გაიცანი გულშემატკივარი: გივი სირბილაძე

552

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი “ბარსელონას” ქომაგი გივი სირბილაძეა.

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი და თუ გახსოვს რომელი იყო პირველი მატჩი, რომელსაც უყურე?
– ფეხბურთმა დამაინტერესა დაახლოებით 2007 წელს. ზუსტად კონკრეტულ თამაშს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა იყო და პირველად შევხედე მაშინ ფეხბურთს.
“ბარსელონა” ნამდვილად არ თამაშობდა. შემდეგ რამდენიმე თვეში ნელ-ნელა დავიწყე ცოტა აქტიურად ყურებაც და აი, 2009 წელს უკვე “ბარსას” გამოსვლები ვნახე ლიგაზე და “მანჩესტერთან” ჩატარებული საოცარი ფინალის შემდეგ ამ გუნდის ქომაგი ვარ.

– რატომ “ბარსელონა”?
– ლამაზი კომბინაციები და ულამაზესი პასები. 2009–ში ე.წ. “ტიკი–ტაკა” უკვე დანერგილი იყო, მაგრამ რაც 2010/11 წლების სეზონში ვნახე, საოცრება იყო. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ბურთით რასაც უნდოდათ, იმას გააკეთებდნენ.

– მიმდინარე სეზონით კმაყოფილი ხარ?
– შეიძლება ითქვას, რომ 2 დღის წინ უფრო კმაყოფილი ვიყავი, რადგან “რეალთან” ნათამაშები ფრის შემდეგ აღარ მეგონა, რომ “ოქროს ლა ლიგას” ვეღარ მოვიგებდით, მაგრამ სამწუხაროდ, “ლევანტემ” ოცნებები დაამსხვრია. საბოლოო ჯამში, ნორმალური სეზონი გამოვიდა, მაგრამ ეს “ბარსაა” და ამიტომაც, მისგან მაქსიმუმს ველი.

– როგორ ფიქრობ, რა მოხდა რომში?
– მეტოქის დაუფასებლობა, რის გამოც დაისაჯა კიდეც გუნდი. ამ წყვილში კატალონიელები ისედაც ფავორიტები იყვნენ და თან, პირველი მატჩის შემდეგ სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ “რომამ” დამსახურებულად შეძლო ეს სასწაული და ბრავო მათ!

– რას იტყოდი მარკ–ანდრე ტერ შტეგენზე?
– მხოლოდ დადებითს. სულ აღვნიშნავ იმას, რომ გერმანელებს საუკეთესო სამეკარეო სკოლა აქვთ, ამის კიდევ ერთი დასტურია მარკი. ყველამ ვიცით, რა დონის გოლკიპერია მანუელ ნოიერი და როგორც მესი–მარადონაში ნახულობენ საერთო ხელწერას, ისე ვამსგავსებ ამ ორ მეკარეს. დიდი ალბათობით, ყველაზე დიდი გამოცდა წელს ელის, რადგან ნოიერის ტრავმიდან გამომდინარე ისეთი პირი უჩანს, რომ მუნდიალზე გერმანელთა კარს სწორედ შტეგენი დაიცავს.

– რას შეცვლიდი გუნდში?
– პირველ რიგში მწვრთნელს. ანუ, არ ვარ ვალვერდეს მიმართ უარყოფითად განწყობილი, მაგრამ დიეგო სიმეონე ჩემი საყვარელი მწვრთნელია და მინდა, “ბარსელონა” ჩაიბაროს. ადამიანი, რომელმაც “ატლეტიკო” მსოფლიო საფეხბურთო ელიტაში დააბრუნა, თანაც მწირი რესურსით. 2014 წელს “რეალს” და “ბარსას” ჩემპიონატში ოქროს მედლები მოიპოვა, რაც უდიდესი მიღწევაა. ეს კაცი ნამდვილად გენიოსია და ვფიქრობ, “ბარსაში” საუკეთესო შედეგს დადებდა.

– ნეიმარზე რა აზრის ხარ?
– ვინც არ მიცნობს, ყველას გაუკვირდება, იმ ამბების მერე როგორ ხარ დადებითად განწყობილიო, მაგრამ ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ფეხბურთელია. ვფიქრობ, მას ახალი გამოწვევები სჭირდებოდა და მისი ოცნება “რეალია”, პსჟ კი უბრალოდ ერთ–ერთ იარაღად გამოიყენა. “რეალში” რომც მივიდეს, თავის დროზე “ფენომენომ” რა გააკეთა განსხვავებული?! მაგრამ მგონი არავინ შეიძულა. სხვა მხრივ კი, ტიპიური ბრაზილიელია – უნიკალური ტექნიკა, სისწრაფე, პასის კულტურა. დიდი სიამოვნებით დავაბრუნებდი “ბარსაში”.

– შენთვის 3 ფავორიტი კატალონიელი?
– მესი – ყველა დროის საუკეთესო; ინიესტა – ჯადოქარი; ვილა – გოლების მანქანა, ლეგენდა.

– სანაკრებო ფეხბურთში ვისკენ იხრება შენი სიმპათიები?
– ზოგადად, ესპანეთის ნაკრებს ვგულშემატკივრობ, მაგრამ იმდენად მინდა ლეოს თასი, რომ წელს “ფურია როხას” ვღალატობ.

– ვის მიიჩნევ მუნდიალის ფავორიტად?
– ალბათ მაინც ბრაზილიას. სათანადო ფეხბურთელებიც ჰყავთ და თან, ტიტემ გუნდს დისციპლინა აუმაღლა. ასე დავალაგებდი: ფორმით – ბრაზილია; მოტივაციით – არგენტინა; გამოცდილება – გერმანია, ესპანეთი. რაც შეეხება საფრანგეთს, მგონია გადამატებულ შედეგებს ელიან.

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– გუნდური გოლი უდავოდ “არსენალის” ბურთი “ნორვიჩის” კარში, გენიალური კომბინაცია იყო. ინდივიდუალური გოლი – ლეოს შესრულება “ხეტაფეს” წინააღმდეგ. პასი – დევიდ ბექჰემის გენიალური გრძელი გადაცემა რონალდოს მისამართით.

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებისგან, ვისაც მოსწრებიხარ + მწვრთნელი…
– იკერი – ლამი, რამოსი, ჰუმელსი, მარსელო – ლამპარდი, ჩავი, ინიესტა – ნეიმარი, მესი, კრიშტიანუ. მწვრთნელი – დიეგო სიმეონე.