ისტორია დაიწერა!

718

ვასილი ლომაჩენკომ ნიუ–იორკში ხორხე ლინარესის დამარცხების შემდეგ კრივის ისტორია დაწერა – უკრაინელმა თავისი მე–12 პროფესიონალური ბრძოლის შემდეგ უკვე მესამე წონითი კატეგორიის ქამარი მოიპოვა!

როგორც მოსალოდნელი იყო, ბრძოლა ძალზე სანახაობრივი და დაძაბული გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ მე–6 რაუნდში ლინარესმა მარჯვენა პირდაპირით უკრაინელი ნოკ–დაუნში გაუშვა, მაგრამ “ლომამ” მალევე მოახერხა მობილიზება.

საბოლოოდ, ლომაჩენკომ გამარჯვება მე–10 რაუნდში კორპუსში ძლიერი დარტყმის შედეგად იზეიმა.

“ეს იყო ურთულესი ბრძოლა. დიდი მადლობა ლინარესს, რომელმაც კრივის გაკვეთილი ჩამიტარა. უდიდესი სპორტსმენია და პატივისცემა ჩემგან. ჩემი მწვრთნელი, მამაჩემი მეუბნებოდა, რომ კორპუსში უნდა მემუშავა და აი, შედეგიც” – თქვა გამარჯვებულმა მატჩის შემდეგ.

რაც შეეხება დამარცხებულ ლინარესს, მისი სიტყვებით, იგი რევანშისთვის მზადაა. საინტერესოა ისიც, რომ ეს ვენესუელელი სპორტსმენისთვის 2012 წლის 12 მარტის შემდეგ პირველი მარცხია.