინახავს…
– საუკეთესო გოლი 2003 წელა კოპა იტალიის ფინალში ტოტის საჯარიმოთი გატანილი გოლი. ბევრია, რომლის გახსენებაც შემიძლია. იმავე ჩესკოს გოლი 2015 წელს “ლაციოს” კარში და შემდეგ მისი ცნობილი “სელფი”. საგოლე გადაცემა ახლა უცებ არ მახსენდება.

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებით, ვისაც მოსწრებიხარ + მწვრთნელი…
– იტალიის ნაკრების 2006 წლის შემადგენლობა, რომელთაც მუნდიალი მოიგეს. ეს საოცნებო გუნდი იყო. მწვრთნელი შესაბამისად, მარჩელო ლიპი.